მემკვიდრული დაავადებების გენომური შესწორება ჯერ უსაფრთხო არ არის
გენეტიკური დაავადებები ხშირად ძალიან რთულად მიმდინარეობს და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიშია. თანამედროვე "გენომური კორექტირების" ტექნოლოგია მსგავსი პრობლემების აღმოფხვრის იმედია. თუმცა, ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ ამ პრაქტიკის მედიცინაში დანერგვა და მისი კლინიკური გამოყენება ჯერ ძალიან ნაადრევია.
საერთაშორისო კომისიის დასკვნის მიხედვით, გენომური კორექტირების დანერგვამდე უნდა არსებობდეს დამაჯერებელი საბუთები, რომ ამ პრაქტიკის გამოყენება სანდოა და სერიოზულ გვერდით ეფექტებს არ უკავშირდება.
ეფექტიანობის და უსაფრთხოების დამტკიცების შემთხვევაშიც კი, მეცნიერები ამბობენ, რომ თავიდან უმჯობესია, სახელმწიფოებმა მხოლოდ ადამიანის ემბრიონის გენომის კორექტირება დაუშვან.
"აშკარაა, რომ გენომური კორექტირების მეცნიერება კლინიკური გამოყენებისთვის მზად არაა", — ამბობს ზემოხსენებული კომისიის ერთ-ერთ ხელმძღვანელი, რიჩარდ ლიფტონი.
თეორიაში შესაძლებელია, რომ ადამიანის ემბრიონში რიგი ისეთი დაავადებების აღმოფხვრა მოხდეს, როგორიცაა კისტური ფიბროზი და ტაი საქსის დაავადება. მარტივად რომ ითქვას, ემბრიონის გენეტიკური კოდის ისე შეცვლაა შესაძლებელი, რომ ბავშვი ჯანმრთელი "გენეტიკით" დაიბადოს.
თეორიული შესაძლებლობების მიუხედავად, გენომის კორექტირების კვლევა ძალიან ადრეულ სტადიაზეა. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ გენომში შესწორებების შეტანის პროცესში ერთი პატარა უზუსტობაც კი დამანგრეველი შეიძლება იყოს. ამასთან, არამიზანმიმართულად წარმოქმნილი ახალი გენეტიკური მუტაცია შეიძლება თაობიდან თაობებს გადაეცეს.
2018 წელს ჩინელმა მკვლევარმა ჰე ჯიანკუიმ განაცხადა, რომ მან ორ ემბრიონში გენეტიკური შესწორებები შეიტანა. Crispr-ის გამოყენებით მან გაანეიტრალა კონკრეტული გენი, რამაც ემბრიონებს აივ ინფექციისადმი იმუნიტეტი მიანიჭა. ამ ამბის გასაჯაროების შემდეგ მეცნიერს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
კომისიის თქმით, ნებისმიერი კორექტირებული ემბრიონი ქალის სხეულში იმპლანტაციამდე საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს. წარმატებული მშობიარობის შემთხვევაშიც კი ბავშვების მუდმივი შემოწმება და მონიტორინგი საჭიროა.
ადამიანის ორგანიზმი ძალიან რთული და ჩახლართული სისტემაა. ერთგან პატარა ცვლილების შეტანამ, შესაძლოა, დამანგრეველი პროცესების კასკადი გამოიწვიოს. ლიფტონს მაგალითად ერითროციტებზე ჩატარებული კვლევები მოჰყავს. მცდელობა, რომ ორგანიზმმა უფრო "გამძლე" სისხლის უჯრედები გამოიმუშაოს, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს, რადგან "ძლიერი" სისხლის უჯრედები გულის შეტევის რისკს ზრდის.
კომისიის გამოქვეყნებულ ანგარიშს კრიტიკა მოჰყვა. ზოგი მეცნიერი ამბობს, რომ კომისიის რეკომენდებული შეზღუდვები ზედმეტად მკაცრია; ზოგი კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ შეზღუდვები არასაკმარისია.
ბერკლის გენეტიკის ცენტრის დირექტორის, მარსი დარნოვსკის თქმით, დაწესებული შეზღუდვები შეიძლება დაცული არ იქნას.
"შესაძლოა, ვიხილოთ ემბრიონების ისეთი კორექტირება, რომელიც გასაღდება როგორც 'გაუმჯობესება', სინამდვილეში კი ეს საბაზრო ევგენიკის აღმოცენებას შეუწყობს ხელს, რაც არსებულ დისკრიმინაციას და უთანასწორობას დამატებით გაამწვავებს".
იმის გამო, რომ გენომურ კორექციას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური განზომილებაც აქვს, ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრაქტიკა საერთოდ არ უნდა იყოს დაშვებული.
კომენტარები