2025 წელს ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში სამმა მეცნიერმა მიიღო — მერი ე. ბრანკოუმ, ფრედ რემსდელმა და შიმონ საკაგუჩიმ. პრემია მათ პერიფერიულ ტოლერანტობასთან დაკავშირებული აღმოჩენებისთვის ერგოთ.

სხეულის იმუნური სისტემა ყოველდღიურად უამრავი მიკრობისგან გვიცავს, რომლებიც ჩვენს სხეულში შემოღწევას ცდილობენ. ყველა პათოგენი სხვადასხვანაირად გამოიყურება, ბევრი კი შენიღბვის მიზნით ადამიანის უჯრედებსაც დაემსგავსა. შესაბამისად, იმუნურ სისტემას გარკვეული მექანიზმი სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენსავე უჯრედებს არ დაესხას თავს.

ორგანიზმი ამას იმუნიტეტის პერიფერიული ტოლერანტობის წყალობით ახერხებს. ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატებმა იმუნური სისტემის მცველები, მარეგულირებელი T-უჯრედები, აღმოაჩინეს. ესენი იმუნურ უჯრედებს ხელს უშლის, რომ ჩვენს სხეულს დაესხას თავს.

"მათ აღმოჩენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის გასაგებად, თუ როგორ ფუნქციონირებს იმუნური სისტემა და რატომ არ გვემართება ყველას სერიოზული ავტოიმუნური დაავადებები", — აცხადებს ოლე კამპე, ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე.

შიმონ საკაგუჩიმ 1995 წელს პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა, რომელიც იმ დროში არსებულ ცოდნას ეწინააღმდეგებოდა. იმ დროს ბევრი მკვლევარი დარწმუნებული იყო, რომ იმუნური ტოლერანტობა მხოლოდ ცენტრალური ტოლერანტობის ფარგლებში ყალიბდებოდა — მხოლოდ მაშინ, როცა პოტენციურად საშიში იმუნური უჯრედები თიმუსში (მკერდუკანა ჯირკვალი) ნადგურდებოდნენ.

საკაგუჩიმ აჩვენა, რომ იმუნური სისტემა უფრო რთულადაა მოწყობილი. მან იმუნური უჯრედების მანამდე უცნობი კლასი, მარეგულირებელი T-უჯრედები (TREG), აღმოაჩინა, რომლებიც ორგანიზმს ავტოიმუნური დაავადებებისგან იცავენ.

მომდევნო მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მერი ბრანკოუ და ფრედ რემსდელი მივიდნენ 2001 წელს. მათ შეძლეს აეხსნათ, რატომ იყო თაგვების კონკრეტული ჯიში ავტოიმუნური დაავადებების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ თაგვებს მუტაცია აქვთ გენში, რომელსაც Foxp3 შეარქვეს. აჩვენეს ისიც, რომ ადამიანებში ამ გენის ეკვივალენტის მუტაცია სერიოზულ ავტოიმუნურ დაავადებას, IPEX-ს, იწვევს.

ფოტო: The Nobel Prize

აქედან ორი წლის შემდეგ შიმონ საკაგუჩიმ ამ აღმოჩენების დაკავშირება შეძლო. მან დაამტკიცა, რომ Foxp3 გენი განაგებს იმ უჯრედების განვითარებას, რომლებიც 1995 წელს აღმოაჩინა. ეს მარეგულირებელი T-უჯრედები სხვა იმუნურ უჯრედებს აკონტროლებს და უზრუნველყოფს, რომ ისინი ჩვენს ქსოვილებს არ დაესხას თავს.

ლაურეატთა აღმოჩენებმა პერიფერიული ტოლერანტობის სფეროს დაუდო საფუძველი; ამან კიბოსთვის და ავტოიმუნური დაავადებებისთვის მედიკამენტების შექმნაც დააჩქარა. შესაძლოა, აღმოჩენების წყალობით ტრანსპლანტაციის პროცესები უფრო წარმატებული გავხადოთ. რამდენიმე მსგავს მეთოდზე ამჟამად კლინიკური კვლევები ტარდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.