პაწაწინა გამჭვირვალე თევზებსაც კი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათები აქვთ
ახალგაზრდა დანიო-რერიო სულ რაღაც ხუთი მილიმეტრი სიგრძისაა და თითქმის გამჭვირვალეა. მიუხედავად ამისა, ეს პაწაწინა თევზები გარე სტიმულების საპასუხოდ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად იქცევიან. სანამ ზოგიერთი მათგანი მაღალ ხმაზე პანიკაში ვარდება, სხვები სიმშვიდეს ინარჩუნებენ. თუკი ხმა მეორდება, თევზების ერთი ჯგუფი მის დაიგნორებას სწავლობს, სხვები კი მას ვერასდროს ეჩვევიან. ამასთან, ამ ორ რადიკალურ ტიპს შორის ქცევის მთელი სპექტრია.
კარლოს პენტოიამ და მისმა კოლეგებმა შეძლეს ეჩვენებინათ, რომ ქცევის სპეციფიკური ტიპის სელექციით თევზების ტვინის აქტივობაც საოცრად სწრაფად იცვლება. მკვლევრებმა თევზები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველში უკიდურესად მოდუნებული ქცევის მქონე ცდისპირები გააერთიანეს და ერთმანეთს შეაჯვარეს, ხოლო მეორეში — უკიდურესად მფრთხალები. ორი თაობის შემდეგ მოდუნებული ჯგუფის ლიფსიტების ტვინები მფრთხალი ლიფისტების ტვინებისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა.
გამჭვირვალე თევზის ლარვის ტვინებზე დაკვირვებისას მკვლევრებმა დაადგინეს, რომელი რეგიონები აქტიურდებოდა მაღალ ხმაზე. ორი რადიკალური ქცევის მქონე ჯგუფის შთამომავლობამ ჰიპოთალამუსის ნაწილში და დორსალურ რეტიკულურ ბირთვში ნეირონული აქტივობის მკვეთრი განსხვავება აჩვენა. ამ ორ რეგიონს შორის ის განსხვავებაა, რომ ჰიპოთალამუსის ეს ნაწილი დოპამინს გამოიმუშავებს, რეტიკულარული ბირთვი კი სეროტონინს. სეროტონინი და დოპამინი ორი მნიშვნელოვანი ნეირომოდულატორია, რომელიც ადამიანებში ფსიქიატრიულ მდგომარეობებსაც კი განსაზღვრავს.
"ტვინის ამ ორ რეგიონში უჯრედების აქტივობას ცალკეული თევზის მიერ მაღალ ხმაზე გამოვლენილი რეაქციის მგრძნობელობის და შეჩვევის სისწრაფის განსაზღვრა შეუძლია. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, რადგან ტვინის სხვა რეგიონებშიც უამრავი განსხვავება შევნიშნეთ", — გაცანხადა კარლოს პანტოიამ.
ორი ჯგუფის შთამომავლობაში მხოლოდ პროგნოზირებული განსხვავებები არ გამოვლენილა. ლარვად ყოფნის პერიოდში გამორჩეულად მოდუნებული თევზები ასევე ნაკლებად სპონტანურად აქტიურები იყვნენ. ზრდასრულობაში კი ისინი გარემოსთან უფრო ნელა ადაპტირდებოდნენ, ვიდრე — განსაკუთრებით მფრთხალი თევზები.
"ერთი შეხედვით ეს ცოტა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ადრეულ პერიოდში სტრესისადმი განცდილი მწვავე რეაქცია მომავალში სტრესის მიმართ საპასუხო რეაქციას ასუსტებს", — თქვა პენტოიამ.
თევზების ორივე ჯგუფში დოპამინის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ნაწილი შეშინების პროცესში გააქტიურდა. მაგრამ იგი მოდუნებულ თევზებში მხოლოდ შეშინების დროს, მფრთხალებში კი მუდმივად გამოიყოფოდა. სელექციური შეჯვარების შედეგად კი, უკვე ორი თაობის შემდეგ მფრთხალი თევზების შთამომავლები ლამის მუდამ გასაქცევად იყვნენ მზად.
"გასაოცარია, თუ რა სისწრაფით შეიძლება პიროვნული თვისებების ევოლუციურად ცვლა და ჩამოყალიბება", — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ჰერვიგ ბაიერი, — "ეს პროცესი, შესაძლოა, ჰომო საპიენსების შემთხვევაშიც ასეთი სწრაფი იყოს. დანიო-რერიოზე დაკვირვებამ, შეიძლება, მსგავსი მოქნილობის ამხსნელი ტვინის სტრუქტურების და გენეტიკური წინაპირობების იდენტიფიცირების საშუალება მოგვცეს".
კომენტარები