სატურნის თანამგზავრ ტიტანზე დამშრალი ტბები იპოვეს
2000-იანი წლების დასაწყისში ასტრონომებმა სატურნის თანამგზავრ ტიტანზე ნათელი წერტილები შენიშნეს — თითოეული მათგანი, დაახლოებით, 5 ათასი კილომეტრი სიგანის. დიდი ხნის განმავლობაში მკვლევრები ცდილობდნენ დაედგინათ, იყო თუ არა ეს წერტილები მთვარეზე ტბებისა ან ზღვების არსებობის დამამტკიცებელი საბუთი.
ახალი კვლევის მიხედვით კი, ეს წერტილები ოდესღაც არსებული ტბებისგან შემორჩენილი ნაწილებია. ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ტიტანზე სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია.
"ტიტანი ამჟამად დედამიწის გარდა ერთადერთი ადგილია სამყაროში (რომელიც ჩვენთვის ცნობილია), სადაც ვიცით, რომ მასზე სითხე არსებობს", — განაცხადა NASA-ს მეცნიერმა და კვლევის ხელმძღვანელმა ჯეისონ ჰოფგარტნერმა.
ტიტანი ჩვენს სისტემაში სიდიდით მეორე თანამგზავრია და იგი დიდი ხანია, რაც ასტრონომებში აღფრთოვანებას იწვევს. NASA-ს ხომალდმა Cassini-მ, რომელის სატურნს იკვლევდა, აღმოაჩინა, რომ ტიტანს ამინდის აქტიური სისტემა აქვს. თუმცა თანამგზავრზე წყლის მაგივრად მეთანისა და ეთანის წვიმები მოდის, მაგრამ მხოლოდ ძალიან იშვიათად.
მეცნიერებისთვის კიდევ ერთ საინტერესო მოვლენას ის წარმოადგენს, რომ სითხეებისგან ამოვსებული აუზები თანამგზავრის პოლუსებზეა კონცენტრირებული და არა ცენტრალურ რეგიონში.
ახლა კი NASA-ს გუნდის ამბობს, რომ ის უცნაური ანარეკლები, რომლებიც მიღებულ მონაცემებში გამოჩნდა, მხოლოდ დამშრალი ტბებით შეიძლება აიხსნას. ჰოფგარტნერის თქმით, შესაძლოა, რომ სითხე ეკვატორიდან პოლუსებისკენ ტიტანზე არსებული მეთანის ციკლის ფარგლებში მოგზაურობდეს.
თუმცა ზუსტი პასუხებისთვის საჭიროა, რომ ტიტანის საიდუმლოებებით მოცული ლანდშაფტის შესახებ უფრო მეტი რამ გავიგოთ. აღსანიშნავია, რომ NASA Dragonfly მისიის ფარგლებში 2034 წლისთვის ტიტანზე დრონის მსგავსი ხომალდის გაშვებას გეგმავს
სამწუხაროდ, იგი დამშრალი ტბების რეგიონს არ ეწვევა, თუმცა ტიტანის შესახებ ბევრად მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.
კვლევა 16 ივნისს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები