თიბისიმ ბიზნეს აპი შექმნა — გაიგეთ მეტი აქ, ახლა
ციფრული სამყარო ყოველდღე ვითარდება, თანაც ისე, რომ რეალური, ხელშესახები საქმიანობებიც ვირტუალურ სივრცეში პოულობენ თავიანთ ადგილს. გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაწერეთ კალმით წერილი, ანდა, რატომ უნდა დაგეწერათ — ამის გაკეთება ელექტრონული მოწყობილობებით ხომ უფრო მარტივია?! ასეა სხვა ყოველდღიური საქმიანობების შემთხვევაშიც: დიდი ხანია, მეგობართან თანხის გადარიცხვისთვის ბანკში არ მივსულვართ და სასურველი ნივთებიც ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ხდება ჩვენი საკუთრება. ამასთან, ადამიანების არ იყოს, ბიზნესიც სულ უფრო სწრაფად იმკვიდრებს ადგილს ციფრულ სივრცეში.
ამ ცვალებადი ტექნოლოგიური სამყაროს რიტმს უწყობს ფეხს თიბისი, რომელიც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებაზე მუდმივად ზრუნავს. ამჯერად თიბისიმ ახალი ბიზნეს აპი გამოუშვა — აპლიკაცია მათთვის, ვინც ბიზნესს ქმნის. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ ცვლის ბიზნეს აპი კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობას უკეთესობისკენ.
რატომ შეიქმნა ბიზნეს აპი?
თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი გვიყვება, რომ საბანკო სექტორში, ისევე, როგორც სხვა ინდუსტრიებში, მსოფლიო ტენდენციებს აკვირდებიან. აქ კი ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იჩენს თავს — ადამიანები desktop კომპიუტერების ნაცვლად მობილური ტელეფონით ამჯობინებენ სხვადასხვა საქმის კეთებას. მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა მობაილბანკის ინტენსიური განვითარება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე — ახლა უკვე ბიზნესისთვისაც.
"ჩვენ კარგად გავაანალიზეთ ჩვენი მომხმარებლის ხმა და ამიტომ აქ და ახლა გადავწყვიტეთ ბიზნეს აპის გაშვება. ჩვენ 100 000-ზე მეტ ბიზნესს ვემსახურებით და მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა სახის კომფორტი შევუქმნათ", — ამბობს ნიკა ქურდიანი.
თიბისის ბიზნესისთვის ცალკე ინტერნეტბანკი უკვე ჰქონდა, თუმცა — არა მობილური აპლიკაცია. ბიზნესის წარმომადგენლები კი სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესასრულებლად ფიზიკური პირების მობაილბანკს იყენებდნენ. როგორც ბიზნეს აპის გუნდის ლიდერი, ლევან უგრეხელიძე გვიყვება, საერთო მობაილბანკის ინტერფეისი უფრო მეტად ფიზიკურ პირებზე იყო მორგებული და ნაკლებად პასუხობდა ბიზნესის საჭიროებებს, ამიტომ გადაწყვიტეს, ამ მიზნით ცალკე აპლიკაცია შეექმნათ. "ეს ერთგვარი მანიფესტაციაა იმის, რომ ჩვენ ბიზნესს ვაკვირდებით, ვუსმენთ და ვსწავლობთ, თუ რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად ამ მომენტში, ახლა და რისი გათვალისწინება შეგვიძლია მომავალი განახლებებისას", — აღნიშნავს ლევანი.
გუნდის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ აპლიკაცია UX თუ სხვა გამოცდილების კუთხით დრამატულად არ შეეცვალათ — ბიზნეს აპი და ფიზიკური პირების მობაილბანკი გარკვეულწილად ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ბიზნესის აპლიკაციას დაემატა ის ფუნქციები, რომელიც მომხმარებელთა საქმიანობის გამარტივებისთვის აუცილებელიც იყო და მოთხოვნადიც.
"პირველ რიგში, აპლიკაციაში ვიზუალური ცვლილებები შევიტანეთ — ის თავიდან დაიხატა. ხოლო ფუნქციური თვალსაზრისით, სამ დიდ სიახლეზე ვიმუშავეთ სხვა მცირე დეტალებთან ერთად, რომელთაც მომხმარებლები აუცილებლად შეამჩნევენ", — გვიყვება ლევანი.
სამი ფუნქციური სიახლე, რომელზეც ლევანი საუბრობს, რამდენიმე დავალების ერთდროულად დადასტურება, ბიზნესანგარიშების გადართვის შესაძლებლობა და IBAN სკანერი გახლავთ.
1. რამდენიმე დავალების ერთდროულად დადასტურება
აქამდე ბიზნესის მფლობელებს მობაილბანკში რამდენიმე დავალების შესასრულებლად — მაგალითად, სხვადასხვა ადამიანთან თანხის გადასარიცხად — იმდენივე დიჯიპას კოდი უნდა შეექმნათ, რამდენი დავალებაც იყო და ისინი ცალ-ცალკე უნდა დაედასტურებინათ. ამჯერად კი ბიზნეს აპში ეს ყველაფერი ერთი დიჯიპასითა და სენსორზე თითის ერთი შეხებითაა შესაძლებელი.
ახალ აპლიკაციაში რამდენიმე დავალების ერთად მონიშვნის ფუნქციაც გაჩნდა, რაც ბიზნესის მფლობელებისთვის ოპერაციებს კიდევ უფრო ამარტივებს. ასევე, დაემატა ჯგუფური გადარიცხვების დადასტურებაც, რომელიც განსაკუთრებულ როლს თვის იმ გამორჩეულ დღეებში ითამაშებს, როცა თანამშრომლებს ხელფასები ჩაერიცხებათ.
2. ბიზნესანგარიშების გადართვის ფუნქცია
თუკი კომპანიის ან ორგანიზაციის დამფუძნებელს რამდენიმე ბიზნესი ჰქონდა, მობაილბანკში ავტორიზაციის გავლისას მას უნდა აერჩია, რომელ ანგარიშზე სურდა შესვლა. მეორე ბიზნეს ანგარიშის შესამოწმებლად კი უკან უნდა გამოსულიყო და ხელახლა მიეთითებინა შესაბამისი მონაცემები. ახალ აპლიკაციაში შიგნითვეა ჩაშენებული ანგარიშის გადართვის ფუნქცია. ამგვარად, ამიერიდან სხვადასხვა ანგარიშზე სასურველი ინფორმაციის შემოწმებისა თუ ოპერაციის შესასრულებლად აპლიკაციიდან გამოსვლა (log out) აღარაა საჭირო.
3. IBAN სკანერი
IBAN სკანერი სხვისთვის თანხის გადარიცხვის ფორმაში ჩასმული ფუნქციაა. მისი არჩევისას ირთვება ტელეფონის კამერა ჩარჩოთი, რომელშიც ფურცელზე დაბეჭდილ ან რაიმე ეკრანზე გამოსახულ ანგარიშის ნომერს (IBAN) მოაქცევთ, სკანერი ავტომატურად "წაიკითხავს" ამ ნომერს და ჩასვამს გადარიცხვის ფორმაში. ამ ფუნქციით გრძელი რიცხვის ხელით შეყვანა უკვე საჭირო აღარაა, შედეგად, შეცდომების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.
აპლიკაცია მენეჯერებისთვის
თიბისიში განმარტავენ, რომ ბიზნეს აპი მხოლოდ ფინანსური დავალებების შემსრულებელი აპლიკაცია არაა. ცხადია, აქ შეძლებთ სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელებას, ანგარიშის შემოწმებას, ნაშთების, სესხებისა თუ სხვა ინფორმაციის გაგებას, თუმცა გარდა ამ ყველაფრისა, მისი ძირითადი როლი გაცილებით დიდია და სინამდვილეში ის "მენეჯერული აპლიკაცია" უფროა, ვიდრე მხოლოდ მობაილბანკი.
როგორც ლევანი განმარტავს, მომავალში ბიზნეს აპს ისეთი ფუნქციები დაემატება, რომელიც კომპანიების საჭიროებებიდან იქნება ნაკარნახევი, თუმცა ყველაზე მთავარია ის, რომ ახლა საძირკველი სრულიად ახალ აპლიკაციას ჩაეყარა. "საძირკვლად მანამდე არსებული მობაილბანკის გამოცდილება გამოვიყენეთ, ამ ფუნდამენტზე სხვა ფუნქციების დასაშენებლად კი მომავალში მაქსიმალურად გულისყურით მოვუსმენთ ბიზნესებს, ვეცდებით, გავიგოთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. ახლა კი ვთხოვთ ბიზნეს-მომხმარებლებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია, ღიად გაგვიზიარონ შენიშვნები და სურვილები, რათა შევძლოთ გუნდის შიგნით მსჯელობა და მომავალ განახლებებში მათი გათვალისწინება", — ამბობს ლევანი.
მომავალში აპლიკაციას სპეციალური ფორმაც დაემატება, რომლითაც ბიზნესის წარმომადგენლებს აპლიკაციის გუნდთან კომუნიკაცია გაუმარტივდებათ და საჭიროებებისა თუ შენიშვნების მყისიერად დაფიქსირება შეეძლებათ.
ბიზნეს აპი შენ გვერდით, შენი ბიზნესის პირველივე დღეებიდან
კიდევ ერთი სიახლე იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამენ და კომპანიას ახლა არეგისტრირებენ. მათ კომპანიის დარეგისტრირებისთანავე შეუძლიათ გადმოწერონ აპლიკაცია; როგორც ბიზნეს-კლიენტებმა, აპლიკაციაშივე გაიარონ რეგისტრაცია თიბისიში; მოითხოვონ დიჯიპასი გადარიცხვებისთვის; დარეგისტრირდნენ ინტერნეტბანკსა და ბიზნეს აპში და აპლიკაციიდანვე გააგრძელონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა ისე, რომ ბანკში მისვლა საერთოდ არ დასჭირდეთ.
რაც მთავარია, უსაფრთხოების ყველა ზომა გათვალისწინებულია. გარდა უსაფრთხოების იმ პარამეტრებისა, რომელიც ერთიანი მობაილბანკიდან გადმოიტანეს, აქ კიდევ ერთი საფეხური, უშუალოდ ბანკის უსაფრთხოების ფუნქციონალი — დიჯიპასი ემატება, რომელიც გადარიცხვებისა და სხვა ოპერაციების დასადასტურებლად გამოიყენება. მომავალი წლის დასაწყისამდე კი ბანკი ევროპულ PSD2 სტანდარტს შემოიღებს, რომელიც საბანკო ანგარიშებს, აპლიკაციებსა და ინტერნეტბანკს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის.
თიბისიმ გაციფრულების სტრატეგია უკვე მრავალი წელია, აირჩია. ნიკა ქურდიანი გვიყვება, რომ მობაილბანკისა და ინტერნეტბანკის განვითარება თიბისიში 2013 წლიდან დაიწყო. მისი თქმით, უკანასკნელ კრიზისულ პერიოდში გააქტიურებულმა გაციფრულების ტენდენციამ კიდევ უფრო ცხადად აჩვენა, რომ თიბისის განვითარების სწორი მიმართულება აქვს არჩეული. სამომავლოდ კი თიბისი მრავალ ტექნოლოგიურ სიახლეს გეგმავს, მათ შორისაა ინვოისების სისტემის დანერგვა, ბიზნეს-ფინანსური მართვის ინსტრუმენტის ინტეგრირება ბიზნეს აპსა და ინტერნეტ ბანკში და სხვა ციფრული ქვე-პროდუქტების განვითარება.
კომენტარები