უსმინე აქ.ახლა — საბას ახალი ხმოვანი წიგნები დაემატა
თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული ტემპი ხშირად არ გვაძლევს საშუალებას, საყვარელი საქმიანობით დავკავდეთ. მკითხველები მუდმივად ჩივიან, რომ წიგნისთვის დრო არ რჩებათ, თუმცა ზოგჯერ არა დროის ნაკლებობა, არამედ დაღლილობაა მთავარი ფაქტორი, რაც ახალი სამყაროების შეცნობისკენ გვაბრკოლებს. აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურის გაცნობის ალტერნატიული გზები. ერთ-ერთი მათგანი ხმოვანი წიგნია.
ქართულ ენაზე პროფესიონალურად გახმოვანებული აუდიოლიტერატურა სიმრავლით არ გამოირჩევა. არსებობს ორი პლატფორმა, სადაც ხმოვანი წიგნების მოძიება ადვილად შეგიძლიათ — გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტი გუდა და ყველა მკითხველისთვის საყვარელი აპლიკაცია SABA Reader. ამიერიდან, მათი თანამშრომლობის შედეგად, გუდას აუდიომასალების შეძენა და მოსმენა უკვე საბას პლატფორმაზეც შეგიძლიათ — უკვე არსებულ ხმოვან წიგნებსა და პოდკასტებს 200 ბესტსელერის გახმოვანებული ვერსია ემატება. ამ და სხვა სიახლეებზე On.ge საბას მარკეტინგისა და პროექტების მენეჯერს, ნატა ჟვანიას, ესაუბრა.
"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გამომცემლობებთან; კარანტინის პერიოდში შექმნილი უპრეცედენტო აქცია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, თვენახევრის განმავლობაში უფასოდ ესარგებლა 6 000-მდე წიგნით, სწორედ გამომცემლობების, მათ შორის პალიტრა L-ის მხარდაჭერით, განხორციელდა. მაშინ ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, რომ სამომავლოდ ასორტიმენტის გაზრდასა და მრავალფეროვნებაზე ვიზრუნებდით. გუდასთან თანამშრომლობის დაწყებაც ამ დაპირების ერთ-ერთი ნაწილია", — ამბობს ნატა.
მისივე თქმით, თანამშრომლობის სურვილი ორმხრივი იყო. ერთი მხრივ, საბას სურდა, საკუთარ პლატფორმაზე განთავსებული ხმოვანი წიგნების რაოდენობა გაზრდილიყო, რადგან კარანტინის პერიოდში ასევე გაიზარდა აუდიომასალებზე მოთხოვნა.
"ამ პერიოდში ადამიანებს სხვადასხვა საქმის ერთმანეთთან შეთავსება მოუხდათ და ამიტომ ხმოვან წიგნებს ხშირად უსმენდნენ მუშაობისას, სახლის დალაგებისას და ა.შ.", — აღნიშნავს ნატა, — "ვფიქრობ, ელექტრონული და ფიზიკური წიგნების მოყვარული მკითხველები ორ სხვადასხვა ტიპს მიეკუთვნებიან. ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სერვისის მობილურობა, ხელმისაწვდომობა და სიმარტივე მოსახერხებლია. ლიტერატურის გაცნობის კიდევ უფრო გამარტივებული ვერსია კი ხმოვანი წიგნია, რადგან მისი მოსმენა, შეიძლება ითქვას, ნებისმიერ საქმიანობასთან შეთავსებადია".
იგი ასევე იხსნებს, რომ აქციის პერიოდში და მას შემდეგაც, მადლობის გადასახდელად მათ არაერთი მშობელი დაუკავშირდა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ რთულ პერიოდში განსაკუთრებით დაეხმარათ ხმოვანი წიგნები — მაგალითად, ბავშვის დაძინებისას, გახმოვანებული ზღაპრების გამოყენება შეძლეს, რის პარალელურადაც სხვა საქმის კეთებასაც ახერხებდნენ.
ხმოვანი წიგნები კომფორტული აღმოჩნდა სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვისაც, რომელთაც თუნდაც მგზავრობის დროს მათი მოსმენა შეუძლიათ.
აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, პლატფორმაზე განთავსებული აუდიომასალების ასორტიმენტის გაზრდა არაერთი ადამიანისათვის იქნება სასიხარულო. მით უმეტეს, რომ იგი სხვადასხვა ინტერესისა თუ გემოვნების მომხმარებელზეა გათვლილი.
"200 წიგნი, რომელიც ეტაპობრივად განთავსდება, სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ლიტერატურას მოიცავს — არის როგორც წიგნები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასევე მხატვრული, პროფესიული და ბიზნეს ლიტერატურა — უფროსებისთვის. ყველა მათგანი ბესტსელერია და გამოცემულია პალიტრა L-ის მიერ მისი სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ნებისმიერი გემოვნების მქონე და ასაკის ადამიანი ამ ხმოვან წიგნებში მისთვის საინტერესო მასალას იპოვის", — ამბობს ნატა.
აღსანიშნავია ისიც, მომხმარებლებს ხმოვანი წიგნების გაცნობა შეძენილი პაკეტის საშუალებითაც შეუძლიათ. საბა მკითხველს ხელმისაწვდომ ფასად სამ სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს, რომელთა მეშვეობითაც მთელ ბიბლიოთეკაზე, მათ შორის აუდიომასალებზე, წვდომაცაა შესაძლებელი.
ფოტო: საბა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბას პლატფორმაზე აუდიომასალები — პოდკასტები, ლექციები, რადიოგადაცემების ჩანაწერები და ხმოვანი წიგნები ამ დრომდეც იყო განთავსებული. ნატას თქმით ამგვარი მასალები პოპულარობით იმ ადამიანებში სარგებლობდა, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს, თუმცა არ სურს, ლიტერატურასთან ურთიერთობის სიამოვნება დაკარგოს.
მედიასაშუალება ინდიგოსთან ერთად განხორციელდა პოდკასტების კიდევ ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ცნობილმა ავტორებმა საკუთარი ტექსტები წაიკითხეს. მათ შორის არიან ვახტანგ ჯავახაძე, ეთერ თათარაიძე, დიანა ანფიმიადი და სხვები.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნატა აღნიშნავს, რომ სიახლეები ხმოვანი წიგნების ასორტიმენტის გაზრდასაც ეხება — გარდა უკვე არსებული გუდას ხმოვანი წიგნებისა, ეტაპობრივად დაემატება მათი ახალი ასორტიმენტიც. ასევე იგეგმება ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნების განთავსებაც, რაც ინოვაციურ პროექტს წარმოადგენს.
"აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის ფუნქციების გამრავალფეროვნებაზე და გვსურს, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი სერვისი, რაც მომხმარებლისთვის კითხვის თუ მოსმენის პროცესს უფრო სასიამოვნოს და ინტერაქციულს გახდის", — დასძენს ნატა.
SABA Reader-ის გადმოწერა შეგიძლიათ Android-სა და iOS-ზე.
ამავე თემაზე:
კომენტარები