სპილოები ადამიანის მზერას გრძნობენ — კვლევა
ფოტო: KyotoU / Hoi-Lam Jim
სპილოს დიდ ყურებსა და გრძელ ხორთუმს რომ დააკვირდეთ, იფიქრებთ, ის სამყაროსთან ძირითადად სმენისა და ყნოსვის საშუალებით ურთიერთქმედებს. მეორე მხრივ, ვიცით, რომ სპილო მიმიკებსა და ჟესტებსაც აღიქვამს. და მაინც, ზუსტად რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს მისთვის კარგად ცნობილი არ არის.
წინა კვლევამ აჩვენა, რომ აფრიკული სავანის სპილოები ადამიანის მიმიკებს კარგად აღიქვამენ — აღიქვამენ, სად იყურება ადამიანი და როგორია მისი სხეულის პოზიცია. მეორე მხრივ, ჩვენ ჯერ არ ვიცოდით, თუ როგორ რეაგირებდნენ ამავე ნიშნებზე აზიური სპილოები. ცნობისთვის, აზიური სპილოები აფრიკულ სპილოებს მილიონობით წლის წინ გამოეყვნენ, ამიტომ მათი ქცევა და შემეცნება ზოგიერთი ასპექტით განსხვავდება.
კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, აქვთ თუ არა იგივე უნარები აზიურ სპილოებს. მათ ყურადღება ტაილანდის ტერიტორიაზე მცხოვრებ სპილოებზე გაამახვილეს. კვლევის შედეგები ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
"სპილოების შესახებ სადოქტორო ნაშრომის დაცვის შემდეგ, მინდოდა შემემოწმებინა, აღიქვამენ თუ არა აზიური სპილოები, როდესაც მათ ადამიანები აკვირდებიან", — თქვა კვლევის ავტორმა ჰოი-ლამ ჯიმიმ.
მკვლევრები ჩრდილოეთ ტაილანდის ქალაქ ჩიანგ რაიში გაემგზავრნენ, სადაც ისინი 10 მდედრ სპილოს დააკვირდნენ. მკვლევრები სპილოს მიმართ ხუთ სხვადასხვა პოზიციაში იდგნენ.
მკვლევრები დააკვირდნენ როგორ რეაგირებდნენ სპილოები, როდესაც ისინი მათ არ უყურებდნენ. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სპილოები ყველაზე მეტ სიგნალს გამოხატავდნენ, როცა ექსპერიმენტატორის სახეც და სხეულიც მათკენ იყო მიმართული. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ სხეულის მიმართულება უფრო ძლიერ ვიზუალურ ნიშნად აღიქმებოდა (სპილოსთვის), ვიდრე მხოლოდ სახის მიმართულება.
შეიძლება ითქვას, სპილოები უკეთ აღიქვამდნენ ადამიანს, როცა სახე და სხეული (ადამიანის) ერთად იყო მათკენ მიმართული. მთლიანობაში კი, სხეულის პოზიცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სახის.
"ჩვენ დავასკვენით, რომ აზიური სპილოები აღიქვამენ ადამიანის მზერას და სხეულის პოზიციას. ისინი სხეულისა და სახის მიმართულებას კომბინირებულად აღიქვამენ. სპილოები ცდილობენ გაერკვნენ, ვუყურებთ თუ არა მათ. კვლევა გვაძლევს უფრო ღრმა გაგებას სპილოების ინტელექტისა და მათი კომუნიკაციის უნარების შესახებ", — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კომენტარები