აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსეთს იარაღის მსგავსი ისეთი სატყორცნის კოსმოსში გამოცდაში სდებს ბრალს, რომელიც, შესაძლოა, ორბიტაზე განლაგებული თანამგზავრების მიზანში ამოსაღებად გამოდგეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსული კოსმოსური აღჭურვილობის შემოწმებას ახალი ტექნოლოგიებით აპირებდნენ. სწორედ ამ დროს გაიზარდა მათი აქტივობის მიმართ ეჭვები.

აშშ-ს აქამდეც გამოუთქვამს უკმაყოფილება რუსულ თანამგზავრზე მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგივე დამოკიდებულება დიდმა ბირტანეთმაც გამოხატა და რუსეთს კოსმოსში ცეცხლის გახსნაში დასდო ბრალი.

23 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის საერთაშორისო უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა, კრისტოფერ ფორდმა მოსკოვი ფარისევლობაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლთან დაკავშირებული კანონმდებლობა კოსმოსზეც უნდა ვრცელდებოდეს.

"მოსკოვს აშშ-ის შესაძლებლობების შეზღუდვა აქვს გამიზნული, პარალელურად კი აშკარად არ აპირებს საკუთარი კოსმოსური სამხედო პროგრამის შეჩერებას", — განაცხადა ფორდმა.

დიდი ბრიტანეთის კოსმოსური დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჰარვი სმიტმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ თანამგზავრზე ჩატარებულმა ტესტირებამ მასში ეჭვები გამოიწვია, რადგან ტესტირებას იარაღის გამოცდისთვის ნიშნეული თავისებურებები ჰქონდა.

"მსგავსი ქმედებები კოსმოსის მშვიდობიანად გამოყენებას საფრთხეს უქმნის და ისეთ ნარჩენებს ტოვებს, რომლებმაც, შესაძლოა, თანამგზავრებს და კოსმოსურ სისტემებს საფრთხე შეუქმნას. მათზე კი მთელი მსოფლიოა დამოკიდებული", — აცხადებს ის და რუსეთს მოუწოდებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და მსგავსი ტესტირებები შეწყვიტოს.

რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ჩინეთი იმ 100-ზეტი ქვეყნის სიაში არიან, რომლებმაც კოსმოსური სივრცის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, კოსმოსი მშვიდობიანი გზებით შეისწავლონ და გამოიყენონ. ასევე, ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ორბიტაზე იარაღის განთავსება დაუშვებელია.

ახალი რუსული თანამგზავრის ტესტირება 15 ივლისს მოხდა და მის ოფიციალურ მიზანს ქვეყნის კომოსური აღჭურვილობის შემოწმება წარმოადგენდა.

"ბოლოდროინდელი კოსმოსური ტექნოლოგიის ტესტირების დროს ერთ-ერთი შიდა თანამგზავრი სპეციალური აღჭურვილობით ახლოდან დავათვალიერეთ", — აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.