პუტინი სამუდამოდ? — საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც ძალაუფლების განმტკიცების გარანტი
პირველ ივლისს დასრულდა ერთკვირიანი ხმის მიცემა, რა დროსაც რუსეთის მოქალაქეებს უნდა აერჩიათ შევიდოდა თუ არა ძალაში ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ხმის მიცემის დაწყებამდე ბევრად ადრე უკვე ცნობილი იყო, რომ შედეგები პუტინის რეჟიმისთვის სასურველი იქნებოდა.
რუსეთის მოქმედი კონსტიტუცია სახალხო ხმის მიცემით 1993 წელს მიიღეს და მას შემდეგ შესამჩნევი ცვლილებები მხოლოდ დიმიტრი მედვედევის დროს განხორციელდა. მაშინ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ოთხიდან ექვს წლამდე გაიზარდა, ხოლო რუსეთის დუმის წევრების — ოთხიდან ხუთამდე.
თითქმის 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, იმ პირობით, რომ რუსეთს ახალი კონსტიტუცია არ სჭირდებოდა, პუტინმა ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. მათი გატარებისთვის კი, სახალხო ხმის მიცემის და არა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა. ბევრი პოლიტოლოგისთვის ეს უკვე იყო ნიშანი, რომ ცვლილებები იმაზე უფრო მასშტაბური იქნებოდა, ვიდრე 2008 წელს.
მთელ ქვეყანაში საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთი სრული დღეც არ გასულა, თუმცა რუსეთის ცესკომ ხმების თითქმის ასი პროცენტი დათვალა და დაადგინა, რომ მოსახლეობის 78 პროცენტი ცვლილებებს მხარს უჭერს.
ვადების განულება, ანუ რა ხდება?
საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხი ვლადიმერ პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის განულებაა. საყურადღებო ეს უფრო პოლიტოლოგებსა და ოპოზიციას შორის იყო, თორემ არც ედინაია რასია და არც თვითონ ვლადიმერ პუტინი ამაზე დიდად არ საუბრობდნენ.
თვითონ იდეის გარდა, საინტერესოა ისიც, როგორ "მოულოდნელად" გაჩნდა შესწორება ცვლილებათა პაკეტში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა დუმაში პროექტს განიხილავდნენ და მეორე დღეს ის საბოლოოდ უნდა მიეღოთ, მმართველი პარტიის დეპუტატ ვალენტინა ტერეშკოვას "დაებადა აზრი", პუტინისთვის ყველა საპრეზიდენტო ვადა გაენულებინათ. ანუ პუტინს ჩამოეწეროს მმართველობის წლები, რაც მას საშუალებას აძლევს "სუფთა ფურცლიდან" კვლავ განაგრძოს არჩევნებში მონაწილეობა და პრეზიდენტობა. ეს კი შეიძლება 2036 წლამდე გაგრძელდეს.
როცა ტერეშკოვამ ახალი ცვლილება წარადგინა, სხდომა შეწყდა და ვლადიმერ პუტინს დაურეკეს, რათა მისთვის აზრი ეკითხათ. იგი სხდომაზეც მივიდა და დათანხმდა ცვლილებას, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მას დასაშვებად ცნობდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთიანი პაკეტი, მათ შორის ვადების განულების საკითხი, დუმამ მიიღო. მას მხარი დაუჭირეს რეგიონულმა პარლამენტებმა და ცხადია, დასაშვებად ცნო საკონსტიტუციო სასამართლომაც.
ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ როსია 1-თან ინტერვიუს დროს განმარტა, რატომ იყო საჭირო ვადების განულება.
"თუ ეს არ მოხდება, ორი წლის შემდეგ, და ეს ჩემი გამოცილდებით ვიცი, ძალაუფლების მრავალ დონეზე ნორმალური რიტმული მუშაობის ნაცვლად, დაიწყება სავარაუდო მემკვიდრეებზე თვალების ცეცება. უნდა იმუშაო და არა მემკვიდრეები ეძებო", — განაცხადა პუტინმა.
კითხვას, იყრის თუ არა კენჭს არჩევნებზე, პუტინმა მაშინ უპასუხა:
"ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. არ გამოვრიცხავ კენჭისყრას, თუ ეს [ცვლილებები] კონსტიტუციაში აღმოჩნდება. ვნახოთ".
უფრო მეტი პრეზიდენტს — კიდევ რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში
თუ პუტინი შემდგომ წლებშიც გადაწყვეტს პრეზიდენტობას, კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებები მიუთითებს იმაზე, რომ მისი ძალაუფლება უფრო გამყარდება.
მიუხედავად იმისა, რომ მან მომავალი მმართველობა განიმტკიცა, შემდეგი პრეზიდენტები აღნიშნული თანამდებობის დაკავებას მხოლოდ ორჯერ შეძლებენ. კონსტიტუციიდან ამოიღეს სიტყვა "ზედიზედ".
სწორედ ამჟამინდელმა ნორმამ მისცა საშუალება პუტინს, პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერმინისტრის სავარძელში გადასულიყო და შემდეგ ისევ პრეზიდენტობას დაბრუნებოდა. ახლა კი მსგავსი "ტრიუკი" შეუძლებელი იქნება. თუმცა ეს ცვლილება პუტინს არ შეეხება.
თვითონ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ სიტყვის "ზედიზედ" ამოღებით ხელისუფლების ცვლილების გარანტია იქმნება.
ამავე დროს, იზრდება პრეზიდენტის და მცირდება პრემიერის უფლებამოსილება, რაც პუტინის შემთხვევაში, ძალაუფლებას კიდევ უფრო განამტკიცებს. რუსეთის კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი არამხოლოდ მთავრობის სხდომების თავმჯდომარე იქნება, არამედ მინისტრთა კაბინეტის სამუშაოს ძირითად მიმართულებებს განსაზღვს, ხოლო პრემიერი ამ მუშაობას დააორგანიზებს.
სენატორებთან კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტს შეეძლება ძალოვანი სტრუქტურების მინისტრები დანიშნოს და გადააყენოს. დანარჩენ მინისტრებს კი პრემიერი წარადგენს და დუმა დანიშნავს.
პრეზიდენტის გავლენა მტკიცდება ფედერაციულ საბჭოშიც. იზრდება იმ სენატორების რაოდენობა, რომელთა დანიშვნასაც იგი შეძლებს. მათგან შვიდი კი უვადო სენატორი იქნება.
სასამართლო სისტემაც უფრო მეტად დამოკიდებული გახდება პრეზიდენტზე. ქვეყნის მეთაურს შეეძლება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების გათავისუფლება დააინიციროს. აქამდე მას მხოლოდ მათი დანიშვნის უფლებამოსილება ჰქონდა.
დეპუტატებისა და სენატორების ინიციატივით, კონსტიტუციის დონეზე განმტკიცდება პრეზიდენტის ხელშეუხებლობა გადადგომის შემდეგ. ამასთან, იგი შეძლებს სურვილის შემთხვევაში უვადო სენატორი გახდეს.
პუტინის სურვილით, კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთს, არ შეასრულოს საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებები. ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული, განაცხადოს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის ძირითადად კანონს ეწინააღმდეგება. თუმცა ფორმალურად რუსეთის მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ თავიანთი უფლებების დასაცავად საერთაშორისო ორგანოებს მიმართონ.
რუსეთში გაჩნდება ახალი საკონსტიტუციო ორგანო — სახელმწიფო საბჭო. მას პრეზიდენტი ჩამოაყალიბებს, წევრები კი შიდა და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ. ამ ეტაპისთვის საბჭოს მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია აქვს და მის სამომავლო მუშაობას ფედერალური კანონი განსაზღვრავს.
ცვლილებათა პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი საბჭოთა კავშირს ეხებოდა. ამასთან, გაიწერა ქვეყნის განსაზღვრა და ოჯახის მნიშვნელობა.
პუტინმა გადაწყვიტა აღენიშნა, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა. დოკუმენტში ცალკეა გამოყოფილი, რომ სახელმწიფო პატივს მიაგებს "სამშობლოს დამცველთა ხსოვნას" და "ისტორიული სიმართლის დაცვას უზრუნველყოფს".
კონსტიტუციაში ქვეყნის განმსაზღვრელი ორაზროვანი და ვრცელი ფორმულირება ჩაეწერება, რომ ის "ათასწლოვანი ისტორიით არის გაერთიანებული" და ინახავს "წინაპრების ხსოვნას, რომლებმაც გადმოგვცეს იდეალები და ღმერთისადმი რწმენა". ამასთან, ქვეყნის მთავარ კანონში ჩნდება ჩანაწერი, რომ ბავშვები უნდა აღიზარდონ პატრიოტული სულისკვეთებით და უფროსებს პატივს უნდა სცემდნენ, ხოლო ოჯახი ქალისა და კაცის ერთობად განიმარტა.
პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდის პარალელურად, გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ სახელმწიფო მოხელეებს. მაღალჩინოსნებს, დეპუტატებსა და მოსამართლეებს ეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და სხვა ქვეყნებში ცხოვრების უფლების ქონა. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტობა შეეძლება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც უცხოეთში მუდმივი ცხოვრების უფლების დოკუმენტი არ ჰქონია.
ამასთან, მაღალჩინოსნებს, დეპუტატებს, მოსამართლეებსა, პროკურორებსა და რეგიონების ხელმძღვანელებს არ ექნებათ უფლება უცხოეთში ანგარიშები იქონიონ და ძვირფასი ქონება შეინახონ. თუმცა საზღვარგარეთ უძრავი ქონების ფლობა კვლავ დასაშვებია.
ხელმოტეხილი ფოტოგრაფი და მრავალჯერადი ხმის მიცემა
რუსეთის ცესკომ წინასწარი შედეგები მთელ ქვეყანაში საარჩევნო უბნების დახურვამდე გამოაცხადა. ჯერ მხოლოდ ხმების 0,79 პროცენტი იყო დათვლილი, თუმცა უწყებამ ჩათვალა, რომ წინასწარი შედეგების გასაჯაროებლად ეს საკმარისი რაოდენობაა.
ერთი კვირის განმავლობაში დამკვირვებლებმა, აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა და თვითონ ამომრჩევლებმა არაერთი დარღვევა აღმოაჩინეს. BBC-ის რუსულმა სამსახურმა კი რამდენიმე მათგანი შეკრიბა.
საარჩევნო უბნები 25 ივნისს გაიხსნა, ხმის მიცემა ერთი კვირის განმავლობაში იყო შესაძლებელი. აღნიშნული ფორმატი სპეციალურად პუტინის ცვლილებებისთვის მოიფიქრეს. მოსკოვსა და ნიჟნი ნოვგოროდში კი არჩევანის გაკეთება ელექტრონულად იყო შესაძლებელი.
საარჩევნო უბნების გახსნის პირველი დღეს ტვ რეინის ჟურნალისტმა, პაველ ლობკომ ხმა ორჯერ მისცა — ელექტრონულად და უბანზე. ცესკოს თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ ლობკოვის ქმედებებს "პროვოკაცია" უწოდა. ჟურნალისტის ბიულეტენი ყველა იმ ბიულეტენთან ერთად გააუქმეს, რომელიც მასთან ერთად ყუთში იდო. ლობკოვის წინააღმდეგ კი საქმე აღძრეს და მას ჯარიმა ემუქრება.
BBC მრავალჯერადი ხმის მიცემის არაერთ შემთხვევაზე წერს. მაგალითად, ნევსკი პროსპექტის მთავარ რედაქტორს, ანა ნევსკაიას შესთავაზეს, ხმა მისი მშობლების ნაცვლადაც მიეცა, რომლებიც მის ბინაში არიან ჩაწერილები. ამასთან, ისრაელში მცხოვრებმა ქალმა თქვა, რომ ხმის მიცემა სამჯერ შეძლო და მისი არასრულწლოვანი შვილის სახელით ბიულეტენი მოიპოვა. მან ხმა ელექტრონულად, თელ-ავივის საელჩოსა და ხაიფას საკონსულოში მისცა.
გამოცემის ინფორმაციითვე, მოსკოვში ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა. ერთ-ერთმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მათ ნაცვლად არჩევანი უკვე გაკეთებულია.
მოსკოვის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, დიმიტრი რეუტმა განაცხადა, რომ ეს "ცუდი განზრახვით დარღვევა" არ ყოფილა. მისი თქმით, შეცდომა ოჯახებში გადასატანი ყუთის მიტანის დროს მოხდა და ყუთში არსებული ყველა ბიულეტენი გააუქმეს. რეუტმა პრობლემა საარჩევნო კომისიის წევრების გადაღლილობით ახსნა.
BBC-ის კორესპონდენტმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი კოლეჯის შენობაში ამომრჩევლებს ფულს ურიგებდნენ.
მორდვეთის ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ყუთში ბიულეტენებს ყრიან. თუმცა გაყალბების შესახებ ინფორმაცია უარყვეს და განმარტეს, რომ ამომრჩეველი თავისი დის ნაცვლად აძლევდა ხმას, რომელსაც ქცევის კოორდინაცია აქვს დარღვეული.
გადასატან ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ვიდეო გადაიღეს სანქტ-პეტერბურგშიც.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შტაბმა სარატოვში გადაუღო საარჩევნო ყუთს, რომელშიც ბიულეტენების ორი დასტა სიმეტრიულად არის ჩალაგებული. ამის შემდეგ ბიულეტენები გააუქმეს.
გაყალბების გარდა, იყო თავდასხმები ჟურნალისტებზე. 30 ივნისს პეტერბურგში პოლიციამ მედიაზონას კორესპონდენტსა და ფოტოგრაფს, დავიდ ფრენკელს ხელი მოტეხა, როცა საარჩევნო უბნიდან მის გაძევებას ცდილობდა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, უბანზე მას შემდეგ მივიდა, რაც დარღვევის შესახებ შეატყობინეს.
საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ კონფლიქტურ სიტუაციას ჟურნალისტი ქმნიდა და ინციდენტის დროს ტრავმა მიიღო. დავიდ ფრენკელის თქმით, კი მან პოლიციას უბრალოდ ვინაობის წარდგენა მოსთხოვა.
კრემლმა ინციდენტის გამოძიების მითითება გასცა.
"ტრიუმფალური" შედეგები
ხმის მიცემის დასრულებამდე ორი დღით ადრე, ვლადიმერ პუტინმა ახალი ძეგლი გახსნა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა. სწორედ ძეგლის წინ მდგომმა პუტინმა მიმართა მოსახლეობას, საარჩევნო უბნებზე მისულიყვნენ და ხმა მიეცათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.
პატრიოტიზმის, სტაბილურობისა და გარანტიების შესახებ პათეტიკურ ტექსტში, რა თქმა უნდა, პუტინს არ უსაუბრია მისთვის დამატებითი პრივილეგიებისა და შესაძლებლობების მინიჭებაზე. არ გაუმახვილებია ყურადღება არც საპრეზიდენტო ვადის განულებაზე.
ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პუტინის რეიტინგის ვარდნას ასახელებდა. მაისის გამოკითხვის შედეგად პუტინის რეიტინგი 59 პროცენტამდე დაეცა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, მის საქმიანობას მოსახლეობის 33 პროცენტი უარყოფითად აფასებდა.
ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც არაერთხელ ყოფილა დევნისა და თავდასხმის ობიექტი, ამბობს, რომ ცვლილებების 78-პროცენტიან მხარდაჭერას მოსახლეობის შეხედულებებთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, ახლა საუკეთესო გამოსავალი მობილიზება და შემოდგომის არჩევნებზე ედიანაია რასიას დამარცხება იქნება, სადაც რაღაც პროცედურები მაინც იარსებებს.
მოძრაობა გოლოს ხმის მიცემის პროცედურას აქტიურად აკვირდებოდა. ნავალნის მსგავსად, საბოლოო შედეგის ნამდვილობას ისინიც ეჭვქვეშ აყენებენ. მათი თქმით, ეს ხმის მიცემა ისტორიაში შევა, როგორც ხალხის დამოუკიდებელ ნებაზე უპრეცედენტო თავდასხმის მაგალითი.
კრემლში კი მიაჩნიათ, რომ შედეგები ტრიუმფალურია. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, პუტინის ნდობის დე-ფაქტო რეფერენდუმი ჩატარდა.
"რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი აქტივობისა და მხარდაჭერის უმაღლესი დონის წინასწარ განსაზღვრა რთული იყო", — აღნიშნა პესკოვმა.
რა გავლენა ექნება პუტინის ძალაუფლების ზრდას საქართველოზე?
საკონსტიტუციო ცვლილებებით პუტინი მყარდება და მისი ძალაუფლება კიდევ უფრო ფართოვდება. GRASS-ის უფროსი მკვლევარი და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, გია ჯაფარიძე On.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოსთვის რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები იგივეა. მისივე თქმით, რუსეთში არაფერი ახალი არ მომხდარა და ძალაუფლების კონსოლიდაცია აქამდეც გვინახავს, როცა 2012 წელს პუტინი პრემიერობიდან დაბრუნდა.
ამასთან, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პუტინი გააგრძელებს გავლენების გაფართოებას:
"განსაკუთრებით ბოლო თვეებში ჰქონდა სახიფათო განცხადებები, როცა თავისებური წაკითხვა შემოგვთავაზა საქართველოს ისტორიის. ეს ფაქტობრივად იყო გეგმა, რომ საქართველო დაებრუნებინა მისი აზრით ბუნებრივ მდგომარეობაში, და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა დანაწევრებული საქართველო".
ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ახლა მთავარი კითხვაა, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, მაგრამ მნიშვნელოვანია დასავლეთიც კონსოლიდირებული პასუხიც, რაც აქამდეც გვინახავს:
"ჩვენ გვაქვს ჩვენი გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით უნდა მოვახდინოთ დემოკრატიის კონსოლიდაცია, რომ ეჭვები საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შინაარსთან და ფორმასთან მიმართებაში ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან არ არსებობდეს და შემდეგ დასავლელმა პარტნიორებმა ჩვენთან მიმართებაში სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ".
რას იზამს დასავლეთი, პროგნოზირება რთულია. ჯაფარიძის მოსაზრებით, ის ერთიანობა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს თუნდაც ცივი ომის პერიოდში ჰქონდათ, ახლა არ შეიმჩნევა.
კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან განსაკუთრებულ გააქტიურებას თუ აგრესიას, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ამის მოლოდინში მუდმივათ უნდა ვიყოთ.
"საკონსტიტუციო ცვლილებები იქნებოდა თუ არა, ეს [აგრესია] რუსეთის მხრიდან ყოველთვის მოსალოდნელია. საბჭოთა კავშირშიც განაღდებული ჰქონდათ რაღაცები, მაგრამ დაიშალა ქვეყანა. როგორი იქნება რუსეთში შიდა პოლიტიკური დინამიკა, არ ვიცით", — ამბობს ის.
გია ჯაფარიძე რუსეთის საგარეო პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება და აცხადებს, რომ ჩრდილოელი მეზობელი ისეთივე აგრესიული იქნება, როგორიც აქამდე იყო.
კომენტარები