კოსმოსში მოგზაურობა ჩვენს ტვინს ცვლის, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, ცვლილება მუდმივი არ არის
კოსმოსში დიდი ხნით დარჩენა ჩვენს სხეულზე დიდ გავლენას ახდენს — ძვლები კარგავენ კალციუმს, ჩვენი გულის ფორმა და ზომა იცვლება, თვალები დეფორმირდება და არსებობს მოსაზრება, რომ კოსმოსმა, შესაძლოა, მუდმივ ნეიროდეგენერაციამდეც კი მიგვიყვანოს.
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, Roscosmos-ის იმ 11 კოსმონავტის ტვინი შეისწავლა, რომლებმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საშუალოდ ექვსი თვე დაჰყო. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მიკროგრავიტაციაში თვეების გატარებას ნერვული სისტემის მუდმივ დაზიანებამდე არ მივყავართ. ასევე კვლევამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მოგვაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ გადააწყობს ტვინი საკუთარ თავს მიკროგრავიტაციის პირობებში.
მკვლევრებმა კოსმონავტების ტვინს MRI კოსმოსში გაფრენამდე და დედამიწაზე დაბრუნებიდან ცხრა დღის შემდეგ გადაუღეს. 8 მათგანს კი სკანირება დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მესამედაც ჩაუტარეს.
მკვლევრებმა სიანტერესო ცვლილებები დააფიქსირეს: მათ შენიშნეს, რომ რუხი ნივთიერება ტვინის ზემოთა ნაწილში მომატებული იყო, ხოლო იმ რეგიონში, რომელიც შუბლისა და თხემის წილს საფეთქლის წილისგან გამოყოფს, მისი რაოდენობა დაკლებული იყო. ეს ცვლილებები ცერებროსპირალური სითხის გადანაცვლებით არის გამოწვეული — გრავიტაციის გარეშე, სხეულში არსებული სითხეები თავში აკუმულირებას ცდილობენ. ეს მიგნება აქამდე არსებულ მოსაზრებას ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, მიკროგრავიტაციაში თავად ტვინი — ისევე, როგორც ნათხემი — თავის ქალის ზემო ნაწილისკენ მიიწევს.
რამდენიმე თვის შემდეგ განხორციელებული მესამე დაკვირვების დროს მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ტვინი საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებოდა, თუმცა გამოჯანსაღება უფრო ინტენსიურად ტვინის ზემოთა ნაწილში მიმდინარეობდა.
გუნდმა ასევე განაცხდა, რომ ცვლილებები კოსმონავტების მხედველობაშიც შეინიშნებოდა. კერძოდ, კოსმოსში ყოფნის შემდეგ ისინი ნაკლებად მკაფიოდ ხედავდნენ. ამ სიმპტომს კოსმოსურ ფრენასთან დაკავშირებული ნეირო-ოკულარული სინდრომი იწვევს. მონაცემების მიხედვით, ეს ტვინის პარკუჭის გაფართოებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს მოსაზრება აქამდე არსებულ თეორიას ეწინააღმდეგება. მკვლევრების თქმით, ამიტომ მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რათა გამომწვევი მიზეზები ზუსტად გვესმოდეს.
ზოგადად ეს კვლევა ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ის, თუ რა გავლენას ახდენს კოსმოსში ცხოვრება ჩვენს სხეულზე, ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს. NASA-ს კიდევ ერთი კვლევა ტყუპ ასტონავტებზე — სკოტ და მარკ კელიებზე, კი იმის გაგებაში გვეხმარება, თუ როგორი შეიძლება იყოს ღრმა კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობა.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები