დარქნეტში ნარკოტიკების უმსხვილესი ბაზარი, Empire Market, 3 დღეა, მიუწვდომელია
დარქნეტი ინტერნეტის ის ნაწილია, სადაც არალეგალური საქონლის, მათ შორის ნარკოტიკების, იარაღის, მოპარული ან ყალბი საბუთების ყიდვაა შესაძლებელი. Empire Market კი დარქნეტის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი გახლავთ, რომელიც უკვე სამი დღეა, რაც ოფლაინაა.
Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტი აღნიშნავს, რომ Empire Market-ის მსგავსი ვებგვერდები, როგორც წესი, ორი შესაძლო გზით იხურებიან: ან მათ ადმინებს აპატიმრებენ, ან ეს უკანასკნელები მომხმარებელთა დეპოზიტებს იპარავენ და უჩინარდებიან. ჯერჯერობით მედიამ არ იცის, ამ ორი შესაძლებელი სცენარიდან რომელი ბედი ეწიათ Empire Market-ის ადმინისტრატორებს, რომელთა ვინაობაც ასევე უცნობია.
Empire Market ცნობილი იყო როგორც ადგილი, სადაც ნარკოტიკების ყიდვა შეიძლებოდა. თუმცა აქ ყალბ დოკუმენტებს (მათ შორის, პასპორტებს) და ეგრეთ წოდებულ მავნე პროგამებსაც ყიდდნენ. მას შემდეგ, რაც სხვა ორი მსგავსი ვებგერდი — Silk Road და AlphaBay — დაიხურა, Empire Market დარქნეტში უკანონო ვაჭრობისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცა.
Empire Market-ში საქონლის ყიდვა-გაყიდვა კრიპტოვალუტით ხდებოდა. იმისათვის, რომ მსგავს სივრცეში ვაჭრობა შეძლო, თავდაპირველად აუცილებლია, დეპოზიტი შეიტანო. ეს თანხა ერთგვარი წინასწარი შენატანია, რომელზე კონტროლიც ვებგვერდის ადმინისტრატორებს აქვთ. ეს გარემოება მათ იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ნებისმიერ მომენტში მთლიანი ვებგვერდი გააუქმონ და დეპოზიტად ჩარიცხული ფული მიითვისონ. უსაფრთოხების ერთ-ერთი ექსპერტი Bloomberg-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ Empire Market-ის დეპოზიტზე არსებული თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა რთულია, თუმცა საუბარი მინიმუმ "რამდენიმე მინილიონზეა".
Empire Market-ის ერთი მოდერატორი მაინც შიშობს, რომ ვებგვერდის გაუქმების მიზეზი ადმინისტრატორების მიერ თანხის მითვისებაა. "განადგურებული ვარ და მრცხვენია, რომ ადმინებმა, როგორც ჩანს, დეპოზიტების მისაკუთრება და გაუჩინარება გადაწყვიტეს", — განაცხადა მოდერატორმა, — "რთულია იმის გაცნოებირება, რომ ეს მართლა ხდება. შოკში ვარ".
ვებგვერდის მომხმარებლები ამბობენ, რომ თავიანთ ანგარიშებზე შესვლა არ შეუძლიათ.
კომენტარები