ღია ბანკინგის მოდელი მნიშვნელოვნად ამცირებს საკომისიო ხარჯებს — კვლევა
ღია საბანკო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერის, Yapily-ს მონაცემებით, ონლაინ საბარათე გადახდებიდან ღია ბანკინგის ტრანზაქციებზე გადასვლა ორგანიზაციებს საკმაოდ დიდ თანხას დააზოგინებს. განსაკუთრებით ახლა, როცა კომპანიებს ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება უწევთ, ეს რიცხვები ძალიან მნიშვნელოვანია.
Yapily-ს მიერ გამოქვეყნებულ "საგადასახადო ინოვაციების მანიფესტში" მოყვანილია კვლევის შედეგები, სადაც ბრიტანეთში განხორციელებული ციფრული გადახდების ანალიზია წარმოდგენილი. მასში განხილულია საკომისიო გადასახადის საშუალო რიცხვი ინდუსტრიების მიხედვით ღია ბანკინგის ტრანზაქციებთან შედარებით.
2020 წლის მარტის თვეში დიდ ბრიტანეთში საკრედიტო და სადებეტო ბარათების საშუალებით $74 მილიარდის ოდენობის 1,6 მილიარდი ტრანზაქცია განხორციელდა. თუ დავუშვებთ, რომ თითოეული ტრანზაქციის საკომისიო 1%-ს შეადგენს, ამ თვის ტრანზაქციებიდან საკომისიოში გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა $740 მილიონს აღწევს.
Yapily-მ ტრანზაქციები სამი ძირითადი ინდუსტრიის მიხედვით გაანალიზა, ესენია: ელექტრონული კომერცია, სამოგზაურო/სასტუმრო ინდუსტრია და ფინანსური მომსახურება. ღია ბანკინგით ანგარიშსწორებისას თქვენ ურთიერთობა გაქვთ უშუალოდ პროვაიდერ ბანკთან, შუამავლების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრანზაქციის დროს მცირდება საკომისიო გადასახადი და ტრანზაქციის დრო.
ელექტრონული კომერცია
დიდ ბრიტანეთში ელექტრონული კომერციის კომპანიები, როგორებიც არიან ამაზონი, eBay და Shopify, თვეში საშუალოდ 10 მილიონ ტრანზაქციას ამუშავებენ: თითო შეკვეთის საშუალო ღირებულება კი $86-ია. სტანდარტული ტრანზაქციის საკომისიო გადახდილი თანხის 1%-ს შეადგენს, რაც წელიწადში დაახლოებით $103,767,000-ს უტოლდება. შედარებისთვის, იმავე ოდენობის თანხის ღია ბანკინგის საშუალებით დამუშავება ამ ხარჯებს $8,208,000-მდე შეამცირებდა. ასეთი სახით ორგანიზაციები წელიწადში საკომისიოებში გადახდილი თანხის 92%-ს დაზოგავდნენ, რაც $95,558,000-ს შეადგენს.
სამოგზაურო და სასტუმრო ინდუსტრია
ტურისტულ და სასტუმრო ინდუსტრიას ასევე შეუძლია დიდი სარგებლის მიღება ინოვაციური გადახდის მეთოდიდან. წელიწადში ამ ინდუსტრიაში საშუალოდ 1,2 მილიონი ტრანზაქცია ხორციელდება — თითო ტრანზაქციის საშუალო ღირებულება $387-ია. ასეთ შემთხვევაში, 1% საკომისიო რომ დავიანგარიშოთ, წელიწადში მხოლოდ გადახდის საკომისიოში კომპანიებს $4,646,000-ის გადახდა უწევს, ხოლო ღია ბანკინგის შემთხვევაში საკომისიოების ჯამური ოდენობა არ აღემატება $540 ათასს. ასეთი სახით კომპანია საკომისიოებში გადასახდელი თანხის 88%-ის დაზოგვის შესაძლებლობას იღებს.
ფინანსური მომსახურება
ღია ბანკინგის მოდელზე გადასვლით დიდ თანხებს დაზოგავს ფინანსური სექტორიც. წელიწადში ამ ინდუსტრიაში საშუალო 1,2 მილიონი ტრანზაქცია ხორციელდება — თითო ტრანზაქციის საშუალო ღირებულება $554-ია. ასეთ შემთხვევაში, 1% საკომისიო რომ დავიანგარიშოთ, წელიწადში მხოლოდ გადახდის საკომისიოში კომპანიებს $6,644,000-ის გადახდა უწევთ. ხოლო ღია ბანკინგის შემთხვევაში საკომისიოების ჯამური ოდენობა არ აღემატება $850 ათასს, რაც ფინანსური რესურსის 87%-ის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
აღნიშნულ კვლევაზე საუბრისას Yapily-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მეტ კოქეინი აღნიშნავს: "ბიზნესი დღეს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ დარტყმას უმკლავდება, რის გამოც ხარჯების შემცირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. ვინაიდან უნაღდო ანგარიშსწორება სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს, ჩვენ ტრანზაქციების დამუშავების უფრო სამართლიანი გზები უნდა მოვძებნოთ".
ღია ბანკინგი სტანდარტული გადახდის საკომისიოების შემცირების საშუალებას იძლევა, რაც ბიზნესს ხარჯების შემცირებაში ეხმარება. დაზოგილი თანხა კი შესაძლებელია დაუბრუნდეს მომხმარებელს ან ჩაიდოს რეინვესტირებაში. გარდა ამისა, ღია ბანკინგი აუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებას, რაც უნაღდო ანგარიშსწორების პოპულარობით მტკიცდება.
კომენტარები