ნიუ-იორკის ციფრულმა საათმა კლიმატის ცვლილების "დედლაინამდე" დროის ათვლა დაიწყო
ნიუ-იორკის ქუჩებში ერთხელ მაინც თუ გაგივლიათ, აუცილებლად შეამჩნევდით ცათამბჯენის ფასადზე დამონტაჟებულ უზარმაზარ ციფრულ საათს, რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ მთავარ მოედანს, იუინიონ სკვერს გადმოჰყურებს.
Metronome-ის სახელით ცნობილი ეს არტისტული პროექტი, როგორც წესი, შუაღამემდე და შუადღემდე დარჩენილ საათებს, წუთებს და წამებს ითვლის ხოლმე. მაგრამ 19 სექტემბრიდან მან სხვა დროის ჩვენება დაიწყო. საათი ახლა აღნიშნავს იმ დღეების, საათების, წუთებისა და წამების რაოდენობას, რამდენიც დარჩენილია მომენტამდე, როცა ნახშირბადის ატმოსფეროში გამოყოფა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.
არტისტებმა, ენდრიუ ბოიდმა და გან გოლანმა საათის რეპროგრამირება ნიუ-იორკში "კლიმატის კვირის" ღონისძიებათა სერიის დაწყებას დაამთხვიეს. "კლიმატის საათს" მეტრონომი კვირის დასასრულამდე, 27 სექტემბრამდე ასახავს.
"დედლაინი", რომელიც არტისტებმა განსაზღვრეს, მერკატორის კვლევითი ინსტიტუტის გამოთვლებს ეყრდნობა. უკვე ფართოდ აღიარებული პროგნოზია, რომ ახლანდელი გლობალური საშუალო ტემპერატურის 1.5 გრადუსით დათბობა პლანეტას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, რაც ზღვის დონის ზრდით, შტორმებით, გვალვითა და სხვა ტიპის კატაკლიზმებით გამოვლინდება. იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის ნახშირბადი გამოიყოფა ყოველდღიურად გარემოში, ტემპრეატურა 1.5 გრადუსით დაახლოებით შვინახევარ წელიწადში მოიმატებს. სწორედ ამ დღემდე დარჩენილ დროს ითვლის ნიუ-იორკის ცნობილი ციფრული საათი.
ბოიდს და გოლანს "კლიმატის საათები" აქამდეს დაუმონტაჟებიათ ბერლინსა და პარიზში. მათ, ასევე, კლიმატის ცვლილების აქტივისტს, გრეტა თუნბერგსაც დაუმზადეს დედლაინამდე დროის ამთვლელი პირადი საათი. ამ უკანასკნელმა 20 სექტემბერს ტვიტერტზე თავისი ბავშვობის ფოტო ატვირთვა, რომელსაც შემდეგი ტექსტი დაურთო: "ეს მე ვარ 2 წლის, 2005-ში. მას მერე ატმოსფეროში გამოყოფილი სათბური აირების მესამედი მოხვდა გარემოში. მთლიანი CO2-ის ემისიის ნახევარზე მეტი 1990 წლის შემდეგ გამოიყო. ეს ყველაფერი გაფიქრებს იმაზე, თუ როგორ სწრაფად მივეშურებით არასწორი მიმართულებით".
"კლიმატის საათი" ყველასათვის ღია პროექტია და არტისტებმა საკუთარ ვეგბერდზე მისი დამზადების ინსტრუქციაც კი განათავსეს.
კომენტარები