სპეციფიკური ნათებისთვის თვალის გასწორებას მხედველობის გაუმჯობესება შეუძლია — კვლევა
ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, მათ აღმოაჩინეს, რომ თუკი ადამიანის თვალი დღეში სამი წუთის განმავლობაში წითელ ნათებას უყურებს, მისი მხედველობა გაუმჯობესდება.
ასაკის მატებასთან ერთად, ბადურის ფოტორეცეპტორ უჯრედებში მიტოქონდრიის გათხელების გამო თვალს ფუნქციონირება უფრო და უფრო უჭირს. ამ დროს ფოტორეცეპტორი უჯრედები ენერგიის ნაკლებობას განიცდიან, თუმცა მას შემდეგ, რაც ისინი თითქმის ინფრაწითელი ნათებით დაასხივეს, მათ უკეთ ფუნქციონირება შეძლეს.
"ტექნოლოგია მარტივი და უსაფრთხოა. ბადურის მიტოქონდრია სინათლეს შთანთქავს და უჯრედული ფუნქციის შესრულებისთვის ენერგიას ინახავს", — განაცხადა ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ავტორმა გლენ ჯეფერიმ.
კვლევაში 28-დან 72 წლამდე ასაკის 12 კაცი და 12 ქალი მონაწილეობდა. მათ კვლევის გარეთ გარკვეული შემოწმებები გაიარეს, ეს ნიშნავს, რომ ექიმებმა მათ პერიფერიულ მხედველობაზე პასუხისმგებელი ბადურის ფოტორეცეპტორი ჩხირები და ფერების გარჩევაზე პასუხისმგებელი კოლბები შეუმოწმეს.
შემდეგ მათ პატარა LED სანათები დაურიგეს, რომლებიც წითელ სინათლეს ასხივებდა. ექსპერიმენტის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ამ სანათებს სამი წუთის განმავლობაში უყურებდნენ. შედეგად, ფერების აღქმის უნარი 40 წელს გადაცილებულ პაციენტებში 20%-ით აღდგა. იმავე ჯგუფში ბინდში ხედვის უნარიც საგრძნობლად გაუმჯობესდა.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ასაკის გამო დაქვეითებული მხედველობის გაუმჯობესება მარტივი დასხივების მეშვეობით სავსებით შესაძლებელია. ამ ტექნიკის უპირატესობა კი ისაა, რომ ჩვენი მოწყობილობა სულ რაღაც 12 ევრო ჯდება, რაც ნიშნავს, რომ იგი საზოგადოებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება", — განაცხადა პროფესორმა ჯეფრიმ.
კვლევა 29 ივნისს ჟურნალ Journals of Gerontology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები