მსოფლიო რეკორდი: ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც ნახევარ ტრილიონს ფლობს
ფოტო: Britannica
Forbes-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ილონ მასკის ქონებამ 500,1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესმენი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელიც ნახევარ ტრილიონს ფლობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი ხშირად მერყეობს: რეკორდული ნიშნულის მიღწევის შემდეგ მასკის ქონება ისევ შემცირდა და იმავე საღამოს 499 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა.
ამ რეკორდს მასკი უმეტესწილად Tesla-ს უნდა უმადლოდეს, თუმცა ბიზნესმენის სხვა კომპანიებმაც დიდი წვლილი შეიტანა, მათ შორის xAI-მ (ხელოვნური ინტელექტის კომპანია) და SpaceX-მა.
მასკის ქონებას ღირსეულ მეტოქეობას რამდენიმე ბიზნესმენი უწევს, მაგალითად ლარი ელისონი, რომელიც Oracle-ის დამფუძნებელია. გასულ თვეში ელისონმა მასკს გაუსწრო კიდეც, თუმცა Tesla-ს დამფუძნებელი მოწინავე პოზიციას მალევე დაუბრუნდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო დროს Tesla-ს ბევრი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის გაყიდვების შემცირება და BYD-სთან (ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანია) კონკურენცია. მეორე მხრივ, ბოლო თვეების განმავლობაში Tesla-ს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასკმა ყურადღება ისევ ბიზნესზე გადაიტანა.
ასევე იხილეთ: ევროპაში Tesla-ს გაყიდვები 49%-ით შემცირდა
ბოლო დროს მასკმა გადაწყვიტა, რომ Tesla-ს მასშტაბები გააფართოოს. ბიზნესმენს სურს, რომ კომპანია მანქანების წარმოებით აღარ შემოიფარგლოს და ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის სამყაროშიც დაიმკვიდროს სახელი. Tesla-ს საბჭომ გეგმა შეიმუშავა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კომპანია 1 ტრილიონ დოლარზე მეტს მოიგებს. ამისთვის მათ რამდენიმე მიზნის მიღწევა სჭირდებათ, მათ შორის: Tesla-ს ღირებულების 8-ჯერ გაზრდა, მილიონი რობოტის გაყიდვა და 12 მილიონი მანქანის გამოშვება.
Tesla-ს გარდა, მასკის სხვა კომპანიებიც უსწრაფესად იზრდება. საბაზრო სპეკულაციებს თუ დავუჯერებთ, xAI-ს ღირებულებამ შეიძლება მალე 200 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ცნობისთვის, ჯერ კიდევ ივლისში კომპანია 75 მილიარდად იყო შეფასებული. მასკმა კაპიტალის ზრდა უარყო, თუმცა კომპანიისადმი ინტერესი მაინც მაღალია.
SpaceX ბოლოს 400 მილიარდად იყო შეფასებული. გამოდის, იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიაა.
მასკმა ფინანსური რეკორდი სწორედ ამ ინდუსტრიებში მიღწეული წარმატებით დაამყარა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბიზნესმენი საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ დიდხანს იქნება მოწინავე პოზიციებზე.
კომენტარები