მკვლევრებმა სინათლის გატოტილ დინებაზე დაკვირვება პირველად შეძლეს
ისრაელის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევართა გუნდი პირველად ისტორიაში სინათლის გატოტილ დინებას დააკვირდა.
როდესაც ტალღები არაერთგვაროვანი ლანდშაფტების გავლით მოგზაურობენ, ისინი ბუნებრივად მიმოიფანტებიან, ხშირად ყველა მიმართულებით. სინათლის მიმოფანტვა ბუნებრივი ფენომენია, რომელიც ბუნებაში უამრავ ადგილას გვხვდება. მაგალითად, ცის ლურჯი ფერი სწორედ სინათლის მიმოფანტვის შედეგია. როგორც აღმოჩნდა, როცა არაერთგვაროვანი სივრცის სიგრძე ტალღის სიგრძეზე მნიშვნელოვნად დიდია, ტალღები უცნაურად იფანტებიან. ასეთ დროს წარმოიქმნება მაღალი ინტენსივობის ტოტები, რომელბიც ტალღის გავლასთან ერთად დაყოფას განაგრძობენ. ამ ფენომენს ელექტრონებში პირველად 2001 წელს დააკვირდნენ და ფიქრობდნენ, რომ იგი ყველა ტიპის ტალღებში გვხვდებოდა — მაგალითად, ბგერით ან თუნდაც ოკეანის ტალღებში. ახალი კვლევის მიხედვით კი, ეს ფენომენი უკვე სინათლესთან დააკავშირეს და ექსპერიმენტის ფარგლებში მის გატოტილ დინებას დააკვირდნენ.
"ჩვენთვის ცნობილი მოვლენაა, რომ ტალღები ჰომოგენურ მედიუმში გავლისას იშლებიან. მაგრამ სხვა ტიპის მედიუმებში ისინი განსხვავებულად შეიძლება იქცეოდნენ. როდესაც საქმე ეხება არაჰომოგენურ სივრცეს, როგორიც, მაგალითად, ისეთი ლანდშაფტია, სადაც მთაცაა და ველიც, ტალღები უჩვეულო გზებით ვრცელდებიან. ისინი იყოფიან და ხის ტოტების მსგავს, ლამაზ სქემას ქმნიან", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მიგელ ბანდრესმა.
"არაფერია იმაზე ამაღელვებელი, ვიდრე რაიმე ახლის აღმოჩენა, ეს კი ამ ფენომენის სინათლის ტალღებში არსებობის პირველი დემონსტრაციაა", — განაცხადა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ური სივანმა, — "ეს კვლევა ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია იმ ნივთიერების დახასიათება, სადაც სინათლე მაღალი სიზუსტით მრავლდება; ასევე შეგვიძლია ამ ტოტებზე დაკვირვება და მათი შესწავლა".
კვლევა 2 ივლისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები