რამდენ ხანს ძლებს დნმ?
ფოტო: Getty Images
მეცნიერები უძველეს დნმ-ს გადაშენებულ ცხოველებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად 1984 წლიდან იყენებენ.
ბოლო 40 წლის განმავლობაში, ტექნოლოგიების განვითარებამ მეცნიერებს საშუალება მისცა, ცხოველებისა და მცენარეების უფრო და უფრო ძველი დნმ შეესწავლათ. ამ მხრივ ყველაზე ძველი დნმ, რომლის შესწავლაც შეძლეს 2.4 მილიონი წლისაა და ის გრენლანდიის ეკოსისტემას ეკუთვნის.
მაგრამ შეიძლება თუ არა რომ დნმ-მა კიდევ უფრო დიდხანს გაძლოს? რადგან დნმ-ის შენარჩუნება უამრავ გარემო ფაქტორზეა დამოკიდებული, კვლავ აქტუალურია შეკითხვა: რა არის დნმ-ის "მაქსიმუმი"?
"ნაკლები, ვიდრე ეს 90-იანი წლების დასაწყისში გვეგონა, მაგრამ მეტი, ვიდრე ეს 2000-იანების დასაწყისში მიგვაჩნდა", — განუცხადა Live Science-ს დანიის ეროვნული კვლევითი ფონდის ევოლუციური ჰოლოგენომიკის ცენტრის დირექტორმა, ტომ გილბერტმა.
ამ მხრივ საინტერესოა მაიკლ კრაიტონის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი იურული პარკი (1990 წელი), რომელშიც ქარვაში გაქვავებული მწერებიდან დინოზავრის დნმ-ს იღებენ და რამდენიმე გადაშენებულ სახეობას აცოცხლებენ.
წიგნმა, ისევე როგორც მისმა ეკრანიზაციამ, დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
"ადამიანებმა დნმ-ის ძებნა ცარცული პერიოდის ნამარხებში დაიწყეს — იმ ორგანიზმების, რომლებიც 145 მილიონიდან 66 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ძველი დნმ მარტივი მოსაპოვებელი არ არის", — ამბობს გილბერტი.
გილბერტი 2012 წლის კვლევის ავტორია, რომელშიც მეცნიერები ცარცული პერიოდის დნმ-ის შესწავლით იყვნენ დაინტერესებული. მათ აინტერესებდათ, შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი ძველი დნმ-ის მილიონობით წლის განმავლობაში უვნებლად გადარჩენა.
გუნდმა გააანალიზა ახალი ზელანდიის გადაშენებული მოა ფრინველების 158 ძვლის მიტოქონდრიული დნმ. დროთა განმავლობაში დაშლის პროცესის შესწავლით, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ დნმ-ის "ნახევარდაშლის პერიოდი" — როდესაც ნიმუშში დნმ-ის ბმების ნახევარი წყდება — დაახლოებით 521 წელია.
იურული პარკის დამაჯერებელი სიუჟეტის მიუხედავად, დინოზავრის ეპოქის დნმ-ის გაქვავებულ ნიმუშებში შენახვა შეუძლებელია.
ფოტო: Getty Images
კვლევის თანახმად, იდეალურ პირობებშიც კი, დნმ შეიძლება 6-7 მილიონი წლის განმავლობაში გადარჩენილიყო. ჩვენ კი ვიცით, რომ დინოზავრები 66 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ.
"უძველესი დნმ-ის გადასარჩენად საუკეთესო პირობებია ცივი, ბნელი და მშრალი გარემო. შესაბამისად, იმისთვის, რომ დნმ-მა დიდხანს გაძლოს, ისეთი ადგილია იდეალური, სადაც მუდმივად ცივა", — განუცხადა Live Science-ს კანზასის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ჯენიფერ რაფმა.
ამით იხსნება, თუ რატომ მიაგნეს ამ დროისთვის უძველეს დნმ-ს გრენლანდიაში 2.4 მილიონი წლის წინანდელ ნამარხში და რატომ აღმოაჩინეს დღემდე გამოკვლეული უძველესი ცხოველის გენომი — 1.2 მილიონი წლის წინ მცხოვრები მამონტის — ციმბირში.
ჩვენი სახეობის დნმ-ის ისტორია
ჩნდება შეკითხვა, თუ რომელია ჰომინიდების უძველესი დნმ. ადამიანები ძირითადად ცხელ და ნესტიან გეოგრაფიულ არეალში განვითარდნენ, სადაც დნმ-ის შენარჩუნება შედარებით რთულია. ეს ზღუდავს იმ ინფორმაციას, რაც შეგვიძლია შევიტყოთ ჩვენი შორეული წინაპრებისა და მონათესავე სახეობების შესახებ მათი დნმ-დან.
ნეანდერტალელების, ჩვენი უახლოესი (გადაშენებული) მონათესავე სახეობის, დნმ 1997 წელს გერმანიაში, კლაინე ფელდჰოფერის გამოქვაბულში აღმოჩენილი 40 000 წლის წინ მცხოვრები ინდივიდისგან ამოიღეს. რაც შეეხება ჰომინიდის უძველეს დნმ-ს, ის ესპანეთში, ატაპუერკას მთებში აღმოაჩინეს. 2022 წელს მკვლევრებმა 400 000 წლის წინ მცხოვრები ჰომინიდის ბარძაყის ძვლის დნმ მოიპოვეს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ჰომინიდი იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლიდანაც ნეანდერტალელები და დენისოველები წარმოიშვნენ.
აფრიკიდან, სადაც თანამედროვე ადამიანი გაჩნდა, უძველესი დნმ-ის მტკიცებულებები ამჟამად მწირია. ბუნებრივი პირობების გამო (მაღალი ტემპერატურა და სითბო), სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ჰომო საპიენსის უძველესი დნმ მხოლოდ 20 000 წლისაა. შესაბამისად, მეცნიერები შეზღუდულები არიან ჩვენი უძველესი წინაპრების გენეტიკის კვლევაში.
"მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჰომო ერექტუსის დნმ-ის შესწავლის მხრივ. ჰომო ერექტუსის ნაშთები გვხდება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია დნმ-ის უფრო დიდი ხნით შენარჩუნება — მაგალითად, საქართველოსა და ჩინეთში", — ამბობს ჯენიფერ რაფი.
ტომ გილბერტის თქმით, 2003 წელს მიაჩნდათ, რომ ყველაზე ძველი დნმ მაქსიმუმ 100 000 წლის იქნებოდა. და, აი, ახლა ჩვენს მიერ აღმოჩენილი უძველესი დნმ 2.4 მილიონი წლისაა. ამიტომ, მკვლევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მიაჩნიათ, რომ მომავალში შეიძლება კიდევ უფრო ძველ დნმ-ს მიაგნონ.
კომენტარები