500 Startups: კომპლექსური საკომუნიკაციო ვიჯეტი ბიზნესისთვის — LiveCaller
იდეიდან სტარტაპამდე
ამ პროექტის იდეა ჯერ კიდევ 2018 წელს გაჩნდა, როცა აწ უკვე LiveCaller-ის ორ პარტნიორს საზღვარგარეთ წასვლა უწევდა და ამ დროს ავიაბილეთებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნათ: "მოგვიწია, ავიკომპანიაში მობილურით დარეკვა, დაახლოებით ნახევარი საათი ლოდინი და კიდევ დიდხანს საუბარი. საზღვრებს გარეთ დარეკვა კი, ვიცით, რომ საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა".
ამ დროს ნიკა გაბუნია და მისი მეგობრები დაფიქრდნენ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა შექმნილიყო გზა, რომელიც ზარების მიღებას ორგანიზაციის ვებგვერდიდანვე უზრუნველყოფდა. ასეთი სახით ზემოთაღნიშნული შემთხვევის მსგავსი ინციდენტებიც და დრო და ენერგიადაკარგული უკმაყოფილო მომხმარებლებიც ნაკლები იქნებოდა. პრობლემის მოგვარების ინოვაციურ გზას გუნდი მაშინვე შეეჭიდა და 2019 წლის იანვარში მათ პროდუქტზე აქტიური მუშაობა დაიწყეს.
დროთა განმავლობაში LiveCaller-ს ჩატის, სქრინის გაზიარების და სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციის ფუნქციები დაემატა.
დღეს პლატფორმა ოთხ ძირითად სერვისს ერთ ვიჯეტში აერთიანებს მაშინ, როცა სხვა კომპანიები აღნიშნულ სერვისებს მომხმარებლებს ცალ-ცალკე სთავაზობენ. გარდა ამისა, ადმინისტრატორის მხარეს ხელმისაწვდომია დეტალური სამართავი პანელი საკუთარი ვრცელი სტატისტიკითა და მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციით.
პროდუქტი ქმნის ერთიან საკომუნიკაციო ვიჯეტს, რომელიც კომპანიებისთვის მოცულობით სტატისტიკასა და სამართავ ხელსაწყოებს უზრუნველყოფს.
"კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, თუ რა არის LiveCaller — ეს არის ონლაინ ჩატისა და ზარის პროგრამა, რომელიც ყენდება კომპანიის ვებგვერდზე ვიჯეტის სახით და მათ მომხარებლებს საშუალებას აძლევს, მიწერონ, დაურეკონ და გაუზიარონ სქრინი კომპანიის წარმომადგენელს. ამასთან ერთად დავამატეთ სოციალური მედიების ინტეგრაცია, რაც კომპანიებს ერთი ფანჯრის პრინციპით აძლევს საშუალებას, ელაპარაკონ მომხმარებლებს ფეისბუქზე, ვაიბერში, WhatsApp-სა და ტელეგრამში ლაივქოლერის პროგრამიდან", — გვიყვება ნიკა.
გამოწვევიდან წარმატებამდე
დასახული მიზნის სირთულიდან გამომდინარე ერთ-ერთი პირველი გამოწვევა პროდუქტის MVP დონემდე მიყვანა იყო, რაც სტარტაპს გაყიდვების წარმოების დაწყებაში, მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და უკუკავშირის მიღებაში უნდა დახმარებოდა — ეს გამოწვევა გუნდმა მალევე დაძლია. მეორე საკითხი, რომელშიც სტარტაპს სირთულეები შეექმნა, საერთაშორისო ბაზარია — რადგანაც LiveCaller საერთაშორისო ბაზარზე გათვლილი პროდუქტია, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მისი გამოყენება საქართველოს საზღვრებს გარეთაც დაეწყოთ: "საერთაშორისო კლიენტების მოზიდვა გარკვეულ სირთულეს წაროადგენს და ამ საკითხზე დიდი ყურადღებით ვმუშაობთ".
იდეაზე მუშაობის დაწყებიდან დღემდე, წელიწადნახევრის განმავლობაში სტარტაპმა არაერთ წარმატებას მიაღწია.
ლაივქოლერმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 ათას-ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა, რამაც იდეის განვითარებას ახალი მუხტი შემატა. ლაივქოლერმა სტარტაპების რამდენიმე შეჯიბრიც მოიგო ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კატარი, ჩრდილოეთი მაკედონია და ესტონეთი. დღეს კი გუნდი 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა, რაც გუნდის წევრების თქმით, ასევე დიდი წარმატებაა.
500 Stratups პროგრამა — გზა ახალი გამოცდილებისკენ
LiveCaller აქსელერაციას ამერიკულ 500 Startups აქსელერატორში გადის. სტარტაპისთვის, რომელმაც დროის მოკლე პერიოდში ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ათვისების კუთხით უკვე შეძლო დიდი ნაბიჯების გადადგმა, აქსელერაციის პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. ამ პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების ნაწილი სწორედ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში მდგომარეობს ისეთი საერთაშორისო ტოპ აქსელერატორისგან, როგორიც 500 Startups გახლავთ.
"500 Startups-ის გავლის მთავარი მოტივაცია ჩვენთვის არის სწრაფი ზრდა საერთაშორისო ბაზარზე, რომლისკენაც უკვე დიდი ნაბიჯები გადავდგით აქსელერატორის მენტორებთან ერთად და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას", — აცხადებს ნიკა.
კომენტარები