კადრზე აღბეჭდეს, როგორ ანადგურებს ანტიბიოტიკი ბაქტერიას — ნახეთ
ფოტო: Imperial College London
მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სურათები, რომლებშიც დეტალურად ჩანს, როგორ ანადგურებს პოლიმიქსინის ტიპის ანტიბიოტიკები ბაქტერიებს. ეს პრეპარატები დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების მემბრანას აზიანებს და მათ შიგნით აღწევს.
პოლიმიქსინები მკვლევრებმა ნაწლავის ჩხირებზე გამოცადეს. კადრებში ჩანს, როგორ იცვლება მათი უჯრედული სტრუქტურა ანტიბიოტიკის გავლენით, კერძოდ უსწორმასწორობები და ამოზნექილი უბნები შეინიშნება. ამის შემდეგ მიკრობს გარე მემბრანა სცილდება და მედიკამენტს გზა უთავისუფლდება.
ნაწლავის ჩხირი გრამუარყოფითი ბაქტერიების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა უჯრედული კედელიც ორ მემბრანას შორისაა მოქცეული. ორგანიზმში მოხვედრისას მათ ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ და ზოგჯერ ანტიბიოტიკების მიმართ ამტანები, ანუ რეზისტენტულები, ხდებიან. პოლიმიქსინებს სწორედ ასეთი მიკრობების განადგურება შეუძლია.
ამ ანტიბიოტიკების მოქმედების მექანიზმი გრამუარყოფითი ბაქტერიების ორი მემბრანიდან ყველაზე გარეთას მიზანში ამოღებაა, რადგან იგი ერთგვარი ჯავშნის ფუნქციას ასრულებს. ის, თუ როგორ აღწევს პრეპარატი შიგნით, გაურკვეველი იყო. ახლა მეცნიერებმა აღნიშნული პროცესის ამსახველი სურათები რეალურ დროში გადაიღეს, რისთვისაც ატომური ძალის მიკროსკოპი გამოიყენეს. ეს მეთოდი ბაქტერიის ზემოდან სპეციალური ნემსის მიახლოებასა და დაშორებას გულისხმობს, რათა მათი ფორმა დეტალურად აღიბეჭდოს.
ამან ავტორებს იმის გადაღების საშუალება მისცა, თუ როგორ შეიცვალნენ მიკრობები ანტიბიოტიკის ზემოქმედების შედეგად. კადრებში ჩანს, რომ ნაწლავის ჩხირების მემბრანაზე მალევე გაჩნდა პაწაწინა ამობურცულობები, რომელთა ზრდამაც "ჯავშანი" გაარღვია. დარჩენილ ნაპრალებში ანტიბიოტიკმა შეაღწია და უჯრედები დახოცა.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიმიქსინები მხოლოდ ისეთ ბაქტერიას ესხმის, რომელიც აქტიურად იზრდება და მიძინებული არაა. მსგავს პასიურ მდგომარეობაში გადასვლა მიკრობებში გავრცელებულია — ისინი ასე წლობით ძლებენ საკვების, გარე მემბრანის ზრდისა და გამრავლების გარეშე. ახლა მეცნიერებს სურთ, რომ ამგვარი მიძინებული მიკროორგანიზმების განადგურების გზასაც მიაგნონ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Microbiology გამოქვეყნდა.


კომენტარები