მზის დაბნელების დროს მარსზე რაღაც უცნაური ხდება
მარსის თანამგზავრები ჩვენს მთვარეს არ ჰგვანან: ფობოსი, რომელიც დეიმოსზე დიდია, პლანეტასთან უფრო ახლოს მდებარეობს.
ამასთან, მზის დაბნელებებიც მარსზე უფრო ხშირად ხდება, ვიდრე დედამიწაზე. თუმცა ფობოსი მზეს სრულიად არასდროს ფარავს. შესაბამისად, საქმე მზის წრიულ ან ნაწილობრივ დაბნელებასთან გვაქვს. რადგანაც ფობოსი ძალიან სწრაფად მოძრაობს, დაბნელება 30 წამზე დიდხანს არ გრძელდება.
დაბნელების დროს მარსის როვერმა InSight-მა უჩვეულო მოვლენა შენიშნა. ფობოსის მიერ გამოწვეული მზის დაბნელების დროს როვერის სეისმომეტრი — ინსტრუმენტი, რომელიც რეგოლითის მოძრაობებს იწერს, რათა შესაძლო მიწისძვრების მონიტორინგი შეძლოს — ქანაობს. ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევრებმა როვერის მიერ მოპოვებული მონაცემების შესწავლა გადაწყვიტეს, რათა გაეგოთ, ხდებოდა თუ არა მარსზე ის მოვლენები, რასაც დაბნელება აქ, დედამიწაზე იწვევს.
"როდესაც დედამიწა მზის დაბნელებას განიცდის, ინსტრუმენტები ტემპერატურის დაკლებას და ჩქარ, ძლიერ ქარებს აფიქსირებენ, რადგან ატმოსფერო ერთ კონკრეტულ ნაწილში გრილდება და ჰაერი ამ წერტილიდან გამოიდევნება", — განაცხადა სეისმოლოგმა სიმონ შტალერმა.
InSight ტემპერატურისა და ქარის შესამოწმებელი სენსორებითაა აღჭურვილი, თუმცა მათ მზის დაბნელების დროს არანაირი ცვლილებები არ დაუფიქსირებიათ — ტურბულენტობა, ტემპერატურა და ბარომეტრიული წნევა უცვლელად შენარჩუნდა. თუმცა ცვლილება ფოტოელემენტებს ნამდვილად შეეხო, რადგან ფობოსი დაბნელების დროს მზის სინათლის 40%-ს ბლოკავს.
"როდესაც ფობოსი მზის წინაა, ფოტოელემენტებამდე მზის ნაკლები სხივი აღწევს და, შესაბამისად, ისინი ნაკლებ ელექტროობას წარმოქმნიან. სინათლის იმ შემცირების გაზომვა კი, რომელიც ფობოსმა გამოიწვია, შესაძლებელია", — განაცხადა შტალერმა.
სეისმომეტრის დაფიქსირებული სიგნალი საკმაოდ უცნაურია. თუმცა იგი ცრუ პოზიტიურს ნამდვილად არ ჰგავს. გუნდს იმედი ჰქონდა, რომ ეს სიგნალი სეისმური პასუხი იყო მთვარის გრავიტაციულ მიზიდულობაზე, რომლის პლანეტაზე ზემოქმედებაც მასთან მიახლოებისას გაიზარდა.
როდესც მათ ეს სიგნალი მარსის სხვა სეისმური ატქივობის ჩანაწერებს შეადარეს, ვერანაირი მსგავსება ვერ იპოვეს. კიდევ ერთი ვარაუდით, საბმელი, რომლითაც სეისმომეტრი როვერთანაა დაკავშირებული, შეიკუმშა. ეს ინსტრუმენტის საპირისპირო მიმართულებით გადახრას ნამდვილად ახსნიდა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი სიგნალიც დაფიქსირდა. ინფრაწითელმა რადიომეტრმა ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების დროს ზედაპირის ტემპერატურის მცირე დავარდნა დააფიქსირა. გუნდს სჯერა, რომ უცნაური სიგნალის მიზეზი სწორედ ესაა.
"დაბნელების დროს რეგოლითი გრილდება. იგი არათანაბრად დეფორმირდება, რაც ინსტრუმენტის რხევას იწვევს", — განაცხადა სეისმოლოგმა მარტინ ვან დრიენმა.
InSight-ის ლოკაცია ძალიან ზუსტადაა განსაზღვრული. იმის ცოდნა, თუ როდის იწყებს ფობოსი მზის გადაფარვას და როდის დასრულდება ეს, მეცნიერებს თანამგზავრის ორბიტის უფრო ზუსტად განსაზღვრისთვის დაეხმარებათ.
თანამგზავრის ორბიტა წელიწადში 1,8 სანტიმეტრით ირღვევა. მეცნიერების თქმით, ფობოსი ერთ დღესაც მარსთან იმდენად ახლოს მივა, რომ იგი გაიხლიჩება და მარსის გარშემო არსებულ ნარჩენების რგოლად გადაიქცევა.
კომენტარები