2020 წლის მაისში ციმბირში ტემპერატურამ 10 გრადუსით მოიმატა
ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, წელს ყველაზე თბილი მაისი დაფიქსირდა, ციმბირში კი ტემპერატურამ 10 გრადუსით აიწია.
კლიმატის ცვლილებების სამსახურის თქმით, 2020 წლის მაისი 1981-დან 2010 წლამდე არსებულ საშუალო მაჩვენებელზე 0,63 გრადუსით მაღალია. ხოლო ციმბირი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უჩვეულოდ თბილია.
ციმბირისა და ალიასკის ტერიტორიებზე სითბური ტალღები განსაკუთრებით იმ რეგიონებში იქნება საგანგაშო, სადაც გასულ წელს რეკორდული სიცხის გამო ტყის ძალიან დიდი ნაწილი დაიწვა. მონიტორინგის სააგენტოს თქმით, მარტისა და მაისის პერიოდში ციმბირში ანომალიურად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა — 1981-დან 2010 წლამდე არსებულ საშუალო ტემპერატურაზე ათი გრადუსით მეტი.
ხოლო ევროპის ნაწილებში სკანდინავიიდან ბალკანეთამდე, ავსტრალიაში, სამხრეთ აზიასა და შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში მაისი საშუალოზე ცივი იყო.
ასევე აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან წიაღისეული საწვავის წვის გამო ერთი გრადუსით გაიზარდა, არქტიკის რეგიონში კი ორი გრადუსით.
ამან გრენლანდიის სქელი ყინულის დნობა დააჩქარა, შედეგად კი ერთ წელიწადში ყინულის 600 მილიონი ტონა დაიკარგა, რასაც თავის მხრივ 2019 წელს ზღვის დონის მატება მოჰყვა. ასევე აღსანიშნავია, რომ მრავალწლოვანი მზრალობა რუსეთისა და კანადის ტყეებში 1,5 ტრილიონ ტონა ნახშირორჟანგს შეიცავს, რაც ამჟამინდელ წლიურ დაბინძურებაზე დაახლოებით 40-ჯერ მეტი ოდენობისაა.
გასულ წელს გაეროს განცხადებით, ადამიანის მიერ გამოწვეული სათბურის აირების ემისიები 7,6 პროცენტით უნდა დაეცეს, რათა მომავალ ათწლეულში გლობალური დათბობა შეჩერდეს.
კომენტარები