როგორ მივცეთ ხმა არჩევნებზე
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ეს არჩევნები ბევრი ნიშნით არის გამორჩეული და თითოეული ამომრჩევლის ხმასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვისაც ასაკის, დატვირთული გრაფიკის, ლოკაციისა თუ სხვა მიზეზების გამო, არჩევნებზე ხმა ჯერ კიდევ არ მიუცია ან იმდენი ხნის წინ იყო საარჩევნო ყუთთან, რომ დეტალები დაავიწყდა კიდეც. ამ ყველაფერს ემატება კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები. ამიტომ On.ge თქვენთან ერთად გაივლის იმ ეტაპებს, რაც ხმის მიცემისთვის დაგჭირდებათ.
როგორ ვიპოვოთ უბანი, სადაც ხმას ვაძლევთ
ამისთვის ორი გზა არსებობს:
- საინფორმაციო ბუკლეტები;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი.
1 ოქტომბრიდან 3 657-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა მონაცემების ბარათების და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყო. მათი საშუალებით თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებისა და მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. ამომრჩეველთა სია (ფოტოსურათის გარეშე) გამოკრული იქნება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაშიც, თვალსაჩინო ადგილას.
იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინტერნეტზე წვდომა აქვს, უფრო მარტივია საკუთარი მონაცემების პოვნა ცესკო-ს ვებგვერდის საშუალებით. ამისთვის უნდა შეხვიდეთ საიტზე Cesko.ge და კურსორი მიიტანოთ კატეკორიაზე "ამომრჩევლები".
ჩამონათვალში ირჩევთ ველს — გადაამოწმე შენი თავი.
ამის შემდეგ იწყება ავტორიზაცია. შესაბამისი ველების შევსების შემდეგ, სისტემას უნდა დაუდასტუროთ, რომ რობოტი არ ხართ. შესაძლოა, ამისთვის ეკრანზე მარტივი დავალება გამოჩნდეს, შემდეგ კი დაინახავთ საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომერს, სადაც ხმის მიცემა შეგეძლებათ.
ოლქის ველში ლოკაციის სიმბოლოზე დააკლიკებით გაიხსნება რუკა, რომლის საშუალებითაც ორიენტირება გაგიმარტივებდათ.
თუ აქამდე არ გადაგიწყვეტავთ, ვის აძლევთ ხმას, ოლქის პოვნის შემდეგ კიდევ გაქვთ საშუალება, გაეცნოთ ამ არჩევნებში დარეგისტრირებულ კანდიდატთა ჩამონათვალს. ამისთვის საჭიროა, მაუსი მიიტანოთ არჩევნების კატეგორიასთან, ჩამონათვალში კი დააკლიკოთ 2020-ს, ანუ 2020 წლის არჩევნებს.
ამის შემდეგ აირჩიეთ ჩამონათვალში მეორე ველი, ანუ საარჩევნო სუბიექტები.
ვებგვერდი გაგიხსნით რამდენიმე ტიპის სიას, რომელთაგან უნდა აირჩიოთ პირველი, ანუ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს განცხადების წარდგენის რიგითობით.
ჩამოტვირთულ ფაილში ნახავთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სრულ სიას. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცემთ ხმას და არავის აქვს უფლება თქვენს არჩევანში ჩაერიოს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ თუ არ იცით პარტიების ხედვები სხვადასხვა საკითხზე, მოკლედ ამის პოვნა ვებგვერდზე Partiebi.ge შეგიძლიათ. საიტი იძლევა რამდენიმე პარტიის პროგრამის შედარების საშუალებასაც. გარდა ამისა, ბევრმა პარტიამ სრული პროგრამა უკვე გამოაქვეყნა, რომელთა ნახვა მათ საიტებზე შეგეძლებათ.
რას ვაკეთებთ საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ
სანამ უშუალოდ კენჭისყრის პროცედურებზე გადავალთ, საჭიროა იცოდეთ ისიც, რომ კორონავირუსის გამო საარჩევნო უბნებზე წესები შეიცვალა და აუცილებელია, უბანზე პირბადით მიხვიდეთ. თუმცა თერმოსკრინინგი ამომრჩეველს არ ეხება და ტემპერატურა მხოლოდ დამკვირვებლებსა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებს უნდა გაუზომონ. თუ საარჩევნო უბანზე მხოლოდ ხმის მისაცემად იმყოფებით, თერმოსკრინინგის გავლა არ უნდა მოგთხოვონ.
საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს. კენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს პირადობის მოწმობას ან პასპორტს წარუდგენთ და გაივლით მარკირების პროცედურას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ უკვე გაქვთ მარკირება, ხმის მიცემის უფლება აღარ გექნებათ, რადგან ამ პროცესის მიზანი სწორედ ის არის, რომ ერთი და იგივე ადამიანმა ხმა რამდენჯერმე არ მისცეს.
მარკირების შემდეგ, მიხვალთ სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგენთ პირადობის მოწმობას ან პასპორტს, ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ კი გააკეთებთ ხელმოწერას. ამ პროცედურის მერე რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენს მიიღებთ და შეხვალთ კენჭისყრის კაბინაში.
კენჭისყრის შენობაში პირბადის მოხსნა ორჯერ მოგიწევთ:
- ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს;
- პირადობის მოწმობაში ან პასპორტში სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს.
უნდა იცოდეთ, რომ თუ ამ ორ შემთხვევაში პირბადეს არ მოიხსნით, ბიულეტენს არ მოგცემენ და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.
პირბადის გამოყენება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ იქნება სავალდებულო, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება უჭირთ და ეს დასტურდება სამედიცინო ცნობით.
კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციები შეეხო კენჭისყრის კაბინებსაც. ინფექციის საფრთხის გამო, კაბინებს აღარ ექნება ფარდა, მაგრამ ამომრჩევლის ხმის დაცულობის მიზნით, შესასვლელი იქნება კედლის მხრიდან, ანუ კაბინას უნდა შემოუაროთ და ისე შეხვიდეთ.
კენჭისყრის კაბინაში თქვენთვის სასურველი ერთ საარჩევნო სუბიექტის რიგით ნომერს შემოხაზავთ. იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლად საარჩევნო ბიულეტენის შევსება არ შეგიძლიათ, უფლება გაქვთ, დასახმარებლად მიიწვიოთ ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წამომადგენლისა, დამკვირვებლისა და მედიის წარმომადგენლისა.
თუ საარჩევნო ბიულეტენი გაგიფუჭდათ, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავთ, გადასცემთ გაფუჭებულ ბიულეტინს და მოითხოვთ ახალ საარჩევნო ბიულეტინს.
კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღებთ სპეციალურ კონვერტს, დაკეცილ საარჩევნო ბიულეტინს მასში მოათავსებთ და ჩააგდებთ საარჩევნო ყუთში.
ყველა ამ პროცედურის გავლის შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ თქვათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთ და მოქალაქეობრივი ვალი შეასრულეთ.
რამდენი ბიულეტენი შეიძლება იყოს არჩევნებზე?
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული ტიპისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის 120 წევრი აირჩევა პროპორციული სიით, ხოლო 30 დეპუტატი მაჟორიტარი იქნება. ამიტომ, საარჩევნო უბანზე ორი ბიულეტენი დაგხვდებათ: ერთში სასურველი პარტია უნდა შემოხაზოთ, ხოლო მეორეში — მაჟორიტარობის კანდიდატი.
განსხვავებული ვითარებაა რამდენიმე რეგიონში, სადაც საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებიც იმართება. ამიტომ აქ ამომრჩეველს მესამე ბიულეტენიც დახვდება. კერძოდ, საკრებულოების შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.
გარდა ამისა, აჭარაში ოთხი ბიულეტენი იქნება, ვინაიდან აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა და საქართველოს პარლამენტის წევრების გარდა, უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სისტემით 18 და მაჟორიტარული სისტემით კი 3 დეპუტატის აირჩევენ.
როგორ მისცემენ ხმას კოვიდინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფები
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სპეციალური ჯგუფები მობილური ყუთებით მოემსახურებიან. ცესკოს ინფორმაციით, მათ ხმებს ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში დაითვლიან. დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გადასატან ყუთებს გაყვნენ.
სპეციალურმა ჯგუფებმა უნდა უზრუნველყონ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22:00 საათის ჩათვლით.
როგორ აძლევენ ხმას შშმ პირები
ამ არჩევნებზე საქართველოში სულ 3 724 საარჩევნო უბანია. მათგან მარტივად ადაპტირებული არის 237, ხოლო პანდუსიანი უბნების რაოდენობაა 889.
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
უბნის შეცვლის მიზნით ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას წერილობით ან ზეპირი განცხადებით კენჭისყრის დღემდე მინიმუმ 6 დღით ადრე უნდა მიმართოს.
როგორ აძლევენ ხმას ეთნიკური უმცირესობები
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მიხედვით 348 საარჩევნო უბანია შექმნილი — 211 ქართულ-აზერბაიჯანული, 133 ქართულ-სომხური, 4 კი ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული.
აღნიშნულ უბნებზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება:
- საარჩევნო ბიულეტენი ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე;
- ამომრჩეველთა ერთიანი სია ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
- ბიულეტენის შევსების წესი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
- კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.
რა შემთხვევაში უქმდება საარჩევნო ბიულეტენი
არსებობს შემთხვევები, როცა არჩევნებზე შეიძლება მიხვიდეთ, მაგრამ თქვენი ხმა მაინც გაუქმდეს. ასეთი სულ რამდენიმეა, ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი არჩევანი დაფიქსირდეთ, ყურადღებით უნდა იყოთ.
საარჩევნო ბიულეტენი გაბათილდება, თუ:
- თუ ის სპეციალურ კონვერტში არ არის მოთვსებული;
- თუ სპეციალურ კონვერტში დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი იქნება;
- თუ საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის რეგისტრატორის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- თუ შუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ამომრჩეველმა ხმა — მაგალითად, თუ ყველა კანდიდატი გადახაზე, ბიულეტენი დააზიანეთ ან ერთდროულად რამდენიმე შემოხაზეთ;
- საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის (ასეთი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში არ მიეთითება და მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში აღინიშნება).
ვის (არ) შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა
არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. გამონაკლისია ორი შემთხვევა:
- მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში;
- მოქალაქეები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი არიან მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებული არიან შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში (ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში).
რა შეიძლება იყოს დარღვევა და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში
საარჩევნო უბანზე შეიძლება ბევრი სახის დარღვევა იყოს, რომელთაგან ყველაზე მნიშნელოვნებს გამოვყოფთ.
საარჩევნო უბანთან აგიტაციის გასაკონტროლებლად საარჩვნო კოდექსში წელს ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება სააგიტაციო მასალების განთავსება, ასევე, ამ რადიუსში იკრძალება ამომრჩეველის შეფერხება. თუ 25 მეტრის რადიუსში განთავსდება სააგიტაციო მასალა, მას ჩამოხსნიან.
ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საარჩევნო უბანზე დამონტაჟებული კამერა კაბინას ისე არ უნდა აფიქსირებდეს, რომ ამომრჩევლის მიერ ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის აღნიშვნის პროცესი ასახოს.
ამას გარდა, დაუშვებელია ვინმეს იძულება ინფორმაციის გაცემაზე იმის შესახებ, თუ ვის მისცა ხმა. გარდა ამისა, აკრძალულია ადამიანის იძულება მისცეს ხმა კონკრეტულ კანდიდატს.
ამ ტიპის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სასურველია, მიმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკოს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ როგორც ტელეფონის, ასევე, ინტერნეტის საშუალებით.
მას შემდეგ, რაც 8 საათი შესრულდება და საარჩევნო უბნები დაიკეტება, იწყება ხმების დათვლის პროცესი. პირველადი მონაცემები, ძირითადად, ღამის განმავლობაში ხდება ცნობილი. გახსოვდეთ, რომ ამ არჩევნებში თითოეულ ხმას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველა პარტია, რომელიც მიიღებს ხმების 1%-ს, პარლამენტში მოხვდება.
კომენტარები