ასტრონომებმა ეგზოპლანეტის პირველი ფოტოები მოიპოვეს
აღმოჩენილი ეგზოპლანეტების უმეტესობა პირდაპირ არასდროს გვინახავს: ჩვენ მათ არსებობას ირიბი მიზეზებით ვადასტურებთ, ისეთით როგორიც, მაგალითად, მისი მასპინძელ ვარსკვლავზე გავლენაა. მაგრამ ამჯერად ასტრონომებმა პირდაპირ ნანახი ეგზოპლანეტის ფოტოების მოპოვება შეძლეს.
ასტრონომებმა ეგზოპლანეტის როგორც სიკაშკაშის, ასევე მასის გაზომვა პირველად შეძლეს, რამაც პლანეტების ფორმირების შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა.
ეგზოპლანეტას Beta Pictoris c ეწოდება, იგი გაზის გიგანტია, რომელიც 63 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და ვარსკვლავ Beta Pictoris გარშემო ბრუნავს. Beta Pictoris ძალიან ახალგაზრდა და კაშკაშა ვარსკვლავია — დაახლოებით 23 მილიონი წლის. მის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი მტვრის ნარჩენია, ხოლო ვარსკვლავის ორი პლანეტა დაახლოებით 18,5 მილიონი წლის არიან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ "ბავშვებად" ითვლებიან. β Pic c ვარსკვლავის მეორე პლანეტაა.
ვარსკვლავები მათ გარშემო პლანეტების მოძრაობის დროს თავად უმოძრაო მდგომარეობაში არ იმყოფებიან. ორი სხეული გრავიტაციულ ძალას წარმოქმნის, რომელიც ამ სხეულებზე ახდენს გავლენას, ორბიტა კი გრავიტაციის საერთო ცენტრის გარშემო იქმნება.
როდესაც ვარსკვლავს შეხედავთ, დაინახავთ, რომ იგი ერთ ადგილას ირხევა. მისი სინათლე წითელი ტალღის სიგრძეში გადადის, როდესაც გვშორდება, და მოკლდება უფრო ლურჯი ტალღის სიგრძეებში, როდესაც გვიახლოვდება. ეს ხშირად იმას ნიშნავს, რომ მასზე ეგზოპლანეტას აქვს გავლენა. რაც უფრო დიდია ეგზოპლანეტა, მით მეტია მისი გრავიტაციული გავლენა ვარსკვლავზე.
Beta Pictoris b გაზის გიგანტია, რომელიც იუპიტერზე 13-ჯერ მასიურია. იგი პირველად პირდაპირი დაკვირვებით 2008 წელს აღმოაჩინეს. თუმცა, მოპოვებული მონაცემების გაანალიზებისას დადგინდა, რომ ვარსკვლავის რხევა Beta Pictoris b-სთან შეუთავსებელი იყო, ამიტომ ივარაუდეს, რომ მეორე პლანეტაც არსებობდა, რომელიც აქამდე არ შეუმჩნევიათ. β Pic c მკვლევრებმა გასულ წელს აღმოაჩინეს. მათ იფიქრეს, რომ ეს პლანეტა პირდაპირი დაკვირვებისთვის შესანიშნავი კანდიდატი იქნებოდა, თანაც მის მეზობელზე ეს მეთოდი უკვე გამოყენებული ჰქონდათ.
ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიებით პირდაპირ ძალიან ცოტა ეგზოპლანეტის დაფიქსირებაა შესაძლებელი. იგი საკუთარი ვარსკვლავისგან საკმაოდ უნდა იყოს დაშორებული, სხვა შემთხვევაში იგი მის სიკაშკაშეში ჩაიკარგება. ეგზოპლანეტების აღმოჩენის მეთოდები ყველაზე კარგად ძალიან ახლოს მდებარე ვარსკვლავებზე მოქმედებს. ხოლო თუკი ეგზოპლანეტა ახალგაზრდაა, მისი შემჩნევა უფრო მარტივია: ისინი ჯერ კიდევ საკმარისად თბილები არიან, რომ თერმული გამოსხივებით დაფიქსირდნენ.
როგორც აღმოჩნდა, β Pic c იდეალური ვარიანტი იყო. იგი იუპიტერის მასაზე 8,2-ჯერ მეტია, ვარსკვლავისგან კი 2,7 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. თუმცა ფოტოებმა გამოამჟღავნა, რომ β Pic c ძალიან მკრთალია, თავის მეზობელზე 6-ჯერ მკრთალიც კი. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ იგი ბევრად გრილია.
წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. შემდეგ ნაბიჯს ეგზოპლანეტების მიერ გამოყოფილი სინათლის სპექტრის დეტალური შესწავლა წარმოადგენს. ამის მეშვეობით მეცნიერებს პლანეტების ატმოსფეროების შემადგენლობის დადგენა შეეძლებათ, მთავარ მიზანს კი, რაღა თქმა უნდა, სიცოცხლის ნიშნების ძიება წარმოადგენს.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები