აფრიკამ პოლიემიელიტი დაამარცხა
აფრიკა პოლიომიელიტისგან თავისუფალია — ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი ორგანიზაცია, აფრიკის რეგიონული სერტიფიცირების კომისია ავრცელებს.
პოლიომიელიტის ძირითად სამიზნეს 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. დაავადება შეუქცევად პარალიზსს იწვევს და როცა პარალიზი სასუნთქ კუნთებამდე აღწევს, ინფიცირებული უმეტეს შემთხვევაში კვდება. 25 წლის წინ აფრიკაში მცხოვრები ათასობით ბავშვი ვირუსის მიერ იყო პარალიზებული, ამჟამად კი დაავადება მხოლოდ ავღანეთსა და პაკისტანშია გავრცელებული. პოლიომიელიტის ეფექტიანი მკურნალობის სქემა არ არსებობს, თუმცა, დაავადების სრულყოფილი პრევენცია ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი.
აფრიკის კონტინენტზე ნიგერია გახლდათ ბოლო ქვეყანა, რომელმაც პოლიომიელიტი დაამარცხა. რამდენიმე ათეული წლის წინ მთელი მსოფლიოს კლინიკურ შემთხვევათა ნახევარზე მეტი სწორედ მასზე მოდიოდა.
ვაქცინაციის მძლავრმა კამპანიამ საბოლოო შედეგი გამოიღო. ბავშვების იმუნიზაცია იზოლირებულ და სახიფათო ადგილებშიც კი მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს დაძაბული სამხედრო მდგომარეობის გამო სამედიცინო პერსონალის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
რა არის პოლიომიელიტი და როგორ გათავისუფლდა აფრიკა მისგან?
პოლიომიელიტის გამომწვევი პოლიოვირუსია, რომელიც ადამიანებს შორის უმეტესად დაბინძურებული წყლით ვრცელდება. ეს უკანასკნელი ნერვულ სისტემას უტევს, რასაც საბოლოოდ შეუქცევად პარალიზამდე მივყავართ. როდესაც პროცესი სუნთქვაში მონაწილე კუნთებამდე აღწევდა, ადამიანებს ე.წ. "რკინის ფილტვების" სპეციალურ აპარატში ანთავსებდნენ.
ბუნებაში ვირუსის 3 შტამი არსებობს. აქედან 2 მათგანის სრული აღმოფხვრა უკვე მოხერხდა. აფრიკამ ბოლო, მესამე შტამის აღმოფხვრაც წარმატებით შეძლო. ამჟამად, აფრიკის კონტინენტის მოსახლეობის 95% პოლიომიელიტზე აცრილია. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობს აფრიკის რეგიონული სერტიფიცირების კომისია, როდესაც აღნიშნავს, რომ კონტინენტზე პოლიომიელიტი დამარცხდა.
ამჟამად აფრიკაში მხოლოდ ვაქცინით ინდუცირებული პოლიომიელიტის 177 შემთხვევა ფიქსირდება. ეს ძალიან იშვიათი მდგომარეობაა და მისი მიზეზი პოლიომიელიტის ორალური ვაქცინაციის შემდგომ ვირუსის მუტაცია გახლავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მსგავსი შემთხვევები ნიგერიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ანგოლაში აღწერა.
პოლიომიელიტის ვაქცინა 1952 წელს, ექიმმა იონას სალკმა შექმნა. 1961 წელს ალბერტ საბინმა პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა დაასინთეზირა. ეს ორი მოვლენა გარდამტეხი გახლდათ მედიცინის ისტორიაში, რადგანაც სასტიკი დაავადება თითქმის დავიწყებას მიეცა და მილიონობით ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.
1996 წელს აფრიკის კონტინენტზე პოლიომიელიტი 75 ათასი ბავშვის პარალიზის მიზეზი გახდა. დაავადება უკლებლივ ყველა აფრიკულ ქვეყანას შეეხო. იმავე წელს ნელსონ მანდელამ წამოიწყო პროგრამა, "ერთად განვდევნოთ პოლიომიელიტი აფრიკიდან". ამ ღონისძიების ფარგლებში მილიონობით სამედიცინო მუშაკის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ეს უკანასკნელნი სოფლიდან-სოფლად დადიოდნენ და ხალხს ცრიდნენ. აღნიშნულმა ღონისძიებამ პოლიომიელიტის 1,8 მილიონი შემთხვევა აგვარიდა თავიდან.
რა გამოწვევები იყო პოლიომიელიტის აღმოფხვრის გზაზე?
ამჟამად, პოლიომიელიტზე აუცრელი საზოგადოებრივი ჯგუფები პლანეტის ყველაზე პრობლემურ არეალში ცხოვრობენ. აღნიშნული იმუნიზაციის პროცესს ფიზიკურად შეუძლებელს ხდის. მაგალითად: ნიგერიაში ბოლო შემთხვევა 2016 წელს, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბორნოს შტატში დაფიქსირდა. ეს ტერიტორია ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო-ჰარამის გავლენის არეალის ქვეშ იმყოფება.
ეს საკმაოდ მძიმე გადასატანი გამოდგა იმ ქვეყნისათვის, რომელსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში პოლიომიელიტის შემთხვევები 0-ზე ჰყავდა დაყვანილი. ბოკო-ჰარამთან სამხედრო დაპირისპირებამ იმუნიზაციის პროცესი ფიზიკურად შეუძლებელი გახადა, ხოლო კონფლიქტის შედეგად 2 მილიონი ადამიანს იძულებით გადაადგილებულის სტატუსი მიენიჭა. მოწინავე ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალმა, რომელთა 95%-ს ქალები შეადგენდნენ, კონფლიქტის ზონაში მდებარე ტბა ჩადი ნავებით გადალახეს და სასიცოცხლოდ საჭირო ვაქცინა იზოლირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს მიაწოდეს. ვაქცინაციის პროცესს ასევე ართულებდა მასობრივი დეზინფორმაციული, ანტივაქსერული კამპანიაც.
2003 წელს ნიგერიის ჩრდილოეთის შტატებმა ვაქცინაციის პროცესი შეწყვიტეს. აღნიშნულის მიზეზი მუსულმანი რელიგიური ლიდერების მოწოდებები გახლდათ, თითქოს ვაქცინის შემადგენლობაში ადამიანის სტერილიზაციისთვის საჭირო მინარევები შედიოდა. მათი მტკიცებით, აღნიშნულის უკან აშშ იდგა და საბოლოო მიზანი მუსლიმი ქალების მასიური სტერილიზაცია გახლდათ. აღნიშნული დეზინფორმაცია ნიგერიელმა მეცნიერებმა ლაბორატორიული ანალიზებით გააუვნებელყვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროგრამა მომდევნო წელს აღდგა, დეზინფორმაცია საზოგადოების ცნობიერებაში დიდხანს დარჩა. 2013 წელს ბოკო-ჰარამის ტერორისტებმა პოლიომიელიტზე აცრილი 9 ქალი საჯაროდ დახვრიტეს. ანტივაქსერების გავრცელებული დეზინფორმაციის საბოლოო აღმოფხვრას ათეულობით წელი დასჭირდა.
რამდენად საშიშია პოლიომიელიტი?
დაავადება ყველაზე მეტად 5 წლამდე ასაკის ბავშვებს უტევს. მისი საწყისი სიმპტომებია:
- ცხელება;
- ზოგადი სისუსტე;
- თავის ტკივილი;
- ღებინება;
- კისრის კუნთების რიგიდობა;
- ტკივილი კიდურებში.
დაავადება ნერვულ სისტემას აქტიურად უტევს და რამდენიმე საათში ტოტალურ პარალიზსაც იწვევს. სტატისტიკურად, ყოველი 200 ინფიცირებულიდან 1 შეუქცევადი პარალიზის მსხვერპლი აღმოჩნდება. პარალიზებულთა 5-10% კვდება, რისი მიზეზიც სუნთქვაში მონაწილე კუნთების გათიშვა ხდება.
შეიძლება, რომ პოლიომიელიტმა კვლავ იჩინოს თავი?
პოლიომიელიტი მისგან ამჟამად თავისუფალ ქვეყნებში ადვილად შეიძლება გავრცელდეს, თუ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის დარღვეული. სწორედ ეს მოხდა ანგოლაში.
ქვეყნაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მიუხედავად, პოლიომიელიტის დამარცხება 2001 წელს შესაძლებელი გახდა. ქვეყანა პოლიომიელიტისგან თავისუფალ სტატუსს 2005 წლამდე ინარჩუნებდა, თუმცა, ყველაფერი იმპორტირებულმა შემთხევევებმა შეცვალეს.
WHO აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყნებმა სიფრთხილე უნდა შეინარჩუნონ და ვაქცინაციის პროგრამა განაგრძონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიომიელიტის დაბრუნების რისკი მნიშვნელოვნად გაიზრდება. იმისათვის, რომ დაავადების საბოლოო, სრული ერადიკაცია შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია, რომ ვაქცინაცია და საგანმანათლებლო მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს
კომენტარები