ამ საზარელსახიან ობობას ყურები არ აქვს, მაგრამ მაინც ესმის
ორკების მაგვარი სახის მქონე ობობებს, დეინოპიდებს, ეს სახელი თავიანთი მასიური თვალების გამო შეარქვეს. ისინი დღისით იმალებიან, ღამით კი, ფლორიდას პალმის ხეებიდან ეშვებიან და მსხვერპლს მიწაზეც და ჰაერშიც საკმაოდ მოხერხებულად იჭერენ. გარდა იმისა, რომ ისინი საოცრად კარგად ხედავენ ღამით, ჟურნალ Current Biology-ში 29 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მათ ასევე კარგად შეუძლიათ როგორც მსხვერპლის, ასევე მტაცებლის ხმის გაგება. ვინაიდან მათ არ აქვთ ყურები, ობობები ბგერების აღსაქმელად სხეულზე განლაგებულ ბალანსა და ფეხის სახსრების რეცეპტორებს იყენებენ. ამ გზით ისინი სხვადასხვა სიხშირის ბგერებს 2 მეტრის სიშორიდანაც კი აღიქვამენ. რაც მთავარია, მათ როგორც დაბალი, ასევე მაღალი სიხშირის ბგერების გაგება შეუძლიათ, რისი დახმარებითაც ისინი წარმატებულ მონადირეებსა და ძნელად მოსახელთებელ მსხვერპლს წარმოადგენენ.
"მეცნიერებს სჯერათ, რომ ვინაიდან ობობებს წებოვანი ქსელი აქვთ, ნადავლის დასაჭერად ისინი მხოლოდ ახლო ვიბრაციებს შეიგრძნობენ, მე კი ვფიქრობ, რომ მათ სმენის უნარიც აქვთ", — ამბობს კვლევის ავტორი და კორნელის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიისა და ბიოჰევიორიზმის პროფესორი, რონ ჰოი. "ვიბრაციების აღქმა ხდება მხოლოდ მიწიდან, ან ან ქსელზე უშუალო შეხების შედეგად. მაგრამ ჰაერში არსებული ბგერითი ტალღების აღქმა მათი სმენის უნარზე მიანიშნებს, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით ისინი ხმას არა ყურებით, არამედ სპეციალური რეცეპტორებით აღიქვამენ", — განაცხადა ჰოიმ.
ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ისხდნენ და ელოდონ, როდის ჩავარდება მსხვერპლი მათ ბადეში, ობობები თავიანთ ქსელს იარაღად იყენებენ და ასე ესხმიან მწერებს თავს. მას შემდეგ, რაც მთელ დღეს პალმის ფოთლებში გაშეშებულ მდგომარეობაში ატარებენ, ეს ობობები ღამით გამოდიან, დაბლა ეშვებიან და თავიანთ ბადეს მწერებს უმიზნებენ, რომლებიც ვერც კი ხვდებიან, რომ შეიძლება საფრთხე იქიდან დაატყდეთ თავს, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდებიან. დეინოპიდები მიწაზე მსხვერპლის დასაჭერად ღამის მხედველობას იყენებენ, ჰაერში კი ისინი ქორეოგრაფიულად საკმაოდ საინტერესო მოძრაობებს ახორციელებენ და ასე ესხმიან თავს მფრინავ მწერებს. ამას კი ისინი არა ხედვის, არამედ სმენის დახმარებით ახერხებენ. [იხილეთ ვიდეო]
"წინა კვლევებში ამ ობობების თვალებზე სტომატოლოგიური სილიკონი მოვათავსეს ისე, რომ მათ ვეღარაფერი დაენახათ. აღმოჩნდა, რომ როდესაც ისინი უკან, ბუნებაში დავაბრუნე, დეინოპიდები მიწაზე ვეღარ ნადირობდნენ, თუმცა ჰაერში ისეთივე წარმატებით იჭერდნენ მსხვერპლს. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი სხვა რეცეპტორულ სისტემასაც იყენებდნენ მფრინავი მწერების დასაჭერად", — ამბობს კვლევის თანაავტორი ჯაი სტაფსტრომი, მკვლევარი ჰოის ლაბორატორიაში.
გარდა იმისა, რომ რომ ობობებს სმენის უნარი აქვთ, ეს კვლევა იმაზეც მიანიშნებს, თუ რამდენად კარგად ესმით მათ. სხვადასხვა სიხშირის ბგერებზე ობობების რეაქციის დაკვირვებით და მათ ტვინსა და ფეხებში განლაგებული ელექტროდების საშუალებით მათი საპასუხო ნეირონული აქტივობის შესწავლით, მკვლევართა გუნდმა განსაზღვრა, რომ დეინოპიდებს შეუძლიათ 10 კილოჰერცი სიხშირის ბგერების აღქმა, ეს კი ბევრად აღემატება მოსეირნე ან მფრინავი მწერის მიერ გამოცემული ბგერების სიხშირეს.
"როდესაც დაბალი სიხშირის ბგერები ჩავრთე, გარკვეული მანძილიდანაც კი, ისინი ისე გააქტიურდნენ, თითქოს მწერზე სანადიროდ ემზადებოდნენ, თუმცა მაღალ სიხშირეებს იგივე რეაქცია არ მოჰყოლია. ის ფაქტი, რომ მათთვის ბგერების გადაცემა შორიდანაც შეგვიძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექსპერიმენტის ფარგლებში მათ არ მივუახლოვდით ისეთ მანძილზე, რა მანძილიდანაც ისინი ვიბრაციების აღქმას შეძლებდნენ, ეს კი აშკარად მიანიშნებს ობობების სმენის უნარზე".
მაღალი სიხშირის ბგერების აღქმა შეიძლება მათ ნადირობაში არ დაეხმაროთ, მაგრამ სამაგიეროდ, მათი საშუალებით ისინი ფხიზლად იქნებიან და მტაცებლებთან მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ.
"ჩვენ უკვე შესწავლილი გვაქვს ცხოველების საპასუხო რეაქცია მაშინ, როდესაც ისინი საფრთხეს გრძნობენ: ბრძოლა ან გაქცევა. ასეთ დროს საპასუხო რეაქცია უხერხემლოებსაც ახასიათებთ, თუმცა მათ შემთვევაში ეს რეაქცია ადგილზე გაშეშებაში გამოიხატება. დეინოპიდებიც არ წარმოადგენენ გამონაკლისს. დღისით მათი ნერვული სისტემა ძილის მდგომარეობაშია, მაგრამ როგორც კი ისინი ბგერებს "გაიგებენ", მათი ნერვ-კუნთოვანი სისტემა აქტიურდება. ეს სელექციური სისტემაა, რომელიც სხვადასხვა სიხშირის ბგერებზე განსხვავებულად რეაგირებს", — ამბობს ჰოი.
ამ ეტაპზე, მეცნიერებს უკვე ის აინტერესებთ, შეუძლიათ თუ არა ობობებს იმის აღქმა, თუ რომელი მიმართულებიდან მოდის ბგერები. თუ დეინოპიდებს "მიმართულებითი" სმენაც განვითარებული აქვთ, ეს მათი აკრობატული ნადირობის სტილის ახსნაშიც დაეხმარება მეცნიერებს.
"ამ აღმოჩენაში ყველაზე საოცარი ისაა, რომ მფრინავი მწერის დასაჭერად დეინოპიდები ერთდროულად უნდა მობრუნდნენ სანახევროდ უკან და ბადე გადააგდონ მსხვერპლის მიმართულებით", — ამბობს ჰოი. "მიმართულებითი სმენის უნარი ყველა ცხოველში მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი საინტერესო რამის სწავლა მოგვიწევს ობობების ამ საოცარ სახეობაზე".
კომენტარები