მსოფლიოში უამრავ ადამიანს უწევს ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მის ჯანმრთელობას და ზოგჯერ სიცოცხლესაც კი საფრთხეს უქმნის. ასეთი სამუშაო შეიძლება სრულდებოდეს ღია ფერმებსა და მშენებარე ობიექტებზე, ან დახურულ სივრცეში — ქარხნებსა და საავადმყოფოებში.

ამ მდგომარეობას ამძიმებს კლიმატური ცვლილებები, რადგან გლობალური დათბობა იმის შანსებს ზრდის, რომ ზაფხულში შექმნილი გარემო პირობები ადამიანებისთვის "სამუშაოდ აუტანლად ცხელი" გახდეს.

სიცხით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ექიმი ჯიმი ლი, რომელსაც ინტერვიუს დროს სათვალეები დაორთქლილი აქვს, კისერი კი ოფლისგან დაცვარული. იგი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმია და სინგაპურის ტროპიკულ სიცხეში მუშაობა უხდება, რათა COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალოს.

სამუშაო ადგილზე ჰაერის კონდიცირება გამიზნულად არ ხდება, რათა ვირუსი ხელოვნურად არ გავრცელდეს. როგორც ექიმი ლი აღნიშნავს, ის და მისი კოლეგები უფრო მეტად "გაღიზიანებულები არიან და ერთმანეთთან ურთიერთობის დროსაც უხეშობით გამოირჩევიან".

მისი თავდაცვითი აღჭურვილობა კი, რომელიც დაინფიცირებისგან თავდასაცავად აუცილებელია, ყველაფერს ართულებს და რამდენიმე პლასტიკური შრის შიგნით ოფლმდენ "მიკროკლიმატს" ქმნის.

"ძალიან რთულია ამის ატანა, როცა პირველად იცვამ", — ამბობს ექიმი ლი, — "მთელი რვასაათიანი ცვლის დროს მისი ტარება კი საშინლად არაკომფორტულია და განწყობაზეც მოქმედებს".

ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში თავადაცვითი აღჭურვილობით მუშაობა საშინლად არაკომფორტულია.

ფოტო: NG TENG FONG GENERAL HOSPITAL

ერთ-ერთი საფრთხე, როგორც ლი აღნიშნავს, ისაა, რომ გადახურებას შეუძლია, შეანელოს სამედიცინო პერსონალისთვის უმნიშვნელოვანესი — გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

მეორე საფრთხე კი ისაა, რომ მათ შეიძლება ყურადღება არ მიაქციონ გადახურების ისეთ ნიშნებს, როგორიც სისუსტე და გულისრევაა და იქამდე გააგრძელონ მუშაობა, სანამ შეუძლოდ არ გახდებიან.

რა არის გადახურება?

ეს არის მდგომარეობა, როცა სხეულს სათანადოდ გაგრილება არ შეუძლია, ამიტომ ორგანიზმის ტემპერატურა სახიფათო ნიშნულებს უახლოვდება და შიდა ორგანოების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.

გადახურება მაშინ ხდება, როცა ორგანიზმის გაგრილების ჩვეული გზა — კანიდან გამოყოფილი ოფლის აორთქლება — შეუძლებელია, რადგან ჰაერი ძალიან ტენიანია.

ექიმმა ლიმ და მედიცინის სხვა მუშაკებმა კი აღმოაჩინეს, რომ თავდაცვითი აღჭურვილობის წყალგაუმტარი ფენები, რომლებიც ვირუსის შეუღწევადობისთვისაა შექმნილი, ხელს უშლის კანიდან გამოყოფილი ოფლის აორთქლებას.

ექიმი რებეკა ლუკასი, რომელიც ბირმინგემის უნივერსიტეტში ფიზიოლოგიას იკვლევს, ამბობს, რომ გადახურებით გამოწვეული სიმპტომები სისუსტიდან და დეზორიენტაციიდან შეიძლება ნაწლავების და თირკმლების მოქმედების დარღვევასა და კონვულსიაში გადაიზარდოს.

