ალექსანდრე მაკედონელის სპარსეთის იმპერიასთან პირველი ბრძოლის კვალს თურქეთის ტერიტორიაზე მიაგნეს
აღმოაჩინეს ადგილი, სადაც ალექსანდრე მაკედონელის პირველი დიდი ბრძოლა გაიმართა.
ფოტო: Diginoy
თურქეთში მოღვაწე მეცნიერები თვლიან, რომ იმ ადგილს მიაგნეს, სადაც ალექსანდრე მაკედონელმა თავისი პირველი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ეს ბრძოლა გრანიკოსის სახელითაა ცნობილი და მასში მაკედონელის 40 000 მეომრისგან შემდგარი არმია იღებდა მონაწილეობას. აქამდე ზუსტად არ ვიცოდით, თუ სად შედგა ეს ბრძოლა და რომელ ლოკაციაზე მოიპოვა მაკედონელმა პირველი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ.
"ჩვენმა კვლევამ, უძველესი წყაროების ყურადღებით გაცნობის პარალელურად, მოგვცა საშუალება, დაგვედგინა ბრძოლის ზუსტი ადგილმდებარეობა", — განაცხადა რევჰან კორპემ, ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრების წამყვანმა მკვლევარმა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ადგილმდებარეობის შესახებ ბევრი თეორია არსებობდა, მკვლევრებმა გამოიყენეს ის ცოდნა, რომელიც მათ უძველეს ჭაობებსა და მკაფიოდ შესამჩნევ გორაკებზე ჰქონდათ. ამით ისინი ცდილობდნენ დაედგინათ ბრძოლის ზუსტი ადგილმდებარეობა თურქეთის ქალაქ ბიგას გარეთ, მდინარე გრანიკოსის გასწვრივ.
"ითვლებოდა, რომ ბრძოლის ძირითადი ადგილმდებარეობა ჭაობიანი იყო, თუმცა ჭაობის აღმოსავლეთით გუნდმა იპოვა ბორცვი, რომელიც ერთ-ერთი დაქირავებული ჯარისკაცის მიერ აღწერილ ლოკაციას ჰგავდა", — განაცხადა კორპემ.
ლანდშაფტის რეკონსტრუქციის მიზნით, გეომორფოლოგიური კვლევების გამოყენებით, ჯგუფმა ზუსტად დაადგინა, რომელი ადგილები იყო ჭაობიანი და სად შეიძლებოდა მასშტაბური ბრძოლები გამართულიყო. ამან მკვლევრები უფრო სამხრეთით გადაიყვანა.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ გორაკზე რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთეს, რამაც კიდევ უფრო გაამყარა, რომ ძვ.წ. IV საუკუნის ბრძოლის ველი სწორედ ეს იყო.
"ადგილობრივი ფერმერები იუწყებიან, რომ ამ გორაკზე იარაღით სავსე საფლავები აღმოაჩინეს, რაც თანხვედრაშია უძველეს ცნობებთან, რომ ალექსანდრემ დაღუპული მაკედონელი ჯარისკაცები თავიანთ იარაღთან ერთად დაკრძალა", — თქვა კორპემ.
ბრძოლის ველის სწორი ადგილმდებარეობის დასადგენად კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი გზაზე უძველესი ქალაქის აღმოჩენა იყო. მანამდე ამ ტერიტორიაზე ორი უძველესი ქალაქი იყო აღმოჩენილი, მაგრამ ჯგუფის მიერ მესამე ქალაქის, ჰერმეიონის, აღმოჩენა დამატებითი მტკიცებულება იყო.
უძველეს ჩანაწერებში ქალაქი ჰერმეიონი ბრძოლის დაწყებამდე ალექსანდრე მაკედონელის ბოლო გაჩერების ადგილად არის მოხსენიებული.
"ჩვენ დავადგინეთ ალექსანდრე მაკედონელის მიერ გავლილი ზუსტი მარშრუტი. მან დაიწყო ოზბეკის სოფლიდან, გადაკვეთა უმურბეი, ლაფსეკი და საბოლოოდ ბიგას ვაკეზე ჩავიდა", — ამბობს კორეპი.
ეს იყო პირველი ბრძოლა, რომელშიც ალექსანდრე მაკედონელმა სპარსელებზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
"ალექსანდრე პირადად ხელმძღვანელობდა თავის კავალერიას და ბრძოლის დროს მისმა ახლო მცველმა გადაარჩინა. გრანიკუსის ბრძოლა გარდამტეხი მომენტი მხოლოდ ალექსანდრესთვის არ იყო, რამაც მოგვიანებით მას "დიდის" ეპითეტი მოუტანა, არამედ ზოგადად მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მომენტად ითვლება", — აღნიშნა კორეპმა.
ალექსანდრე მაკედონელი მაკედონიის, ძველი ბერძნული სამეფოების მბრძანებელი დაახლოებით 20 წლის ასაკში გახდა და შემდგომში თავისი იმპერია თანამედროვე საბერძნეთისა და ახლო აღმოსავლეთის ნაწილებამდე გააფართოვა. თავისი მმართველობის პერიოდში, ძვ. წ. 336 წლიდან ძვ.წ. 323 წლამდე, მან გააერთიანა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები და ხელმძღვანელობდა კორინთელთა ლიგას. ის ასევე გახდა სპარსეთის, ბაბილონისა და აზიის სხვა სამეფოების მბრძანებელი. ალექსანდრე ძვ. წ. 323 წლის ივნისში, ბაბილონში სავარაუდოდ მალარიით გარდაიცვალა.
კომენტარები