ცნობილი ფაქტია, რომ ქალები კაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, რაც სტატისტიკურად თითქმის ყველა ქვეყანასა და ისტორიულ პერიოდზე ვრცელდება. მდედრებსა და მამრებს შორის ეს განსხვავება სხვა სახეობებშიც ფიქსირდება, მაგრამ რა განაპირობებს ამას?

ახალი კვლევა პასუხთან გვაახლოებს და მიანიშნებს, რომ ეს ევოლუციასთან მჭიდრო კავშირშია. ავტორებმა ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ანალიზის ფარგლებში 1176 სახეობის დამწყვდეული წარმომადგენლები შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ მდედრი ძუძუმწოვრები მამრებზე საშუალოდ 12%-ით დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ ფრინველებში პირიქითაა და სხვაობა 5%-ს შეადგენს.

ამის ერთ-ერთი გავრცელებული ახსნა ე.წ. ჰეტეროგამეტური სქესის ჰიპოთეზაა, რომელშიც მთავარ როლს სასქესო ქრომოსომები ასრულებს. ძუძუმწოვრებში მდედრებს ძირითადად ორი X ქრომოსომა აქვთ, მამრებს კი თითო-თითო X და Y (ჰეტეროგამეტური). ზოგი მტკიცებულება მიუთითებს, რომ პირველ კომბინაციას საზიანო მუტაციებისგან დაცვა შეუძლია და გადარჩენის შანსებს ზრდის. რაც შეეხება ფრინველებს, მათში ჰეტეროგამეტური ქრომოსომები მდედრებში გვხვდება და არა მამრებში.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შესწავლილი ძუძუმწოვრების 72%-ში სიცოცხლის ხანგრძლივობის უპირატესობით მდედრები სარგებლობდნენ, ხოლო ფრინველების 68%-ში — მამრები. ეს ზემოხსენებულ ჰიპოთეზას შეესაბამება. ამის მიუხედავად, ორივე კატეგორიის სახეობებში სქესობრივი სხვაობების ვარიაციები შესამჩნევი იყო, ანუ სასქესო ქრომოსომები მხოლოდ ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

ფოტო: Getty Images

მკვლევრები საკითხს უფრო ღრმად ჩაეძიენ და ცხოველთა რეპროდუქციული სტრატეგიებიც გააანალიზეს. ხშირად მამრებში ისეთი მახასიათებლები ვითარდება (კაშკაშა ფერები, მოზრდილი სხეული), რომლებიც მათ წარმატებით შეჯვარებაში ეხმარება, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს. შენიშნეს, რომ პოლიგამიურ ძუძუმწოვრებში, რომლებშიც დიდი კონკურენციაა, მამრები მდედრებზე ადრე იხოცებიან; ფრინველებში, რომლებიც მეტწილად მონოგამიურები არიან და ნაკლები კონკურენციის პირობებში არსებობენ, მამრების სიცოცხლეც უფრო ხანგრძლივია.

პოლიგამიურია ცხოველი, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში ბევრი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს. ამის საპირისპიროდ, მონოგამიურ ცხოველებს ნაკლებ პარტნიორთან აქვთ ურთიერთობა — მაგალითად, ზოგი ფრინველი შეჯვარების სეზონზე მხოლოდ ერთ ინდივიდს ირჩევს და მასთან წყვილდება.

ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, პოლიგამია და სხეულის ზომის მნიშვნელოვანი განსხვავება მდედრებში მეტ პრივილეგიასთან დააკავშირეს. ისიც დადგინდა, რომ ნაშიერების გაზრდაში მეტად მონაწილე სქესის წარმომადგენლები (ძუძუმწოვრებში ძირითადად მდედრები არიან) უფრო დიდხანს ცოცხლობენ. პრიმატებში ეს ევოლუციური უპირატესობა შეიძლება იყოს. კერძოდ, მდედრები იქამდე ცოცხლობენ, სანამ მათი ნაშიერები საკმარისად დამოუკიდებლები ან სქესობრივად მომწიფებულები გახდებიან. ამით სახეობის არსებობის გაგრძელების შანსები იზრდება

ყველა შესწავლილი ცხოველი ზოოპარკში ცხოვრობდა, სადაც ისინი გარემოს სტრესორებისგან (მკაცრი კლიმატი, საკვების ნაკლებობა, მტაცებლები) დაცულები არიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დიდხანს მიიჩნეოდა, რომ სწორედ ეს ფაქტორები იწვევდა სქესთა შორის სიცოცხლის არათანაბარ ხანგრძლივობას. ზოოპარკებში მსგავსი სხვაობა შემცირებულია, მაგრამ მაინც ნარჩუნდება.

იგივე შეიძლება ითქვას ადამიანებზე — სამედიცინო მიღწევებისა და სასიცოცხლო პირობების გაუმჯობესების მიუხედავად, ქალები მაინც კაცებზე დიდხანს ცოცხლობენ. ეს შიმპანზეებსა და გორილებშიც შეინიშნება, რაც მსგავსი ფენომენის ევოლუციურ ფესვებზე მიუთითებს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.