"გადახურებისას ძალიან სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგექმნათ მთელ ორგანიზმში", — დასძენს იგი.

სიცხისგან თავის არიდება სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

როგორ შევნიშნოთ სხეულის გადახურება?

სისტემა, რომელიც Wet Bulb Globe Temperature-ის (WBGT) სახელითაა ცნობილი, აფასებს არა მხოლოდ სიცხის დონეს, არამედ ტენიანობას და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს, რათა გარემო პირობების უფრო დეტალური აღწერა მოგაწოდოთ.

მას 1950-იან წლებში ამერიკელი სამხედროები იყენებდნენ, რათა ჯარისკაცების უსაფრთხოებისათვის წესები შეემუშავებინათ. მაგალითად, როცა WBGT 29C-ს აღწევს, რეკომენდებულია ფიზიკური აქტივობა შეჩერდეს, თუ ეს მდგომარეობა აკლიმატიზაციით არაა გამოწვეული. მიუხედავად ამისა, ეს სწორედ ის დონეა, რომელშიც ექიმ ლის და მის კოლეგებს უხდებათ მუშაობა სინგაპურის საავადმყოფოში.

ხოლო როცა სკალაზე WBGT 32C-ს ფიქსირდება, ამერიკული წესით აქტივობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან საფრთხე "ექსტრემალურ" სახეს იღებს. სწორედ ასეთი მაღალი მაჩვენებლები დააფიქსირა შრი რამაჩანდრას უნივერსიტეტის პროფესორმა, ვიდჰია ვენუგოპალმა, ინდოეთში, ჩენაის საავადმყოფოებში.

მან აგრეთვე აღმოაჩინა, რომ მუშები, რომლებიც მლაშობ ნიადაგზე დღის განმავლობაში ასრულებენ თავიანთ საქმეს, WBGT-ის ისეთ დონეებს უძლებენ, როცა მათ, წესით, თავშესაფარი უნდა მოძებნონ. ფოლადის საწარმოში კი დონემ უკიდურესად სახიფათო ნიშნულს, 41,7C-ს, მიაღწია, რის შედეგადაც მასში მომუშავე ადამიანები "უზარმაზარი სითბური დაკვრის" საფრთხის წინაშე დადგნენ.

"თუკი ეს ყოველდღიურად ხდება, მომუშავეებს უჩნდებათ სისხლის მიმოქცევის პრობლემები, თირკმლის კენჭები და დაემართებათ გაუწყლოება და სითბური გამოფიტვა", — ამბობს პროფესორი ვენუგოპალი.

რა გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებას?

კლიმატის ცვლილება

ფოტო: Met Office / BBC

მსოფლიოში ტემპერატურა თანდათანობით მატულობს, რაც ტენიანობის გაზრდასაც ნიშნავს. საბოლოო ჯამში კი უფრო მეტი ისეთი დღე იქნება, როცა ადამიანებს სიცხის და ტენის სახიფათო კომბინაციასთან გამკლავება მოუწევთ.

გაერთიანებული სამეფოს Met Office-ის თანამშრომელმა, პროფესორმა რიჩარდ ბეტსმა, კომპიუტერული მოდელირება შექმნა, რომელიც მიუთითებს რომ იმ დღეების რაოდენობა, როცა WBGT 32C-ზე მაღალია, მომავალში მოიმატებს, თუმცა ზუსტი შედეგები დამოკიდებული იქნება გამოყოფილი სათბურის აირების რაოდენობაზე.

ბეტსი ასევე აღნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანს უკვე უხდება მუშაობა რთულ მდგომარეობაში, როცა სხეულზე სიცხე და მაღალი ტენიანობა ერთდროულად ზემოქმედებს.

