ამაზონმა გამოძიების შედეგად პროდუქციის 20 000 ყალბი შეფასება წაშალა
ამაზონმა საკუთარ ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის 20 ათასამდე შეფასება მას შემდეგ წაშალა, რაც Financial Times-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ ბრიტანეთის ტოპ შემფასებლები დადებითი შეფასების სანაცვლოდ, შესაძლოა, ფულს იღებდნენ.
სტატიიდან ირკვევა, რომ 10-დან 9 ამაზონის ბრიტანელი ტოპ შემფასებელი 5-ვარსკვლავიან შეფასებას ნაკლებად ცნობილი ჩინური ბრენდების პროდუქციაზე ტოვებდა. Financial Times-მა იმავე პროდუქციას ფეისბუქის სხვადასხვა გვერდზე და ჯგუფშიც მიაგნო, სადაც მომხმარებლებს უმაღლესი შეფასების სანაცვლოდ ფულს ან უფასო პროდუქციას პირდებოდნენ.
პარასკევს, სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ამაზონმა 7 მსგავსი ანგარიშის 20 ათასამდე შეფასება წაშალა.
ამაზონმა ასევე წაშალა ათასობით ნაყიდი შეფასება, რომელიც სამხრეთ კალიფორნიის და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტების მკლევრებმა გამოავლინეს.
დადებითი შეფასებები გავლენას ახდენენ ამაზონის პროდუქციის დახარისხების ალგორითმზე, რომელიც ყველაზე მეტი მაღალი შეფასების მქონე პროდუქტს "ამაზონის არჩევანის" სტატუსს ანიჭებს. ამის გამო გამყიდველები უმაღლესი შეფასების მისაღებად ფეისბუქსა და ფორუმებზე შემფასებლებს ფულს ან უფასო პროდუქციას სთავაზობენ.
ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების კვლევამ ჯამში 2500 მსგავსი შემფასებელი აღმოაჩინა, რომელთა შეფასებების 80% ჩინურ პროდუქციაზე მოდის. კვლევიდან ირკვევა, რომ შეკვეთილი ყალბი შეფასებები დროებით ზრდიან პროდუქტის რეიტინგს და მისი გაყიდვების მოკლევადიან ზრდას იწვევენ.
ერთ-ერთი მომხმარებელი შეფასებას ყოველ 4 საათში ერთხელ წერდა.
FT-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ამაზონის ერთ-ერთმა ტოპ შემფასებელმა ბრიტანეთიდან, ჯასტინ ფრაიერმა მხოლოდ აგვისტოს თვეში შეაფასა პროდუქცია, რომლის ჯამური ღირებულებაც 15 ათას გირვანქა სტერლინგს უტოლდება ($19,740) — მათ შორის 10 ლეპტოპი, აგარაკისთვის განკუთვნილი ინვენტარი და თოჯინების სახლებიც კი. იგი ამ შეფასებებს ყოველ 4 საათში ერთხელ აკეთბდა. მოგვიანებით იგივე პროდუქცია მისივე ანგარიშით eBay-ზე გასაყიდად ქვეყნდებოდა.
ფრაიერმა მაღალი შეფასების სანაცვლოდ პროდუქციის უფასოდ მიღების ფაქტი უარყო. ხოლო მას შემდეგ, რაც მას Financial Times დაუკავშირდა, ფრაიერმა ამაზონზე საკუთარი შეფასებების ისტორია სრულად წაშალა.
The Markup-ის ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ამაზონმა თაღლითობასთან საბრძოლველად $500 მილიონი დახარჯა. თანხა სრულად მოხმარდა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და ანალიტიკოსების დაქირავებას, რომლებიც ერთ კვირაში მილიონობით შეფასებას წავლობდნენ. კომპანიის პრესმდივნის განმარტებით, ამის შედეგად ამაზონმა შეფასების სისტემის ბოროტად გამოყენების გამო ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ათასობით სარჩელი შეიტანა.
"ჩვენ გვსურს, ამაზონის მომხმარებლები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ მათთვის საინტერესო პროდუქციის შეფასებები და განხილვები ავთენტური და სარწმუნოა", — აცხადებს ამაზონის წარმომადგენელი FT-სთან საუბარში.
კომენტარები