შესაძლოა, მთვარე ადრეული დედამიწის ატმოსფეროს მზისგან იცავდა
დედამიწა ყოველთვის სიცოცხლით სავსე პლანეტა არ ყოფილა. 4,5 მილიარდი წლის წინ, როცა დედამიწა ჯერ კიდევ გავარვარებული ბურთი იყო, მას მარსისხელა ობიექტი "თეია" შეეჯახა, ნარჩენები კი კოსმოსში გაიფანტა.
4 მილიარდი წლის წინ, მზის სისტემაში ასტეროიდები პლანეტებს განსაკუთრებით ხშირად ეჯახებოდნენ. დედამიწა გამონაკლისი არ ყოფილა. დაჯახებების გამო დედამიწა გავარვარებულ პლანეტად რჩებოდა.
მზე, ამ დროს, ჯერ კიდევ "ბავშვი" იყო, ხოლო კოსმოსში მზის ძლიერი ქარი მძვინვარებდა. ამ პირობებში დედამიწის ატმოსფერო რაღაცნაირად შენარჩუნდა, რის გამოც დედამიწა, მოგვიანებით, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ადგილი გახდა.
ამას, ნაწილობრივ, თეიას უნდა ვუმადლოდეთ, რადგან მასთან შეჯახებისას მთვარე წარმოიქმნა. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მთვარის მაგნიტური ველი, შესაძლოა, დედამიწას ადრეული მზის გამოსხივებისგან იცავდა.
"როგორც ჩანს, მთვარე მზის ქარისგან თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი ბარიერი იყო. მან დედამიწის ატმოსფეროს შენარჩუნებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა", — ამბობს კვლევის თანაავტორი ჯიმ გრინი.
იმის გამო, რომ მთვარე ახლა, რეალურად, უსიცოცხლო "ქვაა", დიდ ხანს გვეგონა, რომ ადრეც ასეთი იყო. იმის გამო, რომ დედამიწის თანამგზავრი ასეთი პატარაა, ნავარაუდები იყო, რომ მას ატმოსფერო არც ჰქონდა.
თუმცა, როცა 60-70-იან წლებში ასტრონავტებმა მთვარიდან ქვები ჩამოიტანეს, მეცნიერებმა მაგნეტიზმის კვალი შენიშნეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მთვარეს, ერთ დროს, დედამიწის მსგავსი მაგნიტური ველი ჰქონდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მთვარის მაგნიტურმა ველმა 2,5-1 მილიარდი წლის წინ შესუსტება დაიწყო, როცა თანამგზავრის გავარვარებული ბირთვი გაცივდა და გამყარდა.
აღსანიშნავია, რომ ადრე მთვარე დედამიწასთან უფრო ახლოც იყო. ნავარაუდებია, რომ ადრეულ დედამიწას და მთვარეს შორის მანძილი, დაახლოებით, 130 000 კილომეტრს მოიცავდა. მაშინ დედამიწაც უფრო სწრაფად მოძრაობდა, დღის ხანგრძლივობა კი 5 საათს არ აღემატებოდა. ხოლო დედამიწის შენელებასთან ერთად, მთვარემ დაშორება დაიწყო.
ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მკვლევრებმა ადრეული დედამიწის და მთვარის მაგნიტური ველების სიმულირება შეძლეს. აღმოჩნდა, რომ თავის დროზე, მთვარისა და დედამიწის მაგნიტური ველები გადაჯაჭვული იყო, რაც დედამიწას მზის ქარისგან კარგად იცავდა.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა
კომენტარები