მკვლევრებმა "გამკივანი ქალის მუმიის" სიკვდილის შესაძლო მიზეზი დაადგინეს
3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი, "გამკივანი ქალის მუმიის" სიკვდილი მკვლევრებისთვის დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოს წარმოადგენდა. ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც კაიროს უნივერსიტეტში ჩატარდა, სიკვდილის ყველაზე ლოგიკური ახსნა გულის შეტევაა.
CT სკანერებმა გამოამჟღავნა, რომ ქალი კორონარული არტერიის მწვავე ათეროსკლეროზით იტანჯებოდა — დაავადებით, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება.
თუმცა, დარწმუნებით იმის თქმა, რომ ქალი გულის გაჩერებით გარდაიცვალა, შეუძლებელია. ერთ-ერთი ეგვიპტოლოგის, ზაჰი ჰავასის განმარტებით, ქალი გულის შეტევით, პანიკურ მდგომარეობაში მოკვდა და გვამური გაშეშების გამო პირღია დარჩა.
"ჩვენი ანალიზის მიხედვით, მებალზამეებმა ქალის სხეულს მუმიფიცირება მანამდე ჩაუტარეს, სანამ მისი კუნთები მოდუნდებოდა. მათ ვერც პირის დახურვა და ვერც სხეულის გასწორებულ მდგომარეობაში მოთავსება შეძლეს, მისი სახის გამომეტყველებაც სწორედ ასე მოვიდა ჩვენამდე", — განაცხადა ჰავასმა.
დღეს ათეროსკლეროზი, როგორც წესი, არაჯანსაღად კვებასთანა, შემცირებულ ფიზიკურ აქტივობასთან და მწეველობასთანაა დაკავშირებული. თუმცა უძველეს ეგვიპტეში სიტუაცია სხვანაირი იყო. 2014 წლის კვლევის მიხედვით, მუმიფიცირებულ სხეულებს მიკრობებისა და პარაზიტებისგან გამოწვეული ანთებისა და ღია ცის ქვეშ არსებული ცეცხლის კვამლის გამო აღენიშნებოდათ ათეროსკლეროზის ნიშნები.
3 ათასი წლის წინანდელი მუმია სამხრეთ ეგვიპტეში 1881 წელს აღმოაჩინეს. მასთან ერთად არქეოლოგებმა სხვა მუმიაც იპოვეს, რომელიც "გამკივანი კაცის მუმიის" სახელითაა ცნობილი. 2012 წლის კვლევამ დაადგინა, რომ კაცის სხეული ფარაონ რამზეს მესამის შვილს ეკუთვნოდა, რომელიც ყელის გამოჭრით დაიღუპა მას შემდეგ, რაც ის ტახტის მიღების მიზნით საკუთარი მამის მოკვლისთვის დამნაშავედ ცნეს.
აი, ქალი მუმიის იდენტობა კი მეტად ბუნდოვანია. მუმიის ტილოზე შესრულებულ წარწერაში ნათქვამია, რომ იგი ფარაონების ოჯახის წევრი იყო, თუმცა იმ დროისთვის მისი სეხნია ბევრი პრინცესა არსებობდა, რაც მის იდენტიფიცირებას ართულებს.
კომენტარები