ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერაყელი სტუდენტი ადმინისტრაციას დიპლომის შეცდომით შედგენაში ადანაშაულებს. აიდარ აბდალქადიმ ალბადავეს თქმით, მასთან ერთად ეს პრობლემა 50-მდე თანაკურსელს აქვს.

ერაყელი სტუდენტი On-ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მას დიპლომთან დაკავშირებული შეცდომა ხუთჯერ შეექმნა.

"1 000 ლარი დავხარჯე დიპლომში და მასში იმდენი შეცდომებია. შეცდომით წერია ქულებიც დიპლომის დანართში. ხუთ სექტემბერს ერაყის საელჩო გვაბრუნებს ჩვენს სამშობლოში და რა უნდა ვქნათ, არ ვიცით. უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ახლა შვებულებაში არიან და პრობლემას ვერ აღმოფხვრიან. 6 წელი ვისწავლეთ და ნორმალური დიპლომი ვერ მიგვაქვს სახლში", — აცხადებს ერაყელი სტუდენტი ჰაიდარ ამარ აბდალკადჰიმ ალბალდავი.

წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმებიან. რექტორის მოადგილის, შალვა კირთაძის თქმით, დიპლომის დანართში მხოლოდ ერთი შეცდომაა, სადაც ნიშანზე ''ძალიან კარგის'' ნაცვლად ''კარგი'' წერია და ''ძალიან'' აკლია.

''დიპლომი აღიარებულია. ნოტარიულადაც დამტკიცებულია. ეს არის მექანიკური შეცდომა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს'', — აცხადებს შალვა კირთაძე.

მისივე თქმით, სტუდენტების მიმართვის შემთხვევაში პრობლემა 24 აგვისტოსთვის მოგვარდება.