რა მოხდებოდა, მსოფლიოში კარანტინი რომ არ გამოცხადებულიყო — კვლევა
წარმოვიდგინოთ სცენარი, რომელშიც სახელმწიფოებს კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ კარანტინი არ გამოუცხადებიათ: კვლევათა მიხედვით, არსებობს იმის დიდი შანსი, რომ ასეთ შემთხვევაში დღეისთვის COVID-19-ით ასობით მილიონ ადამიანზე მეტი იქნებოდა ინფიცირებული.
ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ლაბორატორიის მკვლევრებმა ის 1,700-ზე მეტი საპრევენციო ზომა გააანალიზეს, რომელიც ექსვმა ქვეყანამ, აშშ-მ, ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, იტალიამ, საფრანგეთმა და ირანმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღეს. შესწავლილ შეზღუდვებს შორის იყო მოგზაურობის აკრძალვა, სკოლების დახურვა, რელიგიური ცერემონიების შეჩერება, ღონისძიებების გაუქმება და თვითიზოლირება.
მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ აშშ-ში მოქალაქეთა გადაადგილებისა და კონტაქტის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მარტიდან 6 აპრილამდე თითქმის ყოველ ორ დღეში გაორმაგდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეისთვის ქვეყანაში 60 მილიონზე მეტი დაავადებული შეიძლებოდა ყოფილიყო (აშშ-ში ამ დროისთვის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული).
საკარანტინო ზომები ჩინეთში კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ქვეყანაში 16 იანვრიდან 5 მარტამდე მიღებულმა ზომებმა 285 მილიონი ადამიანი დაიცვა ინფექციის შეყრისგან. ოფიციალური ცნობით, ჩინეთში დღეისთვის, დაახლოებით, 83 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყნის მასშტაბით თავდაპირველი შეზღუდვები ვირუსის გაჩენის ეპიცენტრს, უხანს შეეხო. მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, 23 იანვარს უხანის კარანტინში მოქცევამ ჰუბეის პროვინციაში ათობით ათასი ადამიანი დაიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზომების მიუღებლად დაავადების შემთხვევები 65 პროცენტით გაიზრდებოდა.
ამავე კვლევის მიხედვით, საკარანტინო შეზღუდვებმა ირანში 54 მილიონი, იტალიაში 49 მილიონი, საფრანგეთში 45 მილიონი, ხოლოდ სამხრეთ კორეაში 38 მილიონი ადამიანი დაიცვა ვირუსისგან.
"პანდემიის შესანელებლად მიღებულმა ზომებმა ამ ექვს ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო", — წერენ მკვლევრები, — "თუმცა შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეფერხებებმა, სავარაუდოდ, დრამატულად განსხვავებულ შედეგებამდე მიგვიყვანეს".
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ქვეყნებში, რომლბმაც ჩინეთის მსგავსად მალევე მიიღეს საკარანტინო ზომები, დღეს მდგომარეობა სტაბილურია; მაშინ, როცა აშშ-სა და იტალიაში ზომების დაგვიანებულად მიღების შედეგად, დიდი ალბათობით, მრავალი ისეთი ადამიანი შეეწირა ვირუსს, რომელთა გადარჩენაც წესების დროულად შემოღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ აშშ ინფიცირების 645 ათას შემთხვევას და 36 ათასი ადამიანის სიკვდილს აიცილებდა თავიდან, თუკი კარანტინი ერთი ან ორი კვირით ადრე დაწესდებოდა.
იტალიაში მკვლევართა გუნდმა ახლახანს გამოიანგარიშა, რომ ქვეყანაში შემოღებულმა კარანტინმა 21 თებერვლის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 25 მარტამდე 200 ათასი ადამიანი დაიცვა ჰოსპიტალიზაციისგან.
ლონდონის საიმპერიო კოლეჯის კვლევის თანახმად კი, მარტიდან 4 მაისამდე ევროპის 11 ქვეყანაში მიღებულმა საკარანტინო ზომებმა 3.1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ამ 11 ქვეყნიდან სიკვდილის ყველაზე მეტი, 690 ათასი და 630 ათასი შემთხვევის თავიდან აცილება საფრანგეთმა და იტალიამ შეძლეს. გერმანიაში, სადაც მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებს შეეყარა ვირუსი, ეს რიცხვი 560 ათასია. ესპანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელია ხუთია, ხოლო კარანტინით გადარჩენილ ადამიანთა რაოდენობა თითო ქვეყანაში 400 ათასია.
ამავე კვლევის მიხედვით, დანიაში 34 ათასი, შვედეთში 26 ათასი, ხოლო ნორვეგიაში 12 ათასი ადამიანი იხსნა კარანტინმა. შვედეთში დღეისთვის მოსახლეობის 3 პროცენტია ინფიცირებული, დანიაში 1 პროცენტი, ნორვეგიაში კი 0.5 პროცენტი.
საბოლოო ჯამში, მკვლევრები ასკვნიან, რომ კარანტინმა ვირუსის გავრცელების დინამიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. თერთმეტივე ქვეყანაში დღეისთვის ერთი პაციენტის კვლავწარმოებითი მაჩვენებელი (იმ ადამიანთა საშუალო რაოდენობა, რომელსაც დაავადებული აინფიცირებს), 1-ზე დაბალია. ეს კი იმის ნიშანია, რომ თითოეული სახელმწიფოს შიგნით ეპიდემია გაკონტროლებულია.
"ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი ზომებით ევროპაში ვირუსის შეჩერება მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდება", — წერენ მკვლევრები, — "თუმცა თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, ოპტიმიზმის საფუძველიც გვექნება".
კომენტარები