"შემოსავალი სიძულვილის ფასად" — ფეისბუქის ინჟინერმა სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა
ფეისბუქის პროგრამულმა ინჟინერმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა და სამშაბათს კომპანია საჯაროდ "შემოსავლის სიძულვილის ფასად" მიღებაში დაადანაშაულა.
აშოკ ჩანდვანის წერილში, რომელიც მან სამსახურიდან წასვლის შემდეგ გამოაქვეყნა, აღწერილია რამდენიმე კონკრეტული ფაქტი, რის გამოც მან ფეისბუქიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ჩანდვანი საუბრობს ფეისბუქის უმოქმედობაზე მილიტარიზებული დაჯგუფების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქ კენოშაში (შტატი უისკონსინი) დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ახალისებდა. გარდა ამისა, რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობებისას ფეისბუქმა არ წაშალა დონალდ ტრამპის სტატუსი, რომელშიც ნათქვამი იყო: "იქ, სადაც იწყება ძარცვა, იწყება სროლა".
ბოლო თვეების განმავლობაში ფეისბუქი კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა ამავე მიზეზით დატოვა. მას შემდეგ, რაც მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელიდან დონალდ ტრამპის მიერ სროლასთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი არ წაიშლებოდა, ერთი კვირის განმავლობაში კომპანიიდან სამი თანამშრომელი წავიდა.
ყოფილი თანამშრომლები ფეისბუქს ისეთი მოვლენების ხელშეწყობაში სდებენ ბრალს, როგორებიცაა რუსეთის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული შპიონაჟის საქმე და გენოციდი მიანმარში. უკვე წლებია, რაცფეისბუქის მხრიდან მსგავსი საკითხებისადმი არათანმიმდევრულ ქმედებები და კომპანიის უმოქმედობა მწვავე კრიტიკის საგანია.
ჩანდვანიმ კომპანიიდან წასვლის მიზეზებზე თავის ფეიბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო სტატუსში ვრცლად ისაუბრა.
"მე მივდივარ, რადგან აღარ მსურს, ვიყო ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ სიძულვილს თესავს", — წერს ჩანდვანი, — "როგორც ჩანს, ფეისბუქი თავისი პლატფორმიდან სიძულვილის გამომხატველი პოსტების წასაშლელად უკვე არსებული სანდო სტრატეგიების გამოყენებაში ბიზნეს ღირებულებას ვერ ხედავს".
ფეისბუქის წარმომადგენელმა ამ საკითხზე ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა (როგორც წესი, კომპანია ამას არც სხვა საკადრო საკითხების შემთხვევაში აკეთებს).
შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სიძულვილის წამახალისებელი კონტენტის წინააღმდეგ ფეისბუქმა გარკვეული ზომები გაატარა — კომპანიამ მილიტარიზებული დაჯგუფებების ფეისბუქ ჯგუფები აკრძალა და სპეციალურ ორგანოს საკუთარ პლატფორმაზე სამოქალაქო უფლებების ხარისხის შემოწმება დაუკვეთა.
ჩანდვანი ფიქრობს, რომ ფეისბუქის ბოლო გადაწყვეტილებები სიძულვილის ენის წინააღმდეგ მხოლოდ პიარს ემსახურება და არა — რეალურ ცვლილებებს კომპანიის პოლიტიკაში. კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ასევე იმედგაცრუებულია იმით, რომ ფეისბუქი არ მისდევს საკუთარ მისიას, რომელიც მიზნად სოციალური ღირებულების შექმნას ისახავდა.
"ყველა ჩემი მოვალეობა საბოლოოდ ბიზნესის ღირებულებებამდე დადიოდა", — იხსენებს ჩანდვანი.
არსებული მონაცემებით, პროგრამისტ-ინჟინერი ფეისბუქში ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად პოზიციად მიიჩნევა.
ჩანდვანი გათავისუფლების შესახებ გაკეთებულ თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტლება მან ნაწილობრივ აქტივისტთა ჯგუფის, Color of Change-ის საქმიანობით შთაგონებულმა მიიღო. ჯგუფი ფეისბუქისგან განუწყვეტლივ ითხოვს ხისტი ნაბიჯების გადადგმას კონტენტის შემოწმების მიმართულებით და ტრამპის მიერ სროლის დაანონსების მსგავსი პოსტების წაშლას.
კომენტარები