WHO-ს მიხედვით, ნაჭრის დამცავი ნიღაბი სამი ფენისგან უნდა შედგებოდეს
WHO-ს მიერ გამოქვეყნებული განახლებული გზამკვლევის მიხედვით, ისეთ გარემოში, სადაც ფიზიკური დისტანციის დაცვა რთული ან შეუძლებელია, სახლში დამზადებული ან შეძენილი ნაჭრის დამცავი ნიღბები ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად ეფექტიანი შეიძლება იყოს.
გზამკვლევში დეტალურადაა განხილული, თუ კონკრეტულად როგორი ტიპის ნაჭრის ნიღბის ტარებაა ეფექტიანი. კვლევის მიხედვით, ნიღაბს სამი ფენა უნდა ჰქონდეს: შიდა, რომელიც შთანთქვაზე იქნება პასუხისმგებელი; შუა ფენა, რომელიც ფილტრის როლს შეასრულებს; და გარეთა ფენა, რომელიც არაშთანთქმადი ნივთიერებისგან, მაგალითად, პოლიესტერისგან იქნება დამზადებული.
ეპიდემიოლოგ მარია კერკჰოვეს თქმით, ფენების მსგავს განლაგებას ბარიერის შექმნა და უსაფრთხოების უზრუნვეყოფა შეუძლია.
ასევე, მნიშვნელოვანია ნიღბების სწორად გასუფთავებაც, რადგან დაბინძურებული ხელებით ნიღბის შესწორებით ან მისი ხშირი მოხსნითა და გაკეთებით, შესაძლოა, პიროვნება დაინფიცირდეს.
დეტალები ნიღბების გასუფთავებასა და მათ სწორ ტარებასთან დაკავშირებით სულ მალე გამოქვეყნდება.
ახალი გზამკვლევის მიხედვით, სამედიცინო პერსონალმა ნიღბები იმ შემთხვევაშიც უნდა ატარონ, როდესაც შეხება COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან არ აქვთ.
სახელმძღვანელოში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა რთულია (ტრანსპორტი ან ბაზრობები), ადამიანებმა ნიღბები აუცილებლად უნდა ატარონ.
კომენტარები