"ჩვენ, ადამიანები, ტემპერატურის გარკვეულ ზედა და ქვედა ზღვარს ვართ მიჩვეულნი, შესაბამისად, უდავოა, რომ თუკი მსოფლიოში ტემპერატურის მატება გაგრძელდება, ადრე თუ გვიან, პლანეტის ყველაზე ცხელ ადგილებში ჩვენთვის, უბრალოდ, აუტანელი სიცხე იქნება".

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, იტყობინება, რომ სიცხით გამოწვეულმა სტრესმა და სხვა სითბურმა მოვლენებმა შეიძლება 1,2 მილიარდ ადამიანზე მოახდინოს გავლენა 2100 წლისთვის — ეს დღევანდელ რიცხვზე ოთხჯერ მეტია.

აშშ-ის სამხედრო ძალებში სიცხისგან გამოწვეული პრობლემების ასარიდებლად სპეციალური წესები არსებობს, რათა ჯარისკაცების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.

ფოტო: GETTY IMAGES

რა გამოსავალი არსებობს?

როგორც ექიმი ჯიმი ლი აღნიშნავს, "ეს კვანტური ფიზიკა არაა".

ადამიანებმა მუშაობის დაწყებამდე უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, შემდეგ ხშირ-ხშირად შეისვენონ და ამ პერიოდებშიც კვლავ უნდა დალიონ წყალი.

მისი საავადმყოფო თანამშრომლებს გასაგრილებლად ნახევრადგაყინულ სასმელებს სთავაზობს. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ სიცხისგან თავის არიდება სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად.

მისთვის და მისი კოლეგებისთვის დასასვენებელი დროც კი სამუშაო პროცესს მოიცავს — ისინი ამ დროს თავდაცვით აღჭურვილობას იხდიან და ახალს იცვამენ.

არსებობს პრაქტიკული პრობლემაც — "ზოგიერთი განზრახ არ სვამს წყალს, რათა ტუალეტში გასვლა არ მოუწიოს", — დასძენს იგი.

ამასთანავე, ბევრი მათგანისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული ვალიც — რომ იმუშაონ მიუხედავად სირთულეებისა და დაეხმარონ კოლეგებსა და პაციენტებს.

კლიმატის ცვლილება

ფოტო: Met Office / BBC

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ექიმი ჯეისონ ლი, ამბობს, რომ გამორჩეულად მოტივირებული ადამიანები სიცხისგან გამოწვეული პრობლემების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ექიმი ლი ერთ-ერთი მთავარი წევრია თერმული ჯანმრთელობის გლობალური საინფორმაციო ქსელისა, რომელიც სიცხით გამოწვეულ საფრთხეებს შეისწავლის. ამ ჯგუფმა აგრეთვე შეიმუშავა მედიკოსებისთვის განკუთვნილი COVID-19-თან გამკლავების რეკომენდაციები.

ორგანიზაციის მუშაობას უძღვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) და აშშ-ის ამინდისა და კლიმატის სააგენტო Noaa.

ექიმი ლი ამბობს, რომ დასვენებასთან და სითხის მიღებასთან, ისევე როგორც გარეთ მომუშავეებისთვის ჩრდილში ყოფნასთან ერთად, სიცხესთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია სხეულის გავარჯიშებაც.

"თუკი მუდმივად ფორმაში იქნებით, უფრო ადვილად გაუმკლავდებით სიცხეს და მისგან გამოწვეულ პრობლემებს. ამავდროულად, ამას სხვა სარგებელიც მოაქვს".

რაც შეეხება სამედიცინო სფეროში მომუშავეთა რთულ მდგომარეობას, როცა COVID-19-თან ბრძოლის პარალელურად მათ თავდაცვით აღჭურვილობაში ოფლად დაღვრა უხდებათ, ლი ამბობს, რომ ეს იმ მომავლის "ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას" წარმოადგენს, როცა ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.

"კლიმატის ცვლილება უზარმაზარი ურჩხული იქნება, ჩვენ კი ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობა და ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება, რომ მომზადებული შევხვდეთ მას. თუ ასე არ მოვიქცევით", — ამბობს იგი, — "მწარე საფასურით ვზღავთ".