კვლევის თანახმად, აუტიზმის საწყისები ადამიანთა გონებრივ განვითარებას უკავშირდება
ფოტო: Gemini Studio/Canva
მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში ივარაუდეს, რომ ადამიანებში აუტიზმი და შიზოფრენია ჩვენი გონებრივი განვითარების ხელშემწყობ გენეტიკურ ცვლილებებს უკავშირდება. გამოდის, რომ უნიკალური ცნობიერების ჩამოყალიბებამ ნეირობიოლოგიურად (ტვინის ფუნქციონირების მხრივ) მეტად მრავალფეროვანი გაგვხადა.
აუტიზმი და შიზოფრენია — ორივე ნეიროგანვითარებითი მდგომარეობაა, რომელიც დადებით გავლენასაც მოიაზრებს (მაგ. მომატებული შემოქმედებითობა) და უარყოფითსაც. კვლევაში მეცნიერები ამასთან ასოცირებულ რაიმე ინტელექტუალურ სხვაობაზე არ საუბრობენ. ისინი მხოლოდ გენებს ახსენებენ, რომლებმაც გონების განვითარებასთან ერთად, შესაძლოა, აუტისტური და შიზოფრენიული ნიშნების ჩამოყალიბების შანსებიც გაზარდა.
სხვა პრიმატებში ასეთი ნიშნები ძალიან იშვიათია, ამიტომ ავტორებმა იფიქრეს, ხომ არ აქვს ამას გენეტიკური მიზეზი. მათ თაგვების, მარმოსეტების, მაკაკა-რეზუსების, გორილების, შიმპანზეებისა და ადამიანების ტვინის სამი რეგიონის მილიონზე მეტი უჯრედის რნმ შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე გავრცელებული ნეირონები სახეობათა შორის გენეტიკურად მეტწილად უცვლელია. ერთადერთი გამონაკლისი ე.წ. 2/3 ფენის ინტრატელენცეფალური აღმგზნები ნეირონებია, რომლებიც ევოლუციის განმავლობაში ადამიანებში უფრო სწრაფად შეიცვალა, ვიდრე დანარჩენ პრიმატებში.
ეს უჯრედები ტვინის ნეოკორტექსის ნაწილში მდებარეობს. ის ისეთ მნიშვნელოვან პროცესებშია ჩართული, როგორიც აზროვნება, მსჯელობა და მეტყველებაა. მისი შემადგენელი ნეირონების სწრაფი ტრანსფორმაცია სწორედ იმ გენების ცვლილებას უკავშირდება, რომლებიც აუტიზმთან და შიზოფრენიასთანაა ასოცირებული.
ფიქრობენ, რომ შეიძლება აღნიშნული გენები ჩვენს წინაპრებს კომპლექსურ აზროვნებასა და მეტყველებაში დახმარებოდა. გამოდის, რომ ამან მკაფიო უპირატესობები მოგვანიჭა, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთი ნეიროგანვითარებითი მდგომარეობის შანსები გაზარდა. ევოლუციამ თითქოს "ძალები დააბალანსა".
მეცნიერები მაინც ამბობენ, რომ ამ საკითხის სიღრმისეულად გამოკვლევაა საჭირო, რათა სელექციური პროცესის შესახებ მეტი გავიგოთ. კვლევა თანხმობაშია იმასთანაც, რომ აუტიზმს ძირითადად გენეტიკური საწყისები აქვს. მემკვიდრეობითი ხასიათით გამოირჩევა შიზოფრენიაც.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Molecular Biology and Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები