როგორ შევქმნათ სწრაფი გადახდების უნიკალური ბიზნესკეისი აზროვნების ცვლილების გზით
ციფრული სამომხმარებლო გამოცდილება და თანხის სწრაფი გადარიცხვის შესაძლებლობა ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ხოლო COVID-19 სწრაფი გადახდების პოპულარობის ზრდას აჩქარებს.
სწრაფი გადახდების დანერგვა ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტად უნდა იქცეს, რაც სხვა ბიზნეს მომხმარებლების საქმიანობასა და მთლიანად გადახდების ეკოსისტემაზეც აისახება.
სწრაფი გადახდების სისტემის დანერგვის წარმატებული პრეცედენტის შესაქმნელად კრიტიკულად მნიშვნელოვანია შიდა ორგანიზაციული მხარდაჭერა, რადგან სწრაფი გადახდები ტიპურ ბიზნესმოდელში ხშირად არ მუშაობს. Finextra Research და Volante Technologies-ის მიერ ჩატარებული კვლევა, სახელწოდებით "სწრაფი გადახდები: რატომ აჩქარებს COVID-19 განვითარების გეგმას", მიმოიხილავს საკითხს, თუ როგორ უნდა შექმნას ფინანსურმა ორგანიზაციამ სწრაფი გადახდების წარმატებული სისტემა შესაძლებლობების გაფართოებისა და მოგების მაქსიმალური ზრდის მიზნით.
შიდა უთანხმოება, რომელიც სწრაფი გადახდების სისტემის ბიზნეს-სტრატეგიის არჩევას უკავშირდება, კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. ხოლო წარმოებით მიღებული შემოსავლის ტრადიციული მოდელი იმ უნიკალური შეთავაზებების გათვალისწინებას ვერ ახერხებს, რომელთა უზრუნველყოფაც სწრაფი გადახდების დანერგვას შეუძლია. ასეთ დროს, პანდემიით გამოწვეული რესურსების გადანაწილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შიდა სტრატეგიათა კოორდინირება გადაულახავ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს.
ცალსახაა, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა გვაჩვენა, რომ მომავალში ბიზნეს საქმიანობის მდგრადობის შესანარჩუნებლად სწრაფი გადახდების სისტემის დანერგვა პრიორიტეტულ საკითხად უნდა იქცეს. საჭიროა აზროვნების ცვლილება: სწრაფი გადახდები ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გადახდების ახალი სახეობა; ხოლო მისი დანერგვა იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ახალი გადახდის სისტემის პროექტის გაშვება.
სწრაფი გადახდები აზროვნების და დამოკიდებულების შეცვლის საშუალებაა, რაც ტექნოლოგიებს ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. ტიპური საბანკო გადახდის ოპერაციის არაეფექტიანი და ზედმეტად გადატვირთული პროცესის ჩანაცვლებით ბანკს საშუალება ეძლევა, საკუთარი ყურადღება ბიზნესის გაფართოებასა და ახალი პროდუქტების შექმნაზე გადაიტანოს.
ასევე მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, თუ როგორ იმუშავებენ სწრაფი გადახდების სისტემა და ახალი სერვისები, რომლებიც ეკოსისტემის ფარგლებში ინტენსიურად დაინერგება, რაც მომავალში კომპანიისთვის დამატებით ღირებულებას შექმნის. ISO 20022 სტანდარტის ფართოდ გავრცელების შედეგად, ფინანსურ ორგანიზაციებს დიდი მოცულობის მონაცემების მონეტიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც მომხმარებლებისთვის და ბიზნეს სექტორისთვის მომსახურების პერსონალიზაციის საშუალებას წარმოადგენს — ზუსტად ეს ფაქტორი ზრდის იმ ინვესტიციების ღირებულებას, რომელიც სწრაფი გადახდების სისტემის დანერგვაში იქნა გამოყენებული.
ამის საილუსტრაციო ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტები განვიხილოთ. ჭკვიანი კონტრაქტი სწრაფი გადახდის მეთოდთან ერთად ქმნის თვითაღსრულებად დოკუმენტს, რომელიც გარკვეული ვალდებულებების შესრულების შედეგად თავად ახორციელებს ანგარიშსწორებას. აღნიშნული მაგალითით ტრანზაქციის განხორციელებისას მცირდება შეცდომების რაოდენობა, ასევე იზრდება ანგარიშსწორების და მნიშვნელოვანი ბიზნესპროცესების შესრულების სისწრაფე.
Request to Pay (R2P ან RtP) სქემა სწრაფი გადახდების სისტემის ოპტიმიზაციას ემსახურება, რაც თანხების მოთხოვნისამებრ დაუყოვნებლივ გამოთავისუფლებას და ტრანზაქციის მოთხოვნასა და უშუალოდ ტრანზაქციას შორის კავშირს უზრუნველყოფს. აღნიშნულ სქემაში დიდ დაინტერესებას იწვევს თანხების შეგროვების შესაძლებლობა.
EBA CLEARING-ისა და Pay.UK-ს გადახდების მეთოდის 2020-2021 წლებში დანერგვის მოთხოვნა და R2P სქემის გამოყენება, რომელსაც სკანდინავიური საერთაშორისო გადახდების ქსელი P27 უზრუნველყოფს, ფინანსურ ორგანიზაციებს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. კომპანიების ინტერესებშივეა, რომ ეს ტექნოლოგია საკუთარ ინფრასტრუქტურაში დანერგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იმ მომხმარებლების დაკარგვას რისკავენ, რომლებიც მეტად ინოვაციურ კონკურენტებთან არჩევენ თანამშრომლობას.
პროექტის განხორციელების განსაზღვრა წარმატებული ბიზნესკეისის შესაქმნელად
იმის გაგება, თუ სად იმყოფებიან ბანკები ამჟამად სწრაფი გადახდების დანერგვის გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ რა საჭიროებები და მიზნები აქვთ მათ — განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში. მათი კლასიფიცირების ეფექტიან მეთოდს "დონეებად" დახარისხება წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც მარტივად დგინდება აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვის პროცესის მიმდინარე სტატუსი. მაგალითისთვის, "მაღალი დონის მქონე" ბანკებში, რომლებმაც უკვე დანერგეს სწრაფი გადახდების სისტემა, COVID-19-ის გამო შესაძლოა შევამჩნიოთ სერვისების და ინოვაციური გადაწყვეტების განვითარების შენელება.
მიუხედავად ამისა, ვინაიდან მსგავს კომპანიებს ინფრასტრუქტურული სისტემის ძირითადი ნაწილი უკვე განახლებული აქვთ, მათ თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი საქმიანობის გაგრძელება 24-საათიან რეჟიმში. რაც შეეხება "დაბალი დონის მქონე" ბანკებს, რომლებსაც ჯერ არ განუახლებიათ სტრატეგია, ისინი სწრაფი გადახდების დანერგვას სხვაგვარად უნდა მიუდგნენ, რადგან ეს პროცესი ჩვეულებრივი ტექნოლოგიური პროექტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
როგორც კი დაიწყება აზროვნების ცვლილება, ნათელი გახდება, რომ ხარჯების და მოგების დეტალური ანალიზი ჯერ კიდევ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კია, მაგრამ არამატერიალურ ფაქტორებს, როგორებიცაა შესაძლებლობების ხარჯი, ბიზნეს საქმიანობის მდგრადობა და კონკურენტული დიფერენციაცია, ანალიზზე უფრო დიდი გავლენა აქვთ. კერძოდ, ტიპური საგადასახადო პროდუქტის ინტეგრაციისგან განსხვავებით, ასეთ დროს ზოგადი შემოსავლის დადგენაზე პრიორიტეტული მეტად სუბიექტური ფაქტორები გახდება.
ღრუბლოვან ტექნოლოგიებს სწრაფი გადახდის სისტემის დანერგვის პროცესში წამყვანი როლის თამაში შეუძლია — მას ბაზარზე ახალი სერვისების გამოშვების დაჩქარების და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციის გამარტივების უნარი აქვს, რაც ღრუბლოვან ტექნოლოგიებს უფრო მიმზიდველს ხდის.
კომენტარები