ირანელი ქალი გეიმერების ბრძოლა ინტერნეტისთვის
პანდემიის შედეგად შემოღებული სოციალური დისტანცირების ზომების გამო, კომპიუტერული თამაშის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთანავე, ბევრმა Amazon-ის სტრიმინგ პლატფორმის, Twitch-ის უფრო აქტიური გამოყენება დაიწყო.
ირანში გეიმინგი პანდემიამდეც საკმაოდ პოპულარული იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ ირანელი გეიმერების 1/3 ქალია, რაც გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, მსოფლიოს ბევრი განვითარებული ქვეყნისგან განსხვავებით, ირანში ინტერნეტზე წვდომის სერიოზული პრობლემაა.
საერთაშორისო სანქციების და ადგილობრივი მთავრობის მიღებული ზომების გამო, ინტერნეტი ბოლო დროს ხშირად ფუფუნების საგანია ხოლმე. არადა, ის გეიმინგ კულტურისთვის და სტრიმერებისთვის, ცხადია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შარშან ირანში ბევრგან მთავრობამ ინტერნეტი მთლიანად გათიშა, რამაც ბევრ პროფესიონალ მოთამაშეს სამშობლოს დატოვებისკენ და გეიმინგ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებისკენ უბიძგა.
მაგალითად, კოსარ აზიზი ან Toxicgirlow, როგორც მას გეიმინგ საზოგადოებაში იცნობენ, საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა, სადაც ის მუშაობას აქტიურად აგრძელებს. აზიზი გეიმინგის სფეროში არსებულ უთანასწორაბაზე და სირთულეებზე საუბრობს:
"არ მგონია, რომ ბიჭებს და გოგოებს შორის თანასწორობაა, როცა საუბარია თამაშის ცენტრებზე და ტურნირებზე... ირანი იმიტომ დავტოვე, რომ კარიერა გამეგრძელებინა". თუმცა, ონლაინ საზოგადოებაც კი ხშირად ქალებისადმი შემწყნარებელი არ არის.
სხვა ირანელი გეიმერი ქალები BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ ისინი ხშირად ბულინგის და შევიწროების მსხვერპლნი არიან. მათ ხშირად ესმით ისეთი სექსისტური ფრაზები, როგორებიცაა, "წადი ქმარი იპოვე", "ქალები კომპიუტერულ თამაშებს არ უნდა თამაშობდნენ" და ა.შ.
სირთულეების მიუხედავად, პოპულარულ ირანელ გეიმერს, Nilofaar-ს ამჟამად 30 ათასი გამომწერი ჰყავს და ის მუშაობის გაგრძელებას აქტიურად ცდილობს.
ამჟამად პროფესიონალურ გეიმინგში აბსოლუტური უმრავლესობა კაცია, თუმცა ნელ-ნელა ეს ტენდენცია იცვლება.
კომენტარები