ნეპტუნზე ალმასები შეიძლება წვიმდეს და მეცნიერებს ამის ამხსნელი ჰიპოთეზა აქვთ
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნეპტუნისა და ურანის სიღრმეებში, შესაძლოა, ალმასების წვიმა მოდიოდეს. ახლა კი, მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების წყალობით, შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს.
ჰიპოთეზის თანახმად, ზედაპირის ქვეშ ათასობით კილომეტრის სიღრმეში არსებული ინტენსიური მაღალი ტემპერატურა და წნევა ნახშირწყალბადის ნაერთებს შლის. შედეგად, ნახშირბადი ალმასად კომპრესირდება და კიდევ უფრო ღრმად, პლანეტური ბირთვის მიმართულებით ჩადის.
"ეს კვლევა მონაცემებს იმ ფენომენზე გვთავაზობს, რომლის კომპიუტერული მოდელის შექმნა ძალიან რთულია: ორი ელემენტის შერევადობაზე", — განაცხადა ფიზიკოსმა მაიკ დუნმა.
ნეპტუნი და ურანი მზის სისტემის პლანეტებს შორის ყველაზე ნაკლებად არიან შესწავლილნი. ისინი იმდენად შორს არიან, რომ მათთან ახლოს ერთადერთი ხომალდი, Voyager 2 ყოფილა, თუმცა მხოლოდ დროებით და არა ხანგრძლივი მისიით.
ჩვენ ვიცით, რომ ნეპტუნისა და ურანის ატმოსფეროები ძირითადად წყალბადისგან და ჰელიუმისგან შედგებიან, ხოლო ცოტა ოდენობით გვხვდება მეთანიც. ამ ატმოსფერული ფენების მიღმა წყლის, მეთანის და ამიაკის ძალიან ცხელი, მასიური სითხე პლანეტების ბირთვს ეკვრის. ექსპერიმენტებმა და გამოთვლებმა აჩვენა, რომ საკმარის წნევასა და ტემპერატურაზე მეთანი, შესაძლოა, პატარა ალმასებად დაიშალოს.
გაზის გიგანტების ინტერიერის მოდელის დედამიწაზე შექმნა საკმაოდ რთულია. ამისთვის სპეციფიკური აღჭურვილობაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია ნივთიერებები, რომლებიც პლანეტებზე არსებულ ნაერთებს იმეორებს. ამისთვის გუნდმა მეთანის მაგივრად პოლისტიროლი გამოიყენა.
იმისთვის, რომ ნეპტუნის შიგნით 10 ათასი კილომეტრის სიღრმეზე არსებული პირობები გაემეორებინათ, არსებული ნივთიერება გააცხელეს და წნევა გაზარდეს.
"ჩვენ დაახლოებით 1,5 მილიარდი ბარის წარმოქმნა შევძელით, ეს 250 აფრიკული სპილოს წონის მიერ წარმოქმნილი წნევის ტოლფასია", — განაცხადა კვლევის ავტორმა დომინიკ კრაუსმა.
ამ ექსპერიმენტში გუნდმა რენტგენის სხივები გამოიყენა — სხივების მიერ პოლისტიროლში არსებული ელექტრონების მიმოფანტვა გაზომეს. ამან მათ საშუალება მისცა, რომ ნახშირბადის ალმასად გადაქცევის პროცესს დაკვირვებოდნენ და მასთან ერთად — ნარჩენ ნივთიერებებსაც.
"ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ნახშირბადი ალმასს გაყოფის დროს ქმნის და თხევად ფორმას არ იღებს", — თქვა კრაუსმა.
ნეპტუნი იმაზე უცნაურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: მისი ინტერიერი იმაზე ცხელია, ვიდრე წესით უნდა იყოს და ასევე, იმაზე მეტ ენერგიას გამოყოფს, ვიდრე მზისგან შთანთქავს.
თუკი პლანეტაზე ალმასები წვიმს, ისინი გრავიტაციულ ენერგიას გამოათავისუფლებენ, რომელიც შემდეგ ალმასებსა და მათ გარშემო არსებულ ნივთიერებებს შორის წარმოქმნილი ხახუნის მეშვეობით სიცხედ გარდაიქმნება.
"ეს ტექნიკა ისეთ საინტერესო პროცესებზე დაკვირვებაში დაგვეხმარება, რომლებიც სხვა დროს რთული შესაქმნელია. მაგალითად, ჩვენ შეგვეძლება ვნახოთ იუპიტერისა და ნეპტუნის ატმოსფეროში არსებული წყალბადი და ჰელიუმი როგორ ირევა და იყოფა მსგავსი ექსტრემალური პირობების დროს ", — განაცხადა კრაუსმა.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები