მარსზე მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი ქვიშის დიუნები იპოვეს
ახლახან მეცნიერებმა მარსის კანიონში ქარისგან შექმნილი ველი იპოვეს, რომელიც დაახლოებით მილიარდი წლის წინ გაქვავდა. ეროზიის მიუხედავად, პალეო-დიუნების ეს გაყინული დაბლობი მაინც კარგადაა შემონახული — იმაზე კარგად, ვიდრე დედამიწაზე არსებული განამარხებული ქვიშის ტალღები.
დიუნების შესწავლა მარსის გეოლოგიური ისტორიის უკეთესად გამოსაკვლევად მნიშვნელოვანი პროცესია.
"მიმდინარე ეროზიის გამო ქვიშის დიუნების მსგავსი განამარხება ძალიან იშვიათია. დიუნების ნალექების სხვა გეოლოგიურ აგრეგატებთან ურთიერთობის ანალიზითა და თანამედროვე ეროზიის დონით დავადგინეთ, რომ ეს დიუნები დაახლოებით მილიარდი წლისაა", — განაცხადა პლანეტარული მეცნიერებების ინსტიტუტის პროფესორმა მეთიუ ჩოინაცკიმ.
ასტრონომების თქმით, მარსზე კლიმატი და ატმოსფერო ძალიან დიდი დროის განმავლობაში მცირედით თუ შეიცვალა — პალეო-დუნების სიგრძე, სიმაღლე, ფორმა და დაქანება კი ძალიან ჰგავს იმ ქვიშის ტალღებს, რომლებიც წითელ პლანეტაზე ახლახან წარმოიქმნა.
"ეს მიგვანიშნებს, რომ ქარის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც დიუნების ფორმაზეა პასუხისმგებელი, დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვლილა", — აღნიშნავს ჩიონაცკი.
კვლევის ავტორების თქმით, ზოგიერთი დიუნი ათობით მეტრის სიგრძის მატერიის ქვეშ იყო დამარხული, რაც ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია. მკვლევრების აზრით, ამის შემდეგ აქროლადი ნაერთი ქვიშის დიუნებს დაუკავშირდა და მათ გამაგრებას შეუწყო ხელი.
მსგავსი პროცესი დედამიწაზეც გვინახავს: მიწისქვეშა წყლები ნახევრად დამარხულ ქვიშის დიუნებს ესხმის თავს და მისგან ქვის ფენებს ქმნის.
დედამიწისა და მარსის დიუნების შედარებისას ვხედავთ, თუ რამდენად განსხვავდება ამ ორი პლანეტის ლანდშაფტის ევოლუცია. დედამიწაზე არსებული გაქვავებული დიუნები ძალიან იშვიათია და უმეტესწილად ეროზირებულიც. ხოლო მარსზე არსებული პალეო-დიუნები თითქმის მთელი კანიონის ფსკერზეა გადაჭიმული და უმეტესწილად ხელშეუხებელია.
"წყალი და ტექტონიკები, რომლებიც დედამიწის ზედაპირის ფორმის ცვლაში მნიშნელოვან როლს თამაშობს, მარსზე განმსაზღვრელ ფაქტორს არ წარმოადგენს", — განაცხადა ჩიონაცკიმ.
კვლევა ჟურნალ JGR Planets-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები