500 Startups: ავტომობილის შეძენა ერთი ფანჯრის პრინციპით — Cardeal
Cardeal თვეში მსოფლიოს სხვადასხვა მომწოდებლის დაახლოებით 500 ათას ავტომობილს აერთიანებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ყველა საჭირო სერვისი — იქნება ეს ავტომობილის შერჩევა, შემოწმება, დაფინანსება/ლიზინგი თუ ტრანსპოტირება.
იდეიდან სტარტაპამდე
"იდეა გაჩნდა პირადი გამოცდილებიდან, როდესაც გადავწყვიტე საკუთარი პირველი ავტომობილის შეძენა; ვიცოდი, რომ ფასის და არჩევანის მრავალფეროვნების გათვალისწინებით საერთშორისო ბაზარზე უნდა მომეძებნა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვიყავი გამოუცდელი, მხოლოდ დიდი ხნის მერე აღმოვაჩინე, რომ დამხამრე დილერმა მომატყუა, ზედმეტი გადამახდევინა და ზუსტი ინფორმაცია არ მომაწოდა ავტომობილის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღმოჩნდა, რომ ჩემი საოცნებო მანქანა წარსულში ტაქსად მუშაობდა", — იხსენებს სტარტაპის დამფუძნებელი, ზურა ბაკურაძე.
ამ უარყოფითი გამოცდილების შედეგად ზურამ ტექნიკურ პარტნიორ Shelf.Network-თან ერთად შექმნა სივრცე, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მსგავს რისკებს და პრობლემებს თავიდან აიცილებდა: "ჩვენ მოკლე დროში მოვახერხეთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური ელექტრონული საერთაშორისო ავტო აუქციონების პლატფორმის გაშვება, ისეთი სანდო საერთაშორისო გამყიდველების დახმარებით, როგორებიც არიან ბანკები, სადაზღვეო და სალიზინგო კომპანიები".
Cardeal-ის საიტზე ინტეგრირებულია პარალელური ბიდინგის ფუნქციონალი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ამავე საიტზე მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო აუქციონებში. ზურას განცხადებით, ეს ფუნქციონალი უნიკალურია და იგი კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.
გამოწვევიდან წარმატებამდე
საიტი მომხმარებლის ჩვეული ქცევისგან განსხვავებულია, რადგან აქ მანქანის შეძენის პროცესი სრულიად ონლაინ რეჟიმში ხდება. საწყის ეტაპზე ამის გამო სტარტაპი მომხმარებლების მხრიდან ნდობის ნაკლებობას განიცდიდა, რადგან მათ კვლავ ერჩივნათ მანქანის შესაძენად ოფისში მისვლა. დღეს მდგომარეობა უკვე შეცვლილია და მომხმარებლების უმეტესობა ავტომობილის შერჩევას და მის შეძენას სრულიად ონლაინ რეჟიმში ახორციელებს.
ამჟამად Cardeal-ს ყოველთვიურად 100 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
500 Stratups პროგრამა — გზა ახალი გამოცდილებისკენ
ამჟამად სტარტაპი აქსელერაციას ამერიკულ 500 Startups აქსელერატორში გადის. ამ უნიკალური შესაძლებლობის მნიშვნელობაზე საუბრისას ზურა აღნიშნავს: "ჩვენი სტარტაპისთვის, რომელმაც დროის მოკლე პერიოდში ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ათვისების კუთხით უკვე შეძლო დიდი ნაბიჯების გადადგმა, მთავარ გამომწვევად მაინც ზრდის ტემპის აჩქარება რჩება. ამ პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების ნაწილს სწორედ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში ვხედავთ ისეთი საერთაშორის ინსტიტუტიდან და ტოპ აქსელერატორისგან, როგორიც 500 Startups გახლავთ."
კომენტარები