კალიფორნიაში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა
შავი ჭირი კალიფორნიის ზოგ რეგიონში გავრცელებულია, ის, ძირითადად, მწერებს გადააქვთ და ადამიანების ინფიცირების შემთხვევები იშვიათია. ამ შტატში ადამიანის შავი ჭირით ინფიცირების ბოლო შემთხვევა 5 წლის წინ იყო.
შავ ჭირს ბაქტერია Yersinia Pestis იწვევს, რომელმაც შუა საუკუნეების ევროპაში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების მკურნალობა ახლა სავსებით შესაძლებელია, ის ჯანმრთელობისთვის მაინც საშიშია და ზოგი ადგილისთვის ენდემურია.
CDC-ის მიხედვით, აშშ-ში ყოველწლიურად შავი ჭირის საშუალოდ 7 შემთხვევა ფიქსირდება. ადამიანების ინფიცირება, ძირითადად, რწყილის ან ზოგი მღრღნელის ნაკბენით გადადის. აშშ-ში შავი ჭირის ყველაზე გავრცელებული ფორმა ბუბონური შავი ჭირია, რომელიც სიცხეს, გულისრევას, სისუსტეს და ლიმფური კვანძების დასიებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ შავი ჭირის ეს ფორმა ადამიანებიდან ადამიანებზე არ გადადის.
ამჟამად პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია და მკურნალობას სახლში გადის.
შავი ჭირის პრევენციისთვის CDC ადამიანებს მღრღნელებისგან და მწერებისგან დისტანციის დაჭერას ურჩევს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მსგავსი ცხოველებისგან თავიანთი ძაღლებიც დაიცვან. შესაძლოა, რომ რწყილი ჯერ ძაღლს ააცოცდეს და შემდგომ გადავიდეს ადამიანზე და დაავადება ამგვარად გაავრცელოს.
კომენტარები