ნობელის პრემია ქიმიაში "სიცოცხლის კოდის" გადამწერებს გადაეცათ
2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში გენეტიკის, მიკრობიოლოგიისა და ბიოქიმიის ფრანგ მკვლევარს, ემანუელ შარპენტიესა და ამერიკელ ბიოქიმიკოსს, ჯენიფერ დუდნას, გადაეცათ გენომის ცვლილების ტექნოლოგიის განვითარებისათვის.
მეცნიერების აღმოჩენა, სახელად CRISPR-Cas9, საშუალებას იძლევა, ცოცხალი უჯრედების დნმ-ში კონკრეტული და ზუსტი ცვლილებები გაკეთდეს.
"ჩემი სურვილია, ეს გამარჯვება ერთგვარ შეტყობინებად იქცეს იმ ახალგაზრდა ქალებისათვის, ვინც მეცნიერების გზას მიჰყვება, და აჩვენოს მათ, რომ ქალებსაც შეუძლიათ მეცნიერებაში გავლენის მოხდენა იმ კვლევის საშუალებით, რომელზეც მუშაობენ", — ამბობს შარპენტიე.
წლევანდელი პრიზიორები მიღებულ ჯილდოს — 10 მილიონ შვედურ კრონას — გაიყოფენ.
"დნმ-ის ნებისმიერ ადგილას ამოჭრის და ცვლილების შესაძლებლობის გამოგონებამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში რევოლუცია მოახდინა", — აცხადებს შვედი ბიოქიმიკოსი, პერნილა ვიტუნგ-სტაფშედე.
ქიმიკოს კლეს გუსტაფსონი კი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გენომის ცვლილება შესაძლებლობას გვაძლევს, გენეტიკურ დაავადებებს ვუმკურნალოთ. მისივე თქმით, შარპენტიემ და დუდნამ "შექმნეს გენის ავტომატიზებული მაკრატელი, რომლის გამოყენებითაც დნმ-ის ამოკვეთაა შესაძლებელი".
გასულ წელს ნობელის პრემია ქიმიის დარგში ჯონ გუდინაფს, მ. სტენლი უიტინგჰემსა და აკირა იოშინოს გადაეცათ ლითიუმ-იონის ბატარეის განვითარებისათვის. პროფესორი გუდინაფი, რომელმაც პრემია 97 წლის ასაკში მიიღო, ნობელის უხუცეს ლაურეატად მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ პრემიის დამაარსებელი, ალფრედ ნობელი, თავად ქიმიკოსი გახლდათ და ეს დარგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროდ მიაჩნდა. მან პრემია გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1895 წელს, დააფუძნა.
6 ოქტომბერს 2020 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში სამ მეცნიერს: როჯერ პენროუზს, რაინარდ გენზელსა და ანდრეა გეზს, გადაეცათ შავ ხვრელთან დაკავშირებული აღმოჩენებისათვის. ამ კვირაში ასევე შევიტყობთ პრიზიორების ვინაობას ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში, 12 ოქტომბერს კი გამოვლინდება ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონიმიკის მეცნიერებაში.
კომენტარები