Apple-მა ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლით ICE-ს აგენტების სათვალთვალო აპლიკაციები წაშალა
Apple-მა App Store-იდან აპლიკაცია ICEBlock და მისი მსგავსი აპლიკაციები წაშალა. აღნიშნული პროგრამები მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ანონიმურად შეეტყობინებინათ და თვალი მიედევნებინათ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების ადგილსამყოფლისთვის.
კომპანიის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის, მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას მოჰყვა. ინფორმაცია აპლიკაციის წაშლის შესახებ პირველად Fox Business-მა გაავრცელა.
როგორია კონტექსტი
საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური (ICE) ცენტრალური ნაწილია იმიგრაციის მკაცრი პოლიტიკისა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ატარებს. ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ICE-მ ქვეყნის მასშტაბით არაერთი საიმიგრაციო რეიდი ჩაატარა.
რეიდების ფარგლებში დააკავეს ვიზის მქონე ადამიანებიც და აშშ-ის მუდმივი მაცხოვრებლებიც, რომლებიც ადმინისტრაციის სამიზნე პროპალესტინური აქტივიზმის გამო გახდნენ. უფლებადამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ; მათი აზრით, მთავრობის მიერ წარმოებული დეპორტაციის კამპანია სიტყვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს არღვევს.
ხელისუფლების რეაქცია და Apple-ის გადაწყვეტილება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი Apple-ს ხუთშაბათს დაუკავშირდა და აპლიკაციის დაუყოვნებლივ წაშლა მოითხოვა.
კომპანიამ მოთხოვნა შეასრულა და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
"App Store შევქმენით, როგორც აპლიკაციების აღმოჩენის უსაფრთხო და სანდო ადგილი. სამართალდამცავი ორგანოებისგან ICEBlock-თან დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით ის და მსგავსი აპლიკაციები App Store-იდან წავშალეთ", — ნათქვამია Apple-ის კომენტარში.
კავშირი ძალადობის ფაქტთან
გენერალური პროკურორის თქმით, აპლიკაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებს.
"ICEBlock შექმნილია იმისთვის, რომ საფრთხე შეუქმნას ICE-ს აგენტებს, რომლებიც უბრალოდ თავიანთ სამუშაოს ასრულებენ", — განაცხადა პემ ბონდიმ — "სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობა კი ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც დაუშვებელია".
ხელისუფლება აპლიკაციას სახიფათოდ მიიჩნევს, რადგან იგი სექტემბერში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას დაუკავშირეს. გამოძიების მტკიცებით, პირი, რომელიც დალასში ICE-ს დაწესებულებას დაესხა თავს, სწორედ აგენტების ადგილსამყოფლის დასადგენ აპლიკაციებს იყენებდა.
24 სექტემბერს ჯოშუა იანმა ICE-ს დაწესებულებაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი დაკავებული იმიგრანტი დაიხოცა, ერთი კი დაიჭრა. თავდამსხმელმა მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მთავრობა აპლიკაციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ივნისის ბოლოს ტოდ ლაიონსმა, ICE-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, განაცხადა, რომ მის ოფიცრებსა და აგენტებზე თავდასხმების რიცხვი 500%-ით იყო გაზრდილი. მანამდე პემ ბონდიმ და კრისტი ნოემმა, ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, აპლიკაციის შემქმნელი ჯოშუა აარონი გააფრთხილეს შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ.
რა რჩება უცნობი
ამ დროისთვის რამდენიმე კითხვა პასუხგაუცემელი რჩება:
- უცნობია, კონკრეტულად რომელი "მსგავსი აპლიკაციები" წაშალა Apple-მა ICEBlock-თან ერთად;
- აპლიკაციის შემქმნელს, ჯოშუა აარონს, App Store-დან მის წაშლაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია;
- დაკონკრეტებული არ არის, რა საფუძვლით განიხილავს მთავრობა აპლიკაციის შემქმნელის სისხლისსამართლებრივ დევნას.
რა ვიცით ICEBlock-ის შესახებ
ICEBlock ტეხასელმა ჯოშუა აარონმა შექმნა და App Store-ზე 2025 წლის აპრილში გამოჩნდა. აპლიკაცია შესაბამის შეტყობინებას უგზავნიდა მომხმარებლებს, რომლებიც მონიშნული აგენტის ლოკაციიდან 8 კილომეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ.
აპლიკაციამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. გამოსვლიდან დღემდე იგი მილიონზე მეტჯერ ჩამოტვირთეს. მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2025 წლის 30 ივნისს, თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, როდესაც ICEBlock სოციალური ქსელების კატეგორიაში ყველაზე პოპულარული აპლიკაცია გახდა. ჩამოტვირთვებმა პიკს 1-ელ ივლისს მიაღწია, როცა ეს მაჩვენებელი თითქმის 114 ათასი გახდა. შედარებისთვის, CNN-ის ანგარიშის მიხედვით, ივნისში აპლიკაციას 20 ათასი მომხმარებელი ჰყავდა.
კომენტარები