სიკვდილით დასჯის თანამედროვე მეთოდები იმაზე მტკივნეულია, ვიდრე გვგონია
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობამ სიკვდილით დასჯაზე უარი თქვა, მსგავსი სადამსჯელო ზომა ზოგიერთი ქვეყანის სამართლებლივ სისტემაში დღემდე მიღებულია, ეს სტატია სიკვდილით დასჯის სამართლებლივ ასპექტებს ნაკლებად ეხება. მოდით, უშუალოდ სიკვდილით დასჯის პროცესსა და ამ პრაქტიკის ტექნიკურ მხარეზე ვისაუბროთ.
სიკვდილით დასჯის ადრეული ფორმები გულისხმობდა ჩამოხრჩობას (ეს პრაქტიკა ახლაც გავრცელებულია), თავის მოკვეთასა და სხვა უამრავ ხერხს, რომელიც დასჯილ ადამიანს სასტიკი, ხანგრძლივი და მტკივნეული ფორმით ასალმებდა სიცოცხლეს.
დროთა განმავლობაში, იქ სადაც სიკვდილით დასჯა შემორჩა, სამართლებლივ სისტემაში აქცენტის გაკეთება დასჯის ჰუმანურ მეთოდებზე დაიწყეს. მაგალითად, თავის მოკვეთა და საჯარო მკვლელობა იშვიათია.
თუმცა, შესაძლოა სიკვდილით დასჯის თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა ანესთეზიისა და სპეციალური ინექციის გაკეთება, არც ისეთი უმტკივნეულო იყოს, როგორიც გვგონია.
რას ნიშნავს ჰუმანური სასჯელი?
აშშ ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა ლეგალური სადამსჯელო ღონისძიებაა. საინტერესო ისაა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია სიკვდილით დასჯის "სასტიკ" ფორმებს ზღუდავს. სწორედ ამიტომ, აშშ-ში სიკვდილით დასჯის ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდი მსჯავრდებულისთვის ინექციის ლეტალური დოზის შეყვანაა.
2019 წლის 1 ოქტომბერს აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს რასელ ბაქლიუ, რომელმაც თავის დროზე ყოფილი შეყვარებული (სტეფანი რეი) გაიტაცა და გააუპატიურა, ხოლო სტეფანის იმდროინდელი პარტნიორი მოკლა. ბაქლიუს სიკვდილი 1996 წელს მიესაჯა.
აღსანიშნავია, რომ ბაქლიუმ სიკვდილით დასჯამდე მოითხოვა, რომ ლეტალური ინექციით არ დაესაჯათ. ბაქლიუს მტკიცებით, სამედიცინო მდგომარეობის გამო, მისთვის ინექციით სიკვდილი ძალიან მტკივნეული იქნებოდა და სტანდარტული სადამსჯელო პროცედურის გატარების შემთხვევაში, მის კონსტიტუციური უფლება დაირღვეოდა.
ბაქლიუმ სარჩელით უზენაეს სასამართლოს მიმართა. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით კი (5 ხმა 4-ის წინააღმდეგ) სასამართლომ დაასკვნა, რომ ინექციით მკვლელობა "სასტიკი" არ იქნებოდა და ბაქლიუმ ვერ დაამტკიცა, რომ მისი სამედიცინო მდგომარეობა "უჩვეულოდ მტკივნეულ" სიკვდილს გამოიწვევდა.
იმ შემთხვევაში თუ ბაქლიუ სასამართლოში გაიმარჯვებდა, მას სავარაუდოდ გაზის კამერაში მოკლავდნენ. დასჯის ეს ფორმა იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ლეტალური ინექცია სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ კეთდება.
ბაქლიუს სარჩელი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან კითხვას აჩენს. კერძოდ რა მოიაზრება ჰუმანურ მკვლელობაში? და სიკვდილის რა ფორმებია "უჩვეულო" ან "სასტიკი", როგორც ეს აშშ-ის კონსტიტუციაშია გაწერილი?
რაც არ უნდა უჩვეულო იყოს, უმტკივნეული და/ან ჰუმანური სიკვდილის ფორმა უნივერსალურად განსაზღვრული არ არის. მეტიც, ამ საკითხზე ბევრს კამათობენ. ზუსტად არავინ იცის, რას გრძნობს ადამიანი სხვადასხვანაირი სიკვდილის დროს. ამის დადგენა არც ისე მარტივია. მკვდარ ადამიანს ვერ ვკითხავთ, რამდენად "უმტკივნეულო" იყო მისი გარდაცვალება.
შესაბამისად, ჰუმანური სიკვდილის გაგება დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მაგალითად, აშშ-ში იკრძალება სიკვდილით საჯაროდ დასჯა. შტატებში სიკვდილით საჯაროდ დასჯის ბოლო შემთხვევა 1936 წელს დაფიქსირდა.
სიკვდილით დასჯის საჯაროობას უშუალოდ სიკვდილის დასჯის პროცესის ჰუმანურობასთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა, ეს პრაქტიკა სწორად იმის გამო შეწყდა, რომ ის "არაჰუმანურად" მოიაზრებოდა.
გამოდის, რომ სიკვდილის ჰუმანურობა და სისასტიკე ცვალებადი სოციალური ნორმებით და პოლიტიკით უფროა განსაზღვრული, ვიდრე ხელშესახები სამეცნიერო არგუმენტაციით.
სიკვდილით დასჯის სამედიცინო მხარე
ერთი შეხედვით, კრიმინალის ანესთეზიით დაძინება და შემდგომ ლეტალური ინექციის შეყვანა, სავარაუდოდ ექიმების მონიტორინგს საჭიროებს. ანესთეზია სხეულში ნემსით სითხის შეტანა არ არის. უამრავი ოპერაცია ხშირად ანესთეზიოლოგების ჩართულობას საჭიროებს.
ანესთეზიის დოზა, მიწოდების ფორმა და სიხშირე ქირურგიული პროცედურის ბუნებაზე და პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხანდახან, თუ პაციენტი აგიტაციურ მდგომარეობაშია, დოზა სხვანაირად განისაზღვრება და ა.შ.
ანესთეზიური ხსნარის შეყვანის რაოდენობა და ფორმა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რის გამოც ანესთეზიოლოგებს მრავალწლიანი სწავლება და გამოცდილება სჭირდებათ, თუმცა, სიკვდილით დასჯის პროცესში რეალური ექიმები ჩართულები არ არიან.
მეცნიერები რამდენიმე წლის მანძილზე ლეტალური ინექციით სიკვდილით დასჯილი ადამიანების სისხლის ნიმუშებს აგროვებდნენ და მათში ანესთეზიური საშუალების რაოდენობას შეისწავლიდნენ. კვლევაში მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ლეტალური ინექციით მოკლულ კრიმინალთა 90%-ზე მეტმა სიკვდილამდე სასტიკი ტკივილი იგრძნო, ხოლო 40%-ს ცნობიერება არ დაუკარგავს.
ლეტალურ ინექციას კრიმინალებს ტექნიკოსები უკეთებენ. ისინი ექიმები არ არიან და პროფესიული ცოდნა არ გააჩნიათ. ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები სიკვდილით დასჯაში ეთიკური შეზღუდვების გამო მონაწილეობას ვერ იღებენ.
სიკვდილით დასჯისას ყველაზე ხშირად გამოყენებული ანესთეტიკი აშშ-ში თიოპენტალია. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალები საოპერაციო დოზაზე სამჯერ მეტ ანესთეტიკს (2-3 გრამს) იღებენ, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის.
სიკვდილით დასჯა ხშირად 10 წუთს გრძელდება, პაციენტები ამ დროს, სავარაუდოდ, ძალიან ბევრ ადრენალინს გამოყოფენ და შფოთავენ. შესაბამისად, იმის მოლოდინი, რომ 2-3 გრამი ანესთეტიკი სიკვდილმისჯილ დამნაშავეებზე მუშაობს, შეიძლება გამართლებული არ იყოს.
ლეტალური ინექცია ერთი შეხედვით საკმაოდ უსაფრთხოდ გამოიყურება. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ სინამდვილეში სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი გადაუმოწმებელია. არ არსებობს საკმარისი რაოდენობის კვლევა იმისთვის, რომ დადგინდეს, რამდენად უმტკივნეულოა დასჯის ეს მეთოდი.
ამასთანავე, ანესთეტიკის გარდა კრიმინალებს სხეულში ნერვულ-კუნთოვანი ქსოვილის რელაქსანტსაც უკეთებენ, რათა მოულოდნელი სპაზმები არ დაიწყოს. საინტერესო ისაა, რომ ვეტერინარები მსგავს მაბლოკირებელ აგენტებს ცხოველებზეც კი არ ხმარობენ, რადგან "სპაზმები" ხშირად იმის მანიშნებელია, რამდენად კარგად მუშაობს ანესთეტიკი.
რამდენად იმსახურებენ სასტიკი კრიმინალები უმტკივნეულო სიკვდილს ან საერთოდ, მიზანშეწონილია თუ არა სახელმწიფოსთვის სიკვდილით დასჯის უფლების მინიჭება ცალკე საკითხებია. ფაქტი ისაა, რომ ლეტალური ინექციით სიკვდილით დასჯა მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის "მეცნიერულად" და "უმტკივნეულოდ" გამოიყურება, არც ისეთი "უწყინარია".
რა ვიცით უმტკივნეულო სიკვდილზე
ყველაზე "კარგ" სიკვდილის ფორმებზე სამედიცინო საზოგადოებაში დავა არსებობს. მაგალითად, ონკოლოგი რიჩარდ სმითი მიიჩნევს, რომ კიბოთი გარდაცვალება სიკვდილის ყველაზე კარგი ფორმაა.
მისი თქმით, პაციენტებს დამშვიდობების, თვითრეფლექსიის და ანდერძის დატოვების შესაძლებლობა აქვთ, რაც გარდაუვალ სიკვდილთან შეგუებას ამარტივებს. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ამბობს უშუალოდ სიკვდილის უმტკივნეულობაზე.
კიბო ხშირად ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს და პაციენტები კვირების, ხანდახან თვეების მანძილზე იტანჯებიან. ყველაზე უმტკივნეულო სიკვდილად სამედიცინო საზოგადოებაში ხშირად სიკვდილის მყისიერი ფორმები მოიაზრება.
მაგალითად, შია რიბოვსკი მიიჩნევს, რომ სიკვდილის ყველაზე უმტკივნეულო ფორმა სავარაუდოდ გილიოტინით თავით მოჭრაა, რადგან გალესილი მეტალი ადამიანის კისერს მხოლოდ 1/100 წამით ეხება.
1843 წელს დაწერილ სტატიაში, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას ეხებოდა, ვკითხულობთ, რომ გილიოტინით მკვლელობის მხოლოდ ერთი მცდელობა გამოდგა წარუმატებელი. იგივენაირად, დახვრეტაც ხშირად შეიძლება უმტკივნეულო იყოს, თუმცა ტყვია ხშირად მომენტალურად არ კლავს ადამიანს.
"უმტკივნეულო სიკვდილის" გარშემო ბევრი სამეცნიერო კვლევა გასაგები მიზეზების გამო არ არსებობს, შესაბამისად უცნობია, მკვლელობის რა ფორმაა ამ გაგებით ყველაზე ჰუმანური. ზემოხსენებულ კვლევას თუ დავუჯერებთ, ლეტალური ინექციები ხშირად ძალიან მტკივნეული იმიტომაა, რომ მათი ადმინისტრირება პროფესიონალების მიერ არ ხდება.
გილიოტინების სადამსჯელო პრაქტიკაში გამოყენება კი საკმაოდ "ვულგარულად" გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს უმტკივნეულო სიკვდილის უკეთესი გარანტი იყოს. გილიოტინა სიკვდილით დასჯის "ბრუტალურ" და "ჩამორჩენილ" მეთოდად აღიქმება.
იმის გათვალისწინებით, რომ გილიოტინები, ალბათ, ახლო მომავალში არ დაბრუნდება და ლეტალური ინექციების გაკეთებას ექიმები არ დაიწყებენ, ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ "სიკვდილით დასჯის ჰუმანური მეთოდი" საერთოდ არაზუსტი ტერმინია, ამიტომ ის მართლმსაჯულების წარსულს უნდა ჩაბარდეს.
კომენტარები