COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის ტრანსფუზიით მიღებული სარგებელი მცირეა, იუწყება აკადემიურ გამოცემაში BMJ ახლახანს გამოქვეყნებული კვლევა. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიდგომა სიცოცხლის გადარჩენასა და მიმდინარე დაავადების სიმწვავის შემცირებაში უმნიშვნელო როლს თამაშობს. დიდ ბრიტანეთში ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია. მიუხედავად სამეცნიერო მტკიცებულებების სიმწირისა, გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის ტრანსფუზიას აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ლიცენზია მისცა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აპრილიდან აგვისტომდე აშშ-ში გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმის ტრანსფუზიით 100 ათასზე მეტ ადამიანს უმკურნალეს.

კვლევის ავტორებმა ინდოეთში 39 ჰოსპიტალიდან შეაგროვეს მონაცემები და ჯამში COVID-19-ით დაავადებული 426 მოხალისე შეარჩიეს. პაციენტთა ნახევარს რანდომიზაცია ჩაუტარეს და მათ 24-საათიანი შუალედით პლაზმა 2-ჯერ გადაესხათ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულს არც დაავადების სიმწვავის შემცირებაში და არც სიცოცხლის გადარჩენაში მნიშვნელოვანი როლი არ უთამაშია. ამ დასკვნამდე მისასვლელად მკვლევრები კვლევაში ჩართულ პაციენტებს ტრანსფუზიის შემდეგ, 28 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

"გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის ამგვარად მწირი ეფექტიანობა იმედგასაცრუებელია, მაგრამ არა გასაკვირი", — აღნიშნავს რედინგის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის კათედრის პროფესორი, იან ჯონსი. მას მიაჩნია, რომ პლაზმის გადასხმას ეფექტი მაშინ ექნება, თუ მას დიაგნოზის დასმიდან ძალიან მალევე მიმართავენ.

"მხოლოდ რამდენიმე ასეული პაციენტის მონაცემები ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ზუსტი დასკვნები გამოვიტანოთ", — შენიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის პროფესორი, მარტინ ლენდრეი.

როგორც დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (NHS) სისხლისა და ტრანსპლანტაციის მიმართულების წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი კვლევისთვის მხოლოდ ისეთ პლაზმას იყენებენ, რომელშიც ანტისხეულების რაოდენობა საგრძნობლად მაღალია.

"ამ კვლევაში გამოყენებულ პლაზმაში ანტისხეულების დონე დაახლოებით 6-10-ჯერ უფრო მცირე იყო, ვიდრე ეს ჩვენს კვლევებშია”, — აღნიშნეს მათ ოფიციალურ განცხადებაში.

ორიოდ კვირის წინ გამჯანმრთელებული პაციენტებისგან შეგროვებული სისხლის პლაზმის ტრანსფუზიაზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცაძემ, რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პლაზმა ექვსი კრიტიკული პაციენტის შემთხვევაში გამოიყენეს და ექვსივე მათგანი გადარჩა. ცერცაძის განცხადებით, ამჟამად მათ დონორების დეფიციტი აქვთ.

"მე მინდა მივმართო ყველას, ვინც გადაიტანა და ახლა გამოჯანმრთელებულია, მოგვმართონ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს ან მიმართონ იმ დაწესებულებას, სადაც იმკურნალეს, და ჩააბარონ პლაზმა. ამით ისინი გააკეთებენ უდიდეს სიკეთეს და გადაარჩენენ სხვის სიცოცხლეს", — განაცხადა ცერცვაძემ.