რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ძუძუს კიბოს სკრინინგი — კვლევა
ძუძუს კიბოს სკრინინგის 40 წლის ასაკიდან დაწყებას უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, ვკითხულობთ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში, სადაც რუტინული მამოგრაფიული შემოწმების ვადები და ეფექტიანობა კიდევ ერთხელ არის განხილული.
დედოფალ მარიას სახელობის ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 39-დან 41 წლამდე 160 ათასი ქალის კლინიკური ისტორია შეისწავლეს. მათგან ნაწილს სკრინინგი ყოველწლიურად უტარდებოდა, ნაწილი კი გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სერვისის (NHS) სკრინინგულ პროგრამაში ჩაერთო, რომელიც თავის ბენეფიციარებს მამოგრაფიულ გამოკვლევას 50 წლის ასაკიდან ყოველ 3 წელში ერთხელ უტარებს.
აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის მონაწილეები 1990-1997 წლების პერიოდში შეირჩნენ, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძუძუს რადიოლოგიური გამოკვლევის საშუალებები და მკურნალობის ტაქტიკები დღევანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლებეფექტიანი იყო.
კვლევის ამჟამინდელი შედეგები 23-წლიანი პროექტის რიგით მეორე განახლებაა, რომელიც მისი წინამორბედის, 15 წლის წინანდელ შედეგებს კიდევ უფრო ამყარებს. ჟურნალში Lancet Oncology გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სკრინინგის ეფექტიანობა განსაკუთრებით თვალშისაცემი პირველ 10 წელშია: 40 წელს ზემოთ დაწყებული სკრინინგის შემთხვევაში ძუძუს კიბოთი მხოლოდ 83 ქალი გარდაიცვალა, მაშინ, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 50 წელს ზემოთ სკრინინგულ ჯგუფში 219-ს შეადგენდა.
შორეულ პერსპექტივაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორივე ჯგუფისთვის მცირედ განსხვავებული გახლდათ. მიუხედავად ამისა, კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ დაფი მიიჩნევს, რომ სკრინინგული ასაკის შემცირებით მეტი სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.
საკუთარ შეფასებაში უფრო ფრთხილი აღმოჩნდა კევინ მაკკონვეი, ღია უნივერსიტეტის გამოყენებითი სტატისტიკის პროფესორი. მისი აზრით, ყოფითი რეალობა ახლა განსხვავებულია, რაც ყურადსაღები ფაქტორია. მაკკონვეი ასევე სკეპტიკურად უყურებს კვლევაში მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებსაც.
"პირველი 10 წლის განმავლობაში სკრინინგგავლილი ყოველი 10 ათასი ქალიდან 16 ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა, მაშინ, როცა საკონტროლო ჯგუფში, სადაც სკრინინგი არავის გაუვლია, ძუძუს კიბოთი საშუალოდ 21 ადამიანი კვდებოდა. ეს რიცხვები მიანიშნებს, რომ სიცოცხლეების გადარჩენა მოხერხდა. თუმცა სტატისტიკა ასევე ამბობს, რომ ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობა 40-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში საკმაოდ იშვიათი გახლდათ. რადგანაც ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობა ახალგაზრდა ასაკის ქალებში ნაკლებად მოსალოდნელია, ამიტომაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის შეფასება — მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში 160 ათასი ქალი იღებდა მონაწილეობას — მაინც არაზუსტია", — აღნიშნა პროფესორმა კევინ მაკკონვეიმ.
გამოქვეყნებული სტატიის კომენტირება ტორონტოს უნივერსიტეტის დალა ლანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა, ენტონი ბი მილერმა აიღო საკუთარ თავზე. მისი შეფასებით, სკრინინგის დაწყების ასაკზე კამათი ამ კვლევით არ დასრულებულა. კვლევას არ ჰქონდა საკონტროლო ჯგუფი, სადაც ის ინდივიდები იქნებოდნენ, რომელთაც ძუძუს კიბოზე სკრინინგი საერთოდ არ ჩატარებიათ. ამას გარდა, მილერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ კვლევაში ჩართულ რამდენიმე ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზი შეცდომით დაუსვეს, რაც ძალზედ საგულისხმო და ყურადსაღები შემთხვევა გახლავთ.
საქართველოში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამას ეროვნული სკრინინგ ცენტრი ახორციელებს და მასში ჩართვის ასაკად 40 წელია მიჩნეული.
კომენტარები