პანდემიის პირობებში ბავშვებს ფსიქიკური პრობლემები უყალიბდებათ — კვლევა
პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვებს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები უყალიბდებათ, მათ შორის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) — ვკითხულობთ ბავშვთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის, The Childhood Trust, მოხსენებაში.
მშობლებლებისა და საყვარელი ადამიანების ინფიცირებით გამოწვეულ შფოთვას ამწვავებს თვითიზოლაცია და არაჯეროვანი კვებაც. ყველაზე მოწყვლად ჯგუფში მყოფ ბავშვებს ასევე არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, რის გამოც მათი ნაწილი დისტანციური სწავლების მიღმა დარჩა. მასწავლებელთა აზრით, ეს კლასელებს შორის არსებულ უთანასწორობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.
ამგვარ მოცემულობაში ბავშვებს არ აქვთ საშუალება, გაიარონ მათთვის საჭირო ონლაინ-თერაპია და გეგმიური სამედიცინო შემოწმება. მასწავლებლებთან და ექიმთან კონტაქტის დეფიციტის პირობებში, შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩეს ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ნიშნები, რაც ბავშვთა სიცოცხლეს დამატებითი რისკის ქვეშ აქცევს.
ბავშვები მშობლების ჯანმრთელობაზე ნერვიულობენ
The Childhood Trust-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლორენს გინესის თქმით, ბევრ ბავშვს კორონავირუსისა და სიკვდილის შესახებ ძალიან "ცხადი კოშმარები ესიზმრება". შესაძლოა, ეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა)-ს მიერ იყოს გამოწვეული.
პატარებზე მნიშვნელოვნად ფსიქოლოგიურ გავლენას ყოველდღიურად სიკვდილიანობის სტატისტიკის მოსმენაც ახდენს. ეს მათ აიძულებს, თავიანთი მშობლებისა და მეგობრების ჯანმრთელობაზე განუწყვეტლივ ინერვიულონ. დროთა განმავლობაში ბავშვები ამ ყველაფრის ინტერნალიზებას ახდენენ, რასაც საბოლოოდ ფსიქიკური ჯანრთელობის დარღვევამდე მივყავართ.
მოხსენება იზიარებს ბეთის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგის, ექიმ მარია ლოუდსის მოსაზრებას, რომელიც საკარანტინე პირობების უარყოფით გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი შეხედულებით, პტსა-ს მსგავსად, იზრდება დეპრესიისა და შფოთვის რისკებიც.
დაწყებითი სკოლის დირექტორი, პედაგოგი გალიემა ამიენ-კლოეტი, BBC-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მშობლების კორონავირუსზე შფოთვა პირდაპირ გადაეცემათ ბავშვებსაც. ყოველდღიური რუტინის მოშლა, კლასელებთან და მეგობრებთან ფიზიკური კონტაქტის გაქრობა პატარებზე მძიმე გავლენას ახდენს.
"დედა მოკვდება, ის სახლში ვეღარ დაბრუნდება", — ფიქრობდა მოზარდი გოგო ყოველ დილით, დედის სამსახურში წასვლის შემდეგ. მოხსენებაში მრავლად არის აღწერილი ბავშვების ასეთი შიშები.
განსაკუთრებით მოწყვლადები ის ბავშვები აღმოჩნდნენ, რომელთა მშობლებიც პანდემიის დროს შეუცვლელ სამსახურებში მუშაობდნენ. მათი უმეტესობა ვირუსით ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში შედიოდა, რაც მათი შვილების ემოციური მდგრადობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. როგორც მოხსენებიდან ვიგებთ, პატარები განუწყვეტლივ ღელავდნენ თავიანთი მშობლების ჯანმრთელობაზე.
The Childhood Trust ბავშვთა პრობლემებზე მომუშავე 200-მდე საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. მოხსენებაში მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იმ ბავშვებს, რომელთაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქამდეც აღენიშნებოდათ. როგორც აღმოჩნდა, პანდემიამ მათი უმრავლესობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა.
კარანტინის პირობებში რეაბილიტაციის ცენტრებმა და ფსიქიკური მხარდაჭერის ჯგუფებმა ონლაინ-რეჟიმში დაიწყეს ფუნქციონირება. თუმცა, ამ ყოველივესთან ადაპტირება რთული აღმოჩნდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ლორენს გინესის აზრით, ამ მიმართულებით ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები აღმოჩნდნენ. ზოგიერთი მშობლის აზრით, პანდემიის გამო მოშლილმა სარეაბილიტაციო თერაპიამ მათი შვილების განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა, ზოგიერთ შემთხვევა კი საგულისხმოდ უკან დასწია.
დასასრულამდე ჯერ კიდევ შორია
პანდემიის მიმდინარეობამ განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, რომლებიც მოძალადე ოჯახის წევრებთან აღმოჩნდნენ ჩაკეტილნი. ეს დანაშაულის სტატისტიკაზეც აისახა.
The Childhood Trust ასევე მიუთითებს პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად ალკოჰოლის გაყიდვის ზრდაზეც — მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 21%-ით არის გაზრდილი. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, 2,6 მილიონი ბავშვი ალკოჰოლის ბოროტად მომხმარებელ მშობელთან ერთად ცხოვრობს, ხოლო 705 ათასი კი — ალკოჰოლდამოკიდებულთან.
"ბავშვები და მოზარდები მავნე ნივთიერების მომხმარებელ ოჯახის წევრებზე ზრუნავენ. მათ ფიზიკურ თუ ფსიქიკური ჯანმრთელობაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და სასკოლო მიღწევებზე COVID-19-ის თანმდევმა კარანტინმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია", — ვკითხულობთ მოხსენებაში. შესაძლოა, ეს მასწავლებლებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან ფიზიკური კონტაქტის დეფიციტის ბრალიც იყოს — ისინი ამ სახის პრობლემების ამოცნობაში კარგად არიან გაწაფულნი.
გალიემა ამიენ-კლოეტის აზრით, პანდემიის დასრულების შემდგომაც კი უარყოფითი ეფექტებს მთელ თაობაზე ექნება გავლენა.
კომენტარები