მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი მსოფლიოსთვის — განსაკუთრებით, ევროპის კონტინენტისთვის — სასიამოვნო მოგონებების მატარებელი არ არის. ცენტრალური ევროპის არაერთი სახელმწიფოსთვის რთული აღმოჩნდა ორი მსოფლიო ომისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშება, თუმცა გერმანიას — ქვეყანას, რომელმაც თავად ჩაითრია მსოფლიო ორივე კონფლიქტში — კიდევ რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა წინსვლის განსაგრძობად.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მდგომარეობა ცივი ომის პერიოდში კარგადაა დოკუმენტირებული და, ასევე, პირველ მსოფლიო ომამდელი სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებაც არაერთგვაროვანი წყაროებით ვიცით, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ვაიმარის რესპუბლიკის რეალობა — ანუ ის, თუ როგორ ცხოვრობდა გერმანია ორ მსოფლიო ომს შორის.

1930-იან წლებში გერმანიაში ორი ცნობილი ფოტოგრაფი მოღვაწეობდა: პოლ ვოლფი და ალფრედ ტრიჩლერი. მათ ფოტონამუშევრებში ასახულია დირიჟაბლები, სპორტსმენები და ფაშიზმის აღზევებაც კი.

1. სერიიდან რაღაც მოხდა, 1928 წელი

ფოტო: Alfred Tritschler

ალფრედ ტრიჩლერის გადაღებული ფოტოს ქვემოთ ჩანს მისი კოლეგა, პოლ ვოლფი. ისინი თავიანთი დროის ყველაზე სახელგანთქმული ფოტოგრაფები იყვნენ. ეს ფოტო იმ წიგნის ყდაზეა გამოსახული, რომელიც ტრიჩლერის და ვოლფის 1920-დან 1950 წლამდე გადაღებულ ფოტონამუშევრებს აერთიანებს.

2. ჰიტლერის ახალგაზრდობის დრამერები, 1936 წელი

ფოტო: Dr Paul Wolff

ვოლფის და ტრიჩლერის ნამუშევრები 700 ათასზე მეტ ფოტოს აერთიანებს, რომელთა უმეტესობაც ვაიმარის რესპუბლიკის წლებში კულტურული გამოღვიძებიდან მესამე რაიხამდე და მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდს ასახავს.

3. სერიიდან რიონის პლანერის გაფრენა, 1931 წელი

ფოტო: Dr Paul Wolff

წყვილის ფოტოებში ხშირად შეხვდებით სხვადასხვაგვარ ტრანსპორტს და მანქანით, გემით და ცეპელინით მოგზაურობის ფოტოებს.

4. ოპელის აბანოების გახსნა ვისბადენში, 1934 წელი

ფოტო: Dr Paul Wolff

ჰანს-მიხაელ კოეცლეს შექმნილი ვოლფის და ტრიჩლერის ფოტოწიგნი წლეულს კრასნა-კრაუსის ფოტოწიგნების ჯილდოზეა წარდგენილი.

5. ხატოვანი სილუეტები, 1930 წელი

ფოტო: Dr Paul Wolff

1924 წელს ვოლფმა და ტრიჩლერმა ერთობლივად დააფუძნეს საგამომცემლო-ბეჭდვითი კომპანია, Wolff & Tritschler.

როგორც ტიმ ადამსი The Observer-ში წერს, კორტზე მოწყობილი ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს ხელოვანებმა ჩოგბურთის მთელი მატჩი გადაიღეს. შავ-თეთრ ფოტოებში ასახული მოთამაშეების სილუეტები ერთობ ორიგინალური და მომხიბვლელი გამოვიდა.

6. ნიუ-იორკი ზემოდან, 1932 წელი

ფოტო: Dr Paul Wolff

ომთაშორის პერიოდში ვოლფი ალბათ ყველაზე გამოცემადი ფოტოგრაფი იყო. მისი წიგნები სამშობლოშიც და მთელ მსოფლიოშიც ბესტსელერებად იქცა. ვოლფმა აგრეთვე დიდი როლი შეასრულა Leica Camera-ს პროდუქციის პოპულარიზებაში.

7. უსათაურო, დაახლოებით 1929 წელი

ფოტო: Alfred Tritschler

ვოლფმა დაამტკიცა, რომ ლეიკა "სათამაშო" არ იყო, როგორც ამას იმ პერიოდში მიიჩნევდნენ. ნაცვლად ამისა, ტექნოლოგიურად გათვიცნობიერებული ფოტოგრაფებისთვის იგი შესანიშნავ ხელსაწყოს წარმოადგენდა.

8. სერიიდან ქალბატონი, 1931 წელი

ფოტო: Alfred Tritschler

ჰედვიგ ჰაეგილის პორტრეტი.

9. გრაფ ცეპელინი, 1928 წელი

ფოტო: Alfred Tritschler

ალფრედ ტრიჩლერის ფოტოგრაფიული ნიჭი კარგად ჩანს მის გადაღებულ სპორტის დინამიკურ ფოტოებსა და საჰაერო ხომალდების თამამ ნამუშევრებში.

10. გრაფ ცეპელინი, 1928 წელი

ფოტო: Alfred Tritschler

მიუხედავად იმისა, რომ ვოლფი მედიცინას სწავლობდა, საფრანგეთის მთავრობას, რომელიც იმხანად სტრასბურგს აკონტროლებდა, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მისთვის პროფესიული წინსვლის საშუალება არ მიუცია. ამიტომ ის თავის მოზარდობისდროინდელ გატაცებას დაუბრუნდა.

11. სერიიდან აეროდრომი მაინის ფრანკფურტში

ფოტო: Dr Paul Wolff

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ვოლფის შექმნილი არქივის დიდი ნაწილი განადგურდა.

12. ჰიდრო ძალის გენერატორი, ზიმენს-შუკერტი, ბერლინი, 1936 წელი

ფოტო: Dr Paul Wolff

ვოლფი საკუთარ თავს შემოქმედებითი კუთხით ნამდვილად არ იზღუდავდა და იღებდა პორტრეტებს, პეიზაჟებსა და ნატურმორტებს. იგი სიკვდილამდე გამოსცემდა წიგნებს და იღებდა ფოტოებს ლეიკას კამერით.

13. 35 მმ-იანი ფირით გადაღებული პოლ ვოლფის პორტრეტი ლუპით, 1929 წელი

ფოტო: Alfred Tritschler

ვოლფი აღნიშნავდა: "ფრაკფურტის ფოტოგამოფენაზე პრიზად ლეიკას აპარატი შემთხვევით მოვიგე. ამის შემდეგ ჩემი ხედვა დიდებული ცხოვრებისკენაა მიდრეკილი — სამყაროს უსაზღვრო გაფართოებისკენ — რომლის ასახვასაც კამერით ვცდილობ".

14. ალფრედ ტრიჩლერის პორტრეტი ლეიკას აპარატით, 1938 წელი

ფოტო: Dr Paul Wolff

ილუსტრაციულ ფოტოგრაფიაში ცოცხალი სტილის შემოტანით ვოლფი და ტრიჩლერი მოწინავეები იყვნენ. 35 მმ-იანი ფირის ინოვაციური გამოყენებით მათ დიდი გავლენა მოახდინეს ეპოქის ჩვენეულ აღქმაზე.