ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ წამს სივრცეში საოცარი სისწრაფით ვმოძრაობთ, ჩვენი "ტრანსპორტი" კი დედამიწაა.

პლანეტა საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო ბრუნავს, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსიდან ცენტრის გავლით სამხრეთ პოლუსზე გადის. ერთ სრულ ბრუნს 24 საათი სჭირდება, რა დროსაც დედამიწა ეკვატორის მიმდებარედ საათში დაახლოებით 1670 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ეს ყველაფერი არაა — ჩვენი პლანეტა პარალელურად მზის ირგვლივაც გადაადგილდება. ვარსკვლავის გარშემო შემოვლას ის ერთ წელიწადს ანდომებს, ამგვარი მოძრაობისას კი მისი სიჩქარე 107 000 კმ/სთ-ია.

მაშ, რატომ ვერ ვგრძნობთ ამას?

სიჩქარის მუდმივობა

გაიხსენეთ, როგორი შეგრძნებაა, როცა მოძრაობას გრძნობთ. მაგალითად, ატრაქციონზე ჯდომისას მკაფიოდ აღვიქვამთ, რომ გადავადგილდებით, რადგან ამაზე თქვენი სხეული რეაგირებს. მაშინ, როდესაც სიჩქარე და სიმაღლე მკვეთრად იცვლება, ისეთი კონტრასტი იქმნება, რომელიც შეუმჩნეველი არ გვრჩება.

ამ სიტუაციისგან განსხვავებით, დედამიწის სიჩქარე მუდმივია. დიდი ხანია, რაც ის საკუთარი ღერძისა და მზის ირგვლივ ერთი სისწრაფით ბრუნავს — არც მკვეთრად ნელდება და არც ჩერდება. მართალია, ოდნავ ოვალურ ორბიტაზე ვარსკვლავთან მიახლოებისას და დაშორებისას ის ზოგჯერ უფრო ჩქარდება და ნელდება, მაგრამ ეს ეტაპობრივად ხდება, ამიტომ შეგრძნების დონეზე ვერ ვაფიქსირებთ.

ფოტო: Wikimedia Commons

იგივე ეფექტი აქვს თვითმფრინავით მგზავრობასაც, როცა არც ტურბულენტობაა და არც ტრაექტორია იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ფრენისას ათასობით კილომეტრს მოკლე დროში ვფარავთ, ბორტზე ეს მეტწილად შეუმჩნეველია — შეგვიძლია ავდგეთ, გავიაროთ და მოვდუნდეთ. ესეც იმის შედეგია, რომ მაქსიმალური სიმაღლის მიღწევისას საჰაერო აპარატი ერთ სიჩქარეს ინარჩუნებს.

დედამიწის შემთხვევაში უცვლელობის განცდას ისიც უწყობს ხელს, რომ გარშემო ყველაფერი ჩვენთან ერთად მოძრაობს: ხეები, შენობები, ოკეანეები და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ცვლილება ან სხვაობა, რომელსაც ორგანიზმი შენიშნავს.

ადამიანი, როგორც ჭიანჭველა

წარმოიდგინეთ, რომ ხელში დიდი ზომის გასაბერი ბურთი გიჭირავთ, მის ზედაპირზე კი პაწაწინა ჭიანჭველა დაცოცავს. ჩვენსა და ამ ჭიანჭველას შორის სხვაობა ისაა, რომ დედამიწის ეკვატორი თითქმის 13 000 კილომეტრი სიგანისაა, ანუ ბევრად დიდ "ბურთზე" ვართ.

პლანეტის თანაბარი მოძრაობა მის ზედაპირზე მყოფი ჩვენნაირი პატარა არსებისთვის მუდმივი და "ნელია". ამას ისიც ემატება, რომ არ არსებობს რაიმე ისეთი ორიენტირი, რომელიც სივრცეში გადაადგილებაზე მიგვანიშნებს. მაგალითად, მანქანით მგზავრობისას ხეებსა თუ შენობებს უკან ვიტოვებთ, რითაც ვხვდებით, რომ ვმოძრაობთ.

კოსმოსში ვარსკვლავების მიმართ კი გადავადგილდებით, მაგრამ ისინი იმდენად შორსაა, რომ უძრავად მოჩანს. ამის მიუხედავად, მათ ფონზე დედამიწის სისწრაფე ათასობით კმ/სთ-ს აღწევს. რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ძალა, რომელიც ხმელეთზე გვაკავებს — გრავიტაცია. მსგავსი მიზიდულობის გარეშე ჩვენც და სხვა ყველაფერიც უბრალოდ სივრცეში გაიფანტებოდა

საიდან ვიცით, რომ დედამიწა ბრუნავს?

მართალია, ამას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ კაცობრიობამ ცაზე დაკვირვებით დიდი ხნის წინ აღმოაჩინა, რომ დედამიწა მოძრაობს.

პირველი მინიშნება დღე-ღამის მონაცვლეობაა — ჰორიზონტზე მზე დილით იმიტომ ამოდის და ჩადის, რომ ჩვენი პლანეტა მას გარს 24 საათის განმავლობაში უვლის. ასე რომ არ იყოს, ერთ ნახევარსფეროში მუდმივად დღე იქნებოდა, მეორეში კი სიბნელე დაისადგურებდა; მორიგი მინიშნება წელიწადის სეზონებია. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი ერთმანეთს იმიტომ ცვლის, რომ ღერძის გარშემო დედამიწის დახრილობის გამო ზოგი რეგიონი მეტ ან ნაკლებ მზის სხივს იღებს.

ღამით ცაზე მნათობები და თანავარსკვლავედებიც თითქოს ადგილს იცვლის და მათი მდებარეობა სეზონების მიხედვითაც განსხვავებულია. სინამდვილეში, ამ ეფექტს პლანეტის ბრუნვა და ორბიტალური მოძრაობა იწვევს.

ამ ყველაფრიდან გამოტანილი დასკვნები სატელიტებისა და ტელესკოპების მეშვეობით დადასტურდა. მეტიც — გავიგეთ, რომ არამხოლოდ დედამიწა, არამედ მზის სისტემა და თავად გალაქტიკაც მოძრაობაშია. საბოლოოდ, სამყარო იმაზე დინამიკური აